ხალხური ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალი “Art-გენი 2019” (ArtGene 2019) მეთექვსმეტედ დაიხურა. 2019 წელს, ფესტივალი პირველად ესტუმრა ახმეტას. წლევანდელი ფესტივალი გამორჩეული იყო პრემიერებითა და დებიუტანტების სიმრავლითაც. “Art-გენი” ახალგაზრდა შემსრულებლებს აძლევს საშუალებას ქართველი მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებით წარდგნენ და საკუთარი შესაძლებლობები რეალურ დროში, რეალურ ადგილას წარმოადგინონ, მთავარი შეფასება კი, მაყურებელისგან მიიღოს.

ფესტივალი რეგიონული ტურნეთი, 16 ივნისს გაიხსნა, პირველი კონცერტი ახმეტაში გაიმართა, 22 ივნისს კი აჭარაში გადაინაცვლა. რეგიონული ტურნე 28 ივნისს იმერეთში დასრულდა. თბილისში, ფესტივალი ტრადიციულად ეთნოგრაფიის მუზეუმში 7 ივლისს გაიხსნა და 14 ივლისს ნიაზ დიასამიძისა და “სუხიშვილების” კონცერტით დასრულდა.

თბილისის ტური დათო ევგენიძის კონცერტით გაიხსნა. “აკუსტიკის” კონცერტის ფარგლებში ფესტივალის სცენა დაეთმო Salio-ს, Bear fox-ს და Lua-ს. 8 ივლისს ფესტივალის პროგრამა Asea Sool და ბაკურ ბურდულმა განაგრძო, 9 ივლისს – REGGAEON-მა, 10 ივლისს ჯგუფმა “ჩვენებურებმა” და ლელა ნაყეურმა. გაიმართა “ჰოროლის” ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი გამოსვლაც. 11 ივლისს “Art-გენის” სცენა ჯგუფ “ფრანს” დაეთმო. 12 ივლისს “Art-გენის” მაყურებელის წინაშე ნინო ქათამაძე წარდგა. ერთი კვირის განმავლობაში საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს სამცხე-ჯავახეთის, შიდა და ქვემო ქართლის, გურიის, კახეთის, თუშეთის, პანკისის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სვანეთის, სამეგრელოს, აჭარის შემოქმედებითმა ჯგუფებმა.

14 ივლისს, ფესტივალი ორიგინალურად, წვიმის თანხლებით დაიხურა. საქართველოს ეროვნულმა ბალეტმა – “სუხიშვილებმა”, წინა წლების მსგავსად, მაყურებელს ექსპერიმენტული პროგრამა – ტრანსფორმაცია “ნაბიჯი” შესთავაზა.

მაყურებლის წინაშე განახლებული რეპერტუარით წარსდგა ნიაზ დიასამიძეც. ღია ცის ქვეშ კონცერტის დაწყებამდე ამინდი მკვეთრად შეიცვალა. მაყურებელი შიშობდა, რომ საღამო ჩაიშლებოდა, მაგრამ წვიმას არც მომღერალი, არც მოცეკვავეები და მით უმეტეს, არც მაყურებელი შეუშინდა. უფრო მეტიც, ფესტივალის დახურვის საღამოს სიმბოლური სათაური – “წვიმა მოგონებებს ასველებს”, შეურჩიეს.

წლევანდელ ფესტივალს ცხელი პოლიტიკური ზაფხული დაერთო. როგორც ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ჯგუფ “ფრანის” სოლისტმა გაგა ჩიხლაძემ განუცხადა, პოლიტიკური სიცხე გრილმა ამინდებმა გააგრილა, თუმცა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ფესტივალზეც აისახა, მაყურებლის სიმცირით. საერთო ჯამში, ფესტივალი შედგა. “Art-გენის” ორგანიზატორებს სურთ ქართული ფოლკლორის ფესტივალი ქვეყნის საზღვრებს გასცდეს და ერთი სეზონი ემიგრანტების სივრცეში ჩატარდეს, მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს მხოლოდ სურვილია.

“ქართულ ფოლკლორზე იმდენია ჯერ კიდევ გადმოსაცემი, რომ შესაძლოა საუკუნეები არ ეყოს, ამიტომ, იმის არ გვეშინია, რომ ერთ დღესაც გავჩერდებით. მასალაც ბევრია და ფესტივალში მონაწილეობის მსურველიც. თაობები იზრდებიან ამ ფესტივალზე და გვჯერა მისი აუცილებლობის. ფესტივალის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქართული ფოლკლორის, ქართული ხელოვნების, შემოქმედების და ზოგადად ქართული კუთხეების მრავალფეროვნების წარმოჩენა და პოპულარიზაცია ხდება. რაც კი ქართულთან ასოცირდება, იქნება ეს სამზარეულო, რეწვა, მხატვრობა, თექაზე მუშაობა და ა.შ, ყველაფერი ერთად არის გაერთიანებული”, – განუცხადა Dalma News-ს ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გაგა ჩიხლაძემ.

ფესტივალი Art-გენი 2004 წელს დაფუძნდა. ამ ხნის განმავლობაში, მისმა ორგანიზატორებმა უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მთელი საქართველოს მასშტაბით მოიკვლიეს და დააარქივეს. Art-გენის ძირითადი მიზანია სოციალურ-კულტურული პრობლემების წარმოჩენა, ქვეყნის რეგიონებში გაბნეული საოჯახო ფოლკლორისა და მათი ტრადიციების მოძიება – პოპულარიზაცია; სოფელსა და ქალაქს შორის ხიდის აღდგენა – სოფლიდან ქალაქში ტრადიციული კულტურის ჩამოტანა და პირიქით, თანამედროვე ტენდენციების გაცნობა. სახალხო ფესტივალი მთელი წლის განმავლობაში, ქვეყნის რეგიონებში ჩატარებული ექსპედიციებისა და კვლევების ერთგვარი შეჯამებაა. წელიწადში, რამდენჯერმე აწყობენ ექსპედიციებს. Art-გენის ბაზაზე დღემდე, 100-ზე მეტი კონცერტი და ღონისძიებაა ჩატარებული. დღეისთვის ის ქვეყანაში, ერთ-ერთი ხალხმრავალი კულტურული ღონისძიებაა. მას სიამოვნებით სტუმრობენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მუსიკოსები. 10 ივლისს, ქართველი მაყურებლის წინაშე ლატვიელები, საკუთარი ფოლკლორით წარსდგნენ. Art-გენი ხომ, ინტერნაციონალურობითაც გამორჩეული ფესტივალია და საქართველოში, მსოფლიო კულტურათა გაცვლის ერთ-ერთი საუკეთესო სივრცეა.

ფესტივალის მთავარი, კოდური სიტყვა არის გენი, ანუ არტისტული გენია, რომელიც ქართველებს მართლაც რომ მოჭარბებულად აქვთ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოში სიმღერა და ცეკვა ძალიან უყვართ, რომ ამ ქვეყანაში ყველა მღერის. მუსიკისა და ეროვნული ფოლკლორის მიმართ სიყვარულს ოჯახები ინახავენ და თაობებიდან თაობებს გადასცემენ.

თავად გაგა Art-გენის სათავეებთან შემთხვევით მოხვდა და ბოლო წლებში საორგანიზაციო საქმეებს ხელმძღვანელობს. ფესტივალის დაარსების დღიდან მისი ერთგული მსმენელი იყო, შემდეგ კი შექმნა ჯგუფი “ფრანი” და უკვე 14 წელია Art-გენის ფარგლებში მაყურებლის წინაშე გამოდის. როგორც გაგა ჩიხლაძემ გვითხრა, სცენა მისი ოცნება იყო, რომელიც აუხდა.

“როდესაც ხშირად დადიხარ ამ ფესტივალზე, გიჩნდება სურვილი პირადად გაიცნო მუსიკოსები, ღონისძიების ორგანიზატორები. ეს დიდი ოჯახია. როგორიც წარმომიდგენია საქართველო, სწორედ ისეთია Art-გენი, თავისი თბილი ურთიერთობით. ჯგუფი 2006 წელს შევქმენით. მივედით ნიაზ დიასამიძესთან იმ იმედით, რომ ფესტივალზე მოხვედრაში დაგვეხმარებოდა. არც სიმღერების ჩანაწერი გვქონდა და არც ნიაზს ვიცნობდით პირადად. უბრალოდ მივედით გიტარებით და პირდაპირ მაღაზიაში ვუმღერეთ. იმ წელს ჩაგვსვეს ფესტივალის პროგრამაში და მას შემდეგ Art-გენის ​თანამგზავრად ვიქეცით. ბოლო წლებში რეგიონებში კონცერტებს 3 ჯგუფი – “ფრანი”, “რეგიონი” და “ჩვენებურები” ვმართავდით”, – აცხადებს გაგა ჩიხლაძე.

“Art-გენის” დაუწერელი კანონი ცოცხლად შესრულებაა, იქნება ეს ინსტრუმენტებზე დაკრული თუ სიმღერა. მაქსიმალურად ერიდებიან ფონოგრამის გამოყენებას. ეს არის ცოცხალი საავტორო და ხალხური სიმღერების ნაზავი, შემსრულებელთა ასაკი კი შეუზღუდავი. 16 წლის განმავლობაში იცვლება ფესტივალიც, ვითარდება, იხვეწება გემოვნება, თუმცა უცვლელი რჩება ქართული არტისტული გენიის ძალა, რომელიც მხოლოდ მატულობს და არ იკლებს. ფესტივალი ახალ თაობებთან ერთად იზრდება.

“ძველი, დაკარგული უნდა მოვძებნოთ, მაგრამ ძველის ძიებასთან ერთად ახალიც თუ არ შეიქმნა, მთელი ცხოვრება არქეოლოგიურ გათხრებში ვიქნებით. აუცილებელია ვიცოდეთ ჩვენი ისტორია, მაგრამ ახალიც უნდა შევქმნათ. ფესტივალი ახალგაზრდებში პოპულარული ხდება. თუ მანამდე სცენაზე ბაბუა გამოდიოდა, მომდევნო წელს უკვე შვილიშვილთან ერთად მღეროდა სცენაზე. ახალგაზრდებსაც ეტყობათ, რომ ეროვნული ფოლკლორი მათთვის ტაშ-ფანდური არ არის. იყო პერიოდი, როცა ხალხური სიმღერების მოსმენა არ იყო პოპულარული. ახლა, ნელ-ნელა ყველამ დააფასა და მეტი ადამიანი ეუბნება მადლობას ღმერთს, რომ ამ ქვეყანაში გავჩნდით. ძალიან დიდ საგანძურთან გვაქვს საქმე. ისეთი კილოკავებია მოძებნილი და ისეთები ჩავიწერეთ, რომ ეს შემდეგ თაობებს ნამდვილად გამოადგებათ. ეს არ უნდა დაიკარგოს”, – განუცხადა Dalma News-ს გაგა ჩიხლაძემ.

“Art-გენი” თავის ერთგულ მსმენელს ერთი წლით დაემშვიდობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით მთავრდება ყველაფერი. ფესტივალში მონაწილეობის ძალიან ბევრი მსურველია, მაგრამ ყველა მათგანის ჩასმა პროგრამაში ვერ ხერხდება, ამიტომ, ისინი, ვინც წლეულს ვერ წარსდგნენ მაყურებლის წინაშე, თავის შანს მომავალი წლისთვის დაელოდებიან. ფესტივალის ორგანიზატორები კი განაგრძობენ კარდაკარ, ოჯახ-ოჯახ სიარულს და ხალხში გაბნეული კულტურის შეგროვებას. პროექტი ძირითადად, თანადაფინანსებით ხორციელდება. თანხის ნაწილს თბილისის მერია იღებს, ნაწილი სპონსორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების შეწევნით გროვდება. დიდ პროექტს დიდ ხარჯი აქვს, მაგრამ ზოგჯერ, ფული არაფერია იმასთან შედარებით, რა საქმესაც ემსახურება Art-გენი. ამ ფესტივალის შეჩერება არ შეიძლება, ის უნდა იყოს უწყვეტად, რადგან ქართულია თავიდან ბოლომდე.

შორენა პაპაშვილი