ბავშვობაში გვასწავლიდნენ – ავტობუსის ბილეთი ქუჩაში არ უნდა დაგვეგდო, სკვერებში სკამებზე ფეხებით არ უნდა შევმდგარიყავით, მის დამტვრევაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. მზესუმზირის ნარჩენებით ქუჩა არ უნდა დაგვენაგვიანებინა და სხვა. ხშირად მინახავს, ჩვენი სკოლის ყველაზე ავარა ბიჭებიც კი, როგორ ეხმარებოდნენ უცნობ, ასაკოვან ქალს თუ კაცს, მძიმე ჩანთების სახლამდე მიტანაში… უამრავი მსგავსი ისტორიის გახსენება შემიძლია. მაშინ თითქოს, საკუთარ ქალაქზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის მოვალეობა იყო, არც ამდენი ნაგვის ურნა იდგა თბილისში და არც ამდენი მეეზოვე გვხდებოდა ქალაქის ქუჩებში. თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ ყველაფერი იდეალურად იყო მაშინ და დღეს მხოლოდ უარესობაა, მაგრამ რა ვუწოდოთ თბილისის საერთო სარგებლობის სივრცეებში გახშირებულ ვანდალურ ქმედებებს, დაზიანებულ სკამებს, დამტვრეულ საქანელებსა და დაბინძურებულ გარემოს? ადამიანები გულგრილნი გახდნენ გარემოს მიმართ და საკუთარ მოვალეობად აღარ მიაჩნიათ ქალაქზე ზრუნვა.

თბილისის მერი, კახა კალაძე სერიოზულად დააფიქრა დედაქალაქში ვანდალური ფაქტების სიმრავლემ და მოქალაქეობრივი თვითშეგნების გასაღვიძებლად სოციალურ კამპანიას იწყებს. მაჩნია, რომ პრობლემის თავი და თავი, მოქალაქეების არაინფორმირებულობა და თვითშეგნების დეფიციტია.

“ქართულ საზოგადოებაში უნდა დაინგრეს სტერეოტიპები, რომლებიც ადამიანების მოქალაქეობრივ თვითშეგნებას აკნინებს და საკუთარ მოვალეობად არ მიაჩნიათ იმ გარემოზე ზრუნვა, სადაც სხვებთან ერთად ცხოვრობენო”, – ამბობს კალაძე.

დღეს ასეთი განწყობა მუსირებს საზოგადოებაში, – ავირჩიეთ ქალაქის მერი, ქალაქის მთავრობა და ისინი მიხედავენ ყველაფერს.

ჩვენი წილი პასუხისმგებლობა კარგად გვაქვს გაცნობიერებული და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენი გასაკეთებელიაო, – ამბობს თბილისის მერია, თუმცა, მეორე მხრივ ხვდება, რომ ქალაქის განვითარებაში მოსახლეობის თანამონაწილეობის გარეშე ყველაფერი წყალში იყრება.

თბილისის სკვერები და საერთო სარგებლობის სივრცეები დედაქალაქის წინა მერის დროსაც აქტიურად რემონტდებოდა. ვანდალები არც მაშინ იყვნენ უსაქმოდ, ყოველდღიურად ზიანდებოდა საპარკე ინვენტარი, ავტობუსებში დაჭრილი და დახეული სკამები, ბასრპირიანი საგნით ამოკაწრული წარწერები თითქოს აღარც გვეხამუშება. დღეს ანალოგიურ სურათს ახალშეძენილ მუნიციპალურ ავტობუსებშიც შეხვდებით, აღარაფერს ვამბობ ავტობუსის გაჩერებებისა და საბავშვო საქანელების დამტვრევაზე… ყველა ამ შედეგის გამოსასწორებლად დედაქალაქს დამატებითი ფინანსური და ადამიანური რესურსის დახარჯვა უწევს.

თბილისის მერიამ ჩაატარა კვლევა და ქალაქის მოვლის თვალსაზრისით საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად ექვსთვიანი პროექტი შემუშავდა, რომელიც დატვირთული იქნება სხვადასხვა აქტივობებით.

Кахи Каладзе

როგორც თბილისის მერი აცხადებს, ყველამ უნდა გაითავისოს ის, რომ ეს ქალაქი ყველასია და როგორც საკუთარ ოჯახში უვლიან ნივთებს, ისე უნდა გაუფრთხილდნენ და მოუარონ მას. “სხვაგვარად ძალიან გაგვიჭირდება”, – აცხადებს კახა კალაძე და იმედოვნებს, რომ პროექტი საზოგადოების თანადგომას და მხარდაჭერას მოიპოვებს.

Dalma News-ი დაინტერესდა იმ კამპანიის შინაარსით, რომელიც მოქალაქეებს საკუთარ ქალაქზე ზრუნვას აიძულებს. მანამდე კი თავად მოქალაქეების აზრი გამოვიკითხეთ. რიგითი გამვლელების უმეტესობა მიიჩნევს, რომ საჭიროა გამკაცრდეს კონტროლი და საერთო სარგებლობის სივრცეში დაფიქსირებული ყველა ვანდალური და ქურდობის ფაქტი შესაბამისი საჯარიმო სანქციით დაისაჯოს. ქუჩაში გამოჩნდნენ ქვეითი პატრულები და ვანდალები კანონის ფარგლებში დასაჯონ. რამდენიმე პრეცედენტის დაშვების შემდეგ, ყველა გაფრთხილდება და თუ სიყვარულის გამო არა, შიშის გამო მაინც აღარ მიაყენებენ ზიანს ქალაქს.

მერიის მიერ შემუშავებულ კამპანიას “გაუფრთხილდი ქალაქს” ჰქვია და მიზნად ისახავს ფართო საზოგადოებაში ქალაქის მიმართ სოციალური პასუხისმგებლობისა და ზრუნვის კულტურის განვითარებას. რამდენად იქნება საკმარისი 6 თვე სოციუმის აღსაზრდელად ძნელი სათქმელია, მაგრამ ჩიტი ბრდღვნად ნამდვილად ღირს. კამპანიამ ერთი იდეის ირგვლივ უნდა გააერთიანოს საზოგადოება, სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორი. შეიქმნას ისეთი ღირებული პროდუქტი, რომელიც მოქალაქეებს ჩვევებში გადაეზრდებათ, იმოქმედებს მათ შეგნებასა და ცნობიერებაზე.

საკონკურსო პროექტებს შორის გამარჯვებულ კონცეფციას სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია და თბილისის მერია ერთობლივად შეარჩევს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის ჩართულობა ქალაქზე ზრუნვის პროცესში და ამ მიმართულებით, პასუხისმგებლობის შეგრძნების ადრეული ასაკიდან გაღვივება. კამპანია უნდა მოიცავდეს სხვადასხვა სახის სასარგებლო და შედეგებზე ორიენტირებულ აქცია-აქტივობებს, რომლებშიც თბილისის მოქალაქეები ჩაერთვებიან.

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თბილისში ყოველწლიურად მილიონობით ლარი იხარჯება. გაუფრთხილებლობისა და ვანდალიზმის გამო კი ამ სამუშაოების განმეორებით ჩატარება ხდება საჭირო, რაც ბიუჯეტისთვის დამატებითი ხარჯია. როგორც Dalma News-ს დედაქალაქის ერთ-ერთი პრესტიჟული ნაწილის, ვაკის რაიონს გამგეობაში განუცხადეს, მათ რაიონში ხშირია ვანდალიზმის ფაქტები. უკანასკნელ წლებში, სხვადასხვა მისამართებზე განადგურდა საბავშვო ატრაქციონები, საპარკე სკამები, სანაგვე ურნები, სპორტული მოედნების ინფრასტრუქტურა… რამდენიმე შემთხვევაში ინვენტარი განსაკუთრებულად იყო დაზიანებული და ეს არ იყო შემთხვევითობა.

ყოველი მსგავსი ქმედების შემდეგ, ვაკის რაიონის გამგეობა მიმართავს საპატრულო პოლიციას და ეს აქტები ფიქსირდება. იყო შემთხვევა, როდესაც მოქალაქემ საპარკე სკამი მოიპარა და საკუთარ აგარაკზე წაიღო. გამგეობამ სკამი დაიბრუნა.

“სამწუხაროდ, კამერებს ყოველ ნაბიჯზე და ყოველ სკვერში ვერ დავამონტაჟებთ. ეს პრობლემა პირველ რიგში, საზოგადოებამ უნდა მოვაგვაროთ. საკუთარი თავით დავიწყოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ფიქრი, გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ ჩვენ საკუთარ ბინებს თუ სახლებს, არამედ ქუჩებს, სკვერებს, სტადიონებს, ყველაფერს, რასაც ჩვენ და ჩვენი შვილები ვიყენებთ, ესეც ჩვენი სახლია”, – აცხადებენ ვაკის რაიონის გამგეობაში.

ვანდალური აქტების შედეგად, ვაკის რაიონში, ბოლო დროს სხვადასხვა მისამართზე ურბანული ავეჯი დაზიანდა და განადგურდა. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას IV კვ. N16 კორპუსის ახლოს სკვერის რეაბილიტაციაზე 80 527 ლარი დაიხარჯა, სკვერში ინფრასტრუქტურის აღდგენა დაზიანების შემდეგ კი ხარჯმა – 1 000 ლარი შეადგინა. ასევე, თამარაშვილის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციაზე 185 331 ლარი დაჯდა, დაზიანებულის აღდგენას კი დამატებით 650 ლარი მოხმარდა. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ქალაქის სხვა ცენტრალურ ნაწილშიც. ხშირად, გამგეობას სკვერის თუ სათამაშო მოედნის ინფრასტრუქტურის აღდგენა ორჯერ და სამჯერ უწევს.

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში თბილისის მერიის ეკოლოგიის სამსახურში მუშაობდა. შესაბამისად ძალიან ხშირად აწყდებოდა არა მხოლოდ საპარკე ინვენტარის დამტვრევის, არამედ სკვერიდან ახალდარგული მცენარეების მოპარვის ფაქტებს. მიაჩნია, რომ ამას აგრესიული და უკულტურო ადამიანები სჩადიან.

“ძალიან ხშირად ვხვდები დაზიანებულ და დამტვრეულ სკამებს, დალეწილ ურნებს… ეს აგრესიული და გაბოროტებული ადამიანების ნახელავია, უფრო ახალგაზრდების, რომლებსაც არაფერი შეუქმნიათ არც ამ ქალაქისათვის და ვერც სათანადო აღზრდა მიიღეს. რა შორს წავიდე, საკუთარ სადარბაზოში ვერ მივაღწიე, რომ სიგარეტის ნამწვავი და ათასი სიბინძურე არ გადმომაყარონ თავზე…”, – განუცხადა Dalma News-ს ნინო კვაჭანტირაძემ.

მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლებიდან გამოსროლილი ნაგვის პარკები, ჩვენს ქალაქში ლამის წესად იქცა. ამ საკითხზე გარკვეული საჯარიმო სანქციებიც დაწესდა, მაგრამ აღსრულება ვერ ხერხდება.

სოციალური ფსიქოლოგი ცისანა მაისურაძე მიიჩნევს, რომ პრობლემის სათავე გაცილებით ღრმაა და ის დღეს არ დაწყებულა. ყველაფერი მომდინარეობს იქიდან, რომ მოზარდებმა დაკარგეს უფროსისადმი პატივისცემა. სკოლებში აღარ ისწავლება საზოგადოებაში ქცევის წესები და ეთიკა. მასწავლებელს არ აქვს უფლება დატუქსოს მოსწავლე, შეზღუდულები არიან და ვერაფერს აკეთებენ ბავშვების აღზრდის საქმეში. მეორე მხრივ მშობლები ყოველთვის არასათანადოდ რეაგირებენ მათი შვილების მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე. ეს ყველაფერი კი მოქმედებს ბავშვის აღზრდაზე.

“ამასობაში ბავშვები ბოროტდებიან, ქუჩაში უხეშად დაგეჯახებიან და ბოდიშსაც არ მოიხდიან. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა, დამახინჯდა სახელმძღვანელოები, ეს ყველაფერი ილექება ბავშვის მეხსიერებაში. მერია გააკეთებს ბაღს, მაგრამ სათითაოდ ყველას ვერ დაუწყებს დევნას – სკამი არ გატეხონ, ურნა არ გადმოაბრუნონ. ათას კაცს ერთ დღეში ხომ ვერ დააჯარიმებს? ბავშვების აღზრდით აღარავინ არის დაინტერესებული”, – აცხადებს ცისანა მაისურაძე და განათლების სამინისტროს ურჩევს, მოქალაქეობრივი თვითშეგნების განვითარებაზე ზრუნვა სკოლის მერხიდან დაიწყოს.

შორენა პაპაშვილი