Монастырский комплекс Давид Гареджи

შუა საუკუნეების ქართული სამონასტრო კომპლექსი დავით გარეჯი, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის მიზეზი გახდა. ეს არც პირველი შემთხვევაა და სამწუხაროდ, არც უკანასკნელი იქნება. ის, რომ ქართული ერისთვის, სახელმწიფოსთვის, ეკლესიისთვის, კულტურის და ისტორიისთვის აღნიშნულ ძეგლს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ცხადზე ცხადია. თუმცა, როგორც ჩანს, ამ საკითხს უფრო დეტალურად გაშუქება სჭირდება.

კომპლექსის დაარსება საქართველოში საგანმანათლებლო მისიით ჩამოსული, 13 ასურელი მამიდან ერთ-ერთს, დავითს უკავშირდება. ბერი დავითი VI საუკუნის I ნახევარში, თავის მოსწავლე ლუკიანესთან ერთად, გარეჯის უდაბნოში, ბუნებრივ მღვიმეში დასახლდა და საფუძველი ჩაუყარა ლავრას, რომელიც დღეს, მის სახელს ატარებს. დავითის ლავრა იმ ბირთვად იქცა, რომლის გარშემოც, დროთა განმავლობაში, ფასდაუდებელი ქრისტიანული კულტურის მარგალიტები შეიქმნა.

სამონასტრო კომპლექსი დღეისთვის, კლდეში გამოკვეთილი 20 მონასტრისგან და ასამდე მღვიმისგან შედგება, რომლებიც სამონასტრო საკნებად გამოიყენება. კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმულია და სამი ქართული რაიონის – გარდაბნის, სიღნაღის და საგარეჯოს ტერიტორიებზე მდებარეობს. კომპლექსის მონასტრებში შემონახულია შუა საუკუნეების უნიკალური ფრესკები, მათ შორის თამარ მეფის პორტრეტი. დიდ ინტერესს იწვევს ქართული, დაახლოებით 20 სომხური და 8 ბერძნული წარწერა. ასევე, დაცულია 20-მდე არაბული წერილი; შემონახულია ოთხ – ქართულ, სომხურ, ბერძნულ და არაბულ ენებზე შესრულებული უნიკალური ტეტრალინგვა. IX – X საუკუნეებში შესრულებულ გამოსახულებებზე დაცულია წარწერები ქართულ, სომხურ და ბერძნულ ენებზე. ეს კიდევ ერთი დამატებით მტკიცებულებაა იმისა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ქრისტიანულ სამყაროს, საქართველოს საზღვრებს გარეთაც აერთიანებდა.

საქართველოს ისტორიის განმავლობაში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ქვეყნის და მისი ხალხის ტრაგიკულ ბედ-იღბალს სრულად იზიარებდა. მას უმოწყალოდ არბევდნენ და ძარცვავდნენ გარე დამპყრობლები, რომლებსაც ქართულ მიწაზე მხოლოდ სიკვდილი და განადგურება მოჰქონდათ. მათ შორის იყვნენ: თურქ-სელჩუკები (XI საუკუნეში), მონღოლები (XIII საუკუნეში), თემურ-ლენგი (XIV – XV საუკუნეების გასაყარზე), სპარსეთის შაჰი აბას პირველი (1615 წ.). ყველაფრის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა მისი შენარჩუნება და დაცვა შეძლო. ამგვარად, დავით გარეჯმა ფეხი XXI საუკუნეშიც შეაბიჯა.

ახალ ათასწლეულში, კომპლექსი ახალ პრობლემებს და თავდასხმებს იგერიებს. საქმე იმაშია, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი გარეჯის ქედის თავზე გადის ისე, რომ მისი სამხრეთ-დასავლეთი ფერდობი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა მოქცეული და იქვეა მონასტერი უდაბნო (რევოლუციონერი ინტერნაციონალისტები XX საუკუნის 20-იან წლებში, სახელმწიფოს მართვის და საზღვრების დაჩეხვის დიდი ოსტატები იყვნენ, ამიტომ ყოფილი სსრკ -ს ხალხებს ამ შეცდომების გამოსწორება დღემდე უწევთ). მონასტერი მოქმედია, მას ათასობით მომლოცველი და ტურისტი სტუმრობს. სწორედ ამ ადგილზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები პერიოდულად საზღვარს კეტავენ, თუმცა ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების შემდეგ, ისევ ხსნიან.

სწორედ ამ დღეებში, უდაბნოს აქრიმანდრიტმა კირიონმა, ქართველ ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მონასტერთან მისასვლელი გზა დაკეტა და იქ არამც თუ ტურისტებს, ადგილობრივ სასულიერო პირებსაც კი არ უშვებს. მისივე თქმით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მონასტრისკენ მიმავალ ბილიკებზე გამაფრთხილებელი და ამკრძალავი ნიშნები დაამონტაჟეს.

ამგვარად, მსგავსი ინციდენტები რუტინად იქცა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2012 წლის მაისში საზღვარზე, კომპლექსზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები განთავსდნენ. ამას შედეგად მოჰყვა ორი ქვეყნის დიპლომატიურ უწყებებს და სამინისტროებს შორის რუტინული მოლაპარაკებები.

აღნიშნულ ინციდენტზე საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია და მუშაობა იმისთვის, რომ “აზერბაიჯანული მხარე ამ საკითხს გაგებით მოეკიდოს” და ეკლესიის ტერიტორიაზე მომლოცველები, ტურისტები და ბერები თავისუფლად გადაადგილდნენ.

სს მინისტრმა დავით ზალკანიანმა თავის მხრივ განაცხადა, რომ მაშინვე დაუკავშირდა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას და ვითარების რეგულირება შეძლეს: “აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მაშინვე მიიღო ჩაკეტილი პუნქტის გახსნის გადაწყვეტილება. ასეც მოხდა, ვითარება დასტაბილურდა, ხოლო სასულიერო პირებს, მომლოცველებს, ტურისტებს და ბერებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცათ”. საკითხი სამ დღეში მოგვარდა, შეიძლებოდა მეტიც დასჭირვებოდა, ან საერთოდ ვერ მოგვარებულიყო. ამ შემთხვევაში სრულ გარანტიას ვერავინ მოგცემთ.

მიუხედავად იმისა, რომ 1996 წელს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ, საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი სამთავრობათაშორისო კომისია შეიქმნა, საზღვრის მესამედი ისევ არ არის დემილიტირებული.

“უახლოეს დღეებში, ამაზე ვისაუბრებთ და პროცესი დაიწყება. ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხი აუცილებლად მოგვარდება ორმხრივი მოლაპარაკებების გზით. ეს ინციდენტი პირველი არ არის. თქვენ იცით, რომ მსგავსი ინციდენტები მანამდეც მომხდარა, მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ აზერბაიჯანულ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, პრობლემა ამოწურულია”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

ამ ეტაპზე გზა გახსნილია, მაგრამ რა მოხდება შემდეგ? ეჭვგარეშეა, რომ ახალ ინციდენტებს უნდა ველოდოთ. ზოგადად, ჩვენი ხელისუფლების სახელმწიფო პრობლემების მოგვარების უნარი სერიოზულ ეჭვს იწვევს. ამის საუკეთესო მტკიცებაა არქიმანდრიტ კირიონის მოსაზრება, რომელმაც დავით გარეჯის საზღვარზე მომხდარი უკანასკნელი შემთხვევა 2019 წლის თებერვალში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ვიზიტს დაუკავშირა. მისი აზრით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის დაჩქარების წესით დასრულებასთან დაკავშირებით, ზურაბიშვილის ინიციატივის შემდეგ, საზღვარზე სიტუაცია საგრძნობლად გაუარესდა.

როგორ არ უნდა გაგვახსენდეს ერთ-ერთი დიდებული პოეტი, რომელიც ამბობდა, რომ წინასწარ უნდა განსაზღვრო ის, რაც შედეგად შენს სიტყვებს მოჰყვება… ყოფილი, მრავლადგამოცდილი დიპლომატის, მოქმედი პრეზიდენტის სიტყვები დავით გარეჯის კომპლექსზე, ბერებზე, მომლოცველებსა და ტურისტებზე უკვე აისახა. ჩნდება სავსებით საფუძვლიანი საშიშროება იმისა, რომ ასეთი ოსტატების ხელში პრობლემა საბოლოოდ ისე მოგვარდება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩაიკეტება უდაბნოც, მონასტერიც და გამოქვაბულიც.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე საუბრისას, აუცილებლად უნდა შევეხოთ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს. საქართველო უკვე დიდი ხანია თურქეთთან და აზერბაიჯანთან ერთგვარი სამთა კავშირის წევრია. სავსებით ლოგიკურია, გახარებდეს ის მომენტი, რომ შენი მიწის პატარა მონაკვეთი არა რომელიმე მტრულად განწყობილი სახელმწიფოს, არამედ პირდაპირი მოკავშირის, კეთილი მეზობლის და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორის ხელშია. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შენთვის მტკივნეული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის დიდი შანსი არსებობს. ვინ გაგიგებს ახლო მეზობელზე და მეგობარზე უკეთ? მით უფრო, რომ საჩუქრად არ ითხოვ. მიწის არც ისე დიდი მონაკვეთისთვის, რომელზეც ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი არსებობს, საქართველოს საზღვრის მეორე ნაწილზე კომპენსაციის სახით უფრო მეტის მიცემა შეუძლია. საუბარია საერთაშორისო პრაქტიკაში კარგად ცნობილ მეთოდზე, რომლისთვისაც საქართველოს ნამდვილად არ მოუწევს შორს წასვლა. საკმარისია გავიხსენოთ ნახიჩევანის ავტონომიაზე პირდაპირი ხელმისაწვდომობის მისაღებად თურქეთის მიერ ირანთან გაფორმებული შეთანხმება.

ერთი შეხედვით, პრობლემა იოლი მოსაგვარებელი იყო. თუმცა, არც მთლად ასეა საქმე. აზერბაიჯანმა თავის მეგობარს და მოკავშირეს, მისთვის მნიშვნელოვან საკითხში მკვახედ და კატეგორიულად უპასუხა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ტერიტორიების გაცვლას ადგილი არ ექნება და არც მსგავსი საკითხი განიხილება. რაც შეეხება დავით გარეჯს, მისი გადაცემა არ შეიძლება, რადგანაც იგი „სტრატეგიული მნიშვნელობისაა“ . შეგახსენებთ, რომ საუბარია სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე და არა – მწვერვალზე. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ აზერბაიჯანი ასტრონომიურად ბევრ ნავთობ-დოლარს იხდის მაღალი სიზუსტის რაკეტების და საარტილერიო ჭურვების, თვითმფრინავების და ავიაციის შესაძენად – მცირე ტერიტორიაზე სიმაღლეების სტრატეგიული მნიშვნელობა კომიკურ ანაქრონიზმად გამოიყურება. ის ფაქტი, რომ 2007 წელს, პრეზიდენტ ალიევის ბრძანების საფუძველზე, დავით გარეჯის ნაწილი, სახელმწიფოს ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალად („კიშეშჩიდაგა“) გამოცხადდა, კომიკური სულაც არ არის. აქვე უნდა გავიხსენოთ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ერდოღანის სიტყვები იმის შესახებ, რომ წმინდა სოფიას ტაძარში კვლავ მეჩეთად უნდა გადაიქცეს, ხოლო სტამბოლი არასოდეს გახდება კონსტანტინოპოლი. იმისთვის კი არ დაიპყრეს, რომ შემდეგ გააჩუქონ. იქნებ დროა, საქართველოც მიხვდეს, რომ იგი არაბუნებრივ ალიანსშია და ნამდვილი მეგობრების ძებნა დაიწყოს …

დავით კუპატაძე (თბილისი)