საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველო, მოდერნიზებული სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურითა და სტუმართმოყვარეობით, სპორტული ღონისძიებებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. მან UEFA-ს პრეზიდენტ მიშელ პლატინისა და სუპერთასის მატჩის სტუმრების  პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ვახშამზე, UEFA-ს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა “ბარსელონა” – “სევილიას” თამაშისთვის არჩევანის საქართველოზე გაკეთებისთვის.

“პრეზიდენტმა პლატინიმ, როგორც ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ფეხბურთელმა, ძალიან კარგად იცის, როდის გააკეთოს სწორი ჩაწოდება შესაბამის დროს. ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ ბურთი ახლა საქართველოს ჩააწოდეთ”, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიშელ პლატინის და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, “ბარსელონასა” და “სევილიას” ათასობით გულშემატკივარს არა მხოლოდ ლამაზი მატჩის ნახვის, არამედ ევროპის გამარჯვების ნახვის შესაძლებლობა ექნება, რადგან ორი ესპანური გუნდი ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში ითამაშებს.

პრემიერის თქმით, UEFA-ს სუპერთასის მატჩის მაპინძლობა თბილისში, შესანიშნავი შესაძლებლობაა საქართველოსა და ევროპისთვის და გზავნის ერთობის ძლიერ მესიჯს მთელს კონტინენტზე.

სუპერთასის მატჩის მაპინძლობაზე გაწეული ძალისხმევისთვის UEFA-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და სტადიონი მდგომარეობა დადებითად შეაფასა.

როგორც Dalma News-ს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს,  ოფიციალურ ვახშამს UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, “ბარსელონასა” და “სევილიას” პრეზიდენტები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.