საქართველოს ფეხბურთის ფედარაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. პირველი მილოცვა ლევან კობიაშვილმა მთავარი კონკურენტისგან, რევაზ არველაძისგან მიიღო, რომელმაც გამარჯვებულს უსურვა თავის წინამორბედზე მეტის გაკეთება შეძლოს ქართული ფეხბურთისთვის. 3 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში ლევან კობიაშვილს 18-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, 15-მა კი რევაზ არველაძეს მისცა ხმა. მესამე კანდიდატს, მამუკა კვარაცხელიას არც ერთი ხმა არ მიუღია.

არჩევნები დაძაბული გამოდგა. დაძაბულობა იყო, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატებს, ასევე მათ მომხრეებს შორისაც. არჩევნების წინა ღამით, ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავეს დელეგატი გეგა გობეჯიშვილი, რომელიც არველაძეს უჭერდა მხარს. იგი არჩევნების დღეს, სასამართლომ 500 ლარი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. გობეჯიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებდა, თუმცა მოგვიანებით იგი “ქომაგთა ლიგის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ პეტრიაშვილმა ჩაანაცვლა.

არჩევნებში 35 დელეგატის ნაცვლად მონაწილეობა 33-მა მიიღო. არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის სამხარეო ფედერაციების დელეგატებს. მათთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა საფეხბურთო კლუბებმა მოითხოვეს იმ მიზეზით, რომ ამ ფედერაციების დელეგატები კლუბების პრეზიდენტები არიან, რაც კანონდარღვევაა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის აწ უკვე დამარცხებული კანდიდატი რევაზ არველაძე ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებს ჯოჯოხეთს უწოდებს და აცხადებს, რომ უთანასწორო ბრძოლა მოუხდა, თუმცა ამაში მის ოპონენტ კობიაშვილს არ ადანაშაულებს. არველაძის შეფასებით ყველაფერი კეთდებოდა დიდი ფეხბურთისთვის.

“ვერ ვიფიქრებდი, თუ ოდესმე ასეთი ჯოჯოხეთის გავლა მომიწევდა. ეს რომ მეფიქრა, არც ჩემ თავს და არც ოჯახს არ ვანერვიულებდი. ყველაფერი კეთდებოდა უზენაესი მიზნისთვის – დიდი ფეხბურთისთვის და რაც გამოვიდა, გამოვიდა. უთანასწორო ბრძოლაში ვიყავი. მე არ ვამბობ, რომ ეს კობიაშვილის ბრალი იყო. ეს ყველაფერი ერთად იყო ჩემს წინააღმდეგ. არა უშავს, გავუძლებ და მე ისევ ისე ამაყად ვივლი ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში. ხან წააგებ, ხან მოიგებ. ცოტა ხანი კომენტარს აღარ გავაკეთებ და ვიფიქრებ, თუ როგორ დავისვენო ამ ჯოჯოხეთის შემდეგ,”- განაცხადა არველაძემ.

რევაზ არველაძე

ფეხბურთის ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სამუშაოს პირველივე დღე თანამშრომლების გაცნობით დაიწყო, მხოლოდ ამის შემდეგ დაათვალიერა სამუშაო ოთახი, სადაც ოთხი წელი უნდა იმუშაოს. როგორც კობიაშვილი ამბობს, საკადრო ცვლილებები მისი თვითმიზანი არ არის და ყველასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. მისი თქმით, ქართულ ფეხბურთს ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს, ურჩევნია, ვითარება დეტალურად შეისწავლოს და პრობლემის გადაჭრის გზები ამის შემდეგ დასახოს.

“მზად ვარ, ყველასთან ვითანამშრომლო. უნდა ვიცოდეთ, ზუსტად რა მდგომარეობაა ფედერაციაში, თუნდაც ფინანსური კუთხით და მხოლოდ ამის შემდეგ მექნება საშუალება, ვისაუბრო კონკრეტულად ამ თემებზე და  დეტალურად გავთვალო, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ“, – განაცხადა კობიაშვილმა.

უახლოეს დღეებში, რიგგარეშე ყრილობა უნდა გაიმართოს, რომელზეც აღმასკომს დააკომპლექტებენ. ქართველ ფეხბურთელ ლევან კობიაშვილს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რეკორდული რაოდენობის, 100 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 12 გოლი გატანილი. ეროვნულ ნაკრებში თამაში 19 წლის ასაკში, 1996 წელს დაიწყო. ასპარეზობდა გერმანული ბუნდესლიგის კლუბებში: ფრაიბურგში, შალკეში და ჰერტაში.

კობიაშვილს საკლუბო მატჩების უმრავლესობა მარცხენა მცველის პოზიციაზე აქვს ჩატარებული. იშვიათად თამაშობდა მარცხენა, ან ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. მარცხენა ნახევარმცველად თამაშობდა კობიაშვილი საქართველოს ნაკრებშიც. კობიაშვილის ძლიერ მხარედ მისი ამტანიანობა, კარგი პასი და ძლიერი მარცხენა ფეხი მიიჩნევა.

ფეხბურთის ფედერაციის 3 ოქტომბრის არჩევნებს საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. ნაწილს მიაჩნია, რომ არჩევნებში აშკარა იყო ხელისუფლების ჩარევა, ნაწილი კი კობიაშვილის გამარჯვებას იმედიანად ხვდება და იმაზე სწუხან, რომ დიდი დაფინანსების მიუხედავად, ბოლო წლების განმავლობაში ქართულმა ფეხბურთმა სათანადო შედეგი ვერ აჩვენა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სუფთა პოლიტიკის” წარმომადგენელი ნინო ლაპიაშვილი მიიჩნევს, რომ სასტუმროში, სადაც არჩევნები ტარდებოდა ვიცე-პრემიერის კახა კალაძის გამოჩენა და მისი მხრიდან გაკეთებული განმარტება, რომ იქ სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა, ხელისუფლების დიდი დოზით ჩარევის აშაკარა დასტურია.

ნინო ლაპიაშვილი
ნინო ლაპიაშვილი

“ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც ამ დღეებში მოხდა არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არის მინი მოდელი, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს საპარლამენტო არჩევნები და ეს სურათი დამშვიდების საშუალებას ნამდვილად არ იძლევა,” – მიაჩნია ნინო ლაპიაშვილს.

ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი, ისტორიკოსი თედო დონდუა ლევან კობიაშვილის გამარჯვებას მიესალმება და სწუხს, რომ სპორტის იმ სახეობებში, რომლებსაც ნაკლები დაფინანსება აქვთ, საშუალო ან საუკეთესო შედეგებს ვღებულობთ, მაგრამ ქართულ ფეხბურთში უკვე სამარცხვინო მდგომარეობაა.

“ნაკლები ფულია ჩადებული კალათბურთში და ჩვენი კალათბურთელები სასურველ ევროპულ დონეს აღწევენ. ნაკლები ფულია ჩადებული რაგბიში და მორაგბეები მსოფლიოში საშუალო დონეს აღწევენ. კიდევ უფრო ნაკლები ფულია ჩადებული ქალთა ჭადრაკში და პირველობაზე გვაქვს პრეტენზია. მოჭიდავეები საერთდ პირველები არიან მსოფლიოში. ფეხბურთს რაც შეეხება, ჩავარდნაა წლების განმავლობაში. იმ სპორტის სახეობებში, სადაც ნაკლები ფულია ჩადებული, არის კარგი, საშუალო ან საუკეთესო შედეგები. სტადიონი თუ ცარიელია, ე.ი. ცუდად თამაშობენ. წარმატებაზეც აღარ არის საუბარი, თამაშიც აღარ იციან, უკვე სამარცხვინოა. მით უმეტეს, რომ ჩვენი ფეხბურთის სკოლა საკმაოდ ძლიერი იყო, სად გაქრა, სად დაიკარგა?”, – აცხადებს ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი.