“სომხეთი ინდოეთის ფილიალად გადაიქცევა!”, “ბიუჯეტის პარაზიტები არ გვჭირდება!”, “ჩაკეტეთ საზღვრები ინდოელებისთვის, საკუთარი უმუშევარი ხალხიც საკმარისად გვყავს!” – ამ და სხვა მსგავსი ემოციური გამონათქვამებით გამოხატავს სომხეთის მოსახლეობა დედაქალაქის ქუჩებსა და მის გარეუბნებში ინდოელების მომრავლებას. ერევანში ყოველთვის იყვნენ ინდოელი სტუდენტები, რომლებიც ძირითადად, ერევნის სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდნენ. ექსპერტების თქმით, ერევნელების შეშფოთება ამჯერად უკავშირდება არა ქვეყნის “სტუმრებს”, რომლებიც უნივერსიტეტებში სწავლობენ, არამედ შრომით მიგრანტებს, რომლებიც ქვეყანაში მუდმივად თუ არა, დიდი ხნით აპირებენ ცხოვრებას.

ამას ადასტურებს მიგრაციული სამსახურის სტატისტიკა: 2015 წელს რესპუბლიკის საზღვრები 3951 მიგრანტმა გადალახა, აქედან 3899 ინდოეთის მოქალაქეა. 2018 წლის პირველ ნახევარში კი, ქვეყანაში 10237 უცხოელი შევიდა, ხოლო 9122 გავიდა, სხვაობა – 1115 ადამიანი დაფიქსირდა. გაიზარდა სომხეთში ცხოვრების უფლებით მოსარგებლეთა რაოდენობაც: 2015 წელს ეს სტატუსი 1119 ადამიანს მიენიჭა, 2016 წელს – 1086, 2017 წელს – 938, ხოლო 2018 წელს – წინასწარი მონაცემებით, საუბარია 2000 ადამიანზე. ზემოთ აღნიშნულ უწყებაში ირწმუნებიან, რომ ცხოვრების უფლება ძირითადად სტუდენტებს მიენიჭათ, თუმცა სომხურ საზოგადოებას ამის არ სჯერა.

ერევანში ინდოელების შედინების ტალღა, ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში შეინიშნებოდა. ვიზუალური დაკვირვებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ნამდვილად არ ჰგავდნენ სტუდენტებს. სექტემბრის დასაწყისში ტურისტულ სააგენტოებში დაადასტურეს, რომ მათ კლიენტებს შორის ბევრია ისეთები, რომლებიც საოჯახო ტურებს ჯავშნიან და ქვეყანაში სხვადასხვა დღესასწაულების აღსანიშნავად, მათ შორის, დაბადების დღეებზე ჩადიან. ტურისტული პაკეტების ძირითადი ნაწილი გაფორმებულია თითო ადამიანზე.

“ბოლო წლის განმავლობაში კლიენტების 30% ინდოელები იყვნენ. ძირითადი ტალღა ზაფხულის პერიოდში დაფიქსირდა. ჩამოსულების დიდი ნაწილი ემიგრანტი ინდოელებია”, – ამის შესახებ შარშან, შემოდგომით, დედაქალაქის ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში აცხადებდნენ. ამასთანავე აცხადებდნენ, რომ ტურები დაჯავშნული იყო არა მხოლოდ 2018, არამედ 2019 წლის ზამთრისთვისაც.

საინტერესოა, რა მოხდა და რამ გამოიწვია სომხეთში ინდოელი ხალხის შედინების ასეთი დიდი ნაკადი? შესაძლოა, ამის მიზეზი ჯერ კიდევ წინა მთავრობის მიერ, 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება იყოს – სომხეთში ინდოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის გამარტივება. როგორც ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში განაცხადეს, საქმე ეხება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში შრომითი მიგრანტებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. არაოფიციალური მონაცემებით, რაღაც ეტაპზე ემიგრანტებში შრომით მიგრანტებისთვის ქვეყნიდან სავალდებულო გასვლის ვადა შეიცვალა. რადგან ნებისმიერი სახელმწიფოს ე.წ. გოსტარბაიტერი მსგავს ვითარებაში ყველაზე ხელსაყრელ ქვეყანას ეძებს, ინდოელებმაც არჩევანი სომხეთზე შეაჩერეს, რადგან იქ უკვე შეცვლილი იყო ინდოელებისთვს ქვეყნის საზღვრის გადალახვის წესი. მანამდე, ინდოეთის მოქალაქეს, სომხეთის ვიზის მისაღებად უნდა მიემართა შესაბამისი სამსახურებისთვის, საელჩოსთვის, ან ინდოეთში არსებული სომხური საკონსულოსთვის, თან ჰქონოდა აღნიშნული ქვეყნიდან მიღებული მიწვევა. ზემოთ აღნიშნული ცვლილებების თანახმად, სომხეთში მიწვევის აუცილებლობა გამარტივდა და ინდოეთის მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა, ვიზა საზღვრის გადალახვისას, ან ელექტრონულად მიეღოთ. ერთი შეხედვით, ინდოელი მიგრანტების ტალღა დროებითი იყო და ის სომხეთის ეკონომიკას საფრთხეს არ უქმნიდა.

სომხეთის საზოგადოებამ სოციალურ ქსელში განგაში ატეხა. მოსახლეობის აზრით, ინდოელი “გოსტარბაიტერები”, რომლებიც დაბალანაზღაურებად სამსახურებს თანხმდებიან საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ეკონომიკას, კერძოდ, შრომით ბაზარს. საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება “სომხეთის ევროპული არჩევანის” თანადამფუძნებელმა და წევრმა, თოროს ალეკსანიანმა თავის ფბ-გვერდზე დაწერა: “სომხეთი ინდოეთის გადახდისუუნარო და ღარიბი მოქალაქეებით ივსება, რომლებიც ტურისტები კი არა, არამედ მიგრანტები არიან”. ამასთანავე, ექსპერტს მიაჩნია, რომ შედეგი კატასტროფული იქნება, პირველ რიგში დემოგრაფიის თვალსაზრისით.

მისივე აზრით, ინდოელები, როგორც “იაფი სამუშაო ძალა, ისედაც პატარა შრომით ბაზარზე სომხებს ძალიან ავიწროებენ”. “ისედაც სასირცხვილო 20%-იანი მაჩვენებლის მქონე უმუშევრობა კიდევ უფრო გაიზრდება. მოკლედ, რომ ვთქვათ, ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფო ევროპასთან უვიზო რეჟიმისკენ ისწრაფვის, სომხეთი კი – ინდოეთისკენ”, – აცხადებს ალექსანიანი.

შრომითი მოწყობის სააგენტოებში აცხადებენ, რომ ასეთ ადამიანებს ვერაფრით ეხმარებიან. ჯერ კიდევ შარშან შემოდგომით, ერთ-ერთ ოფისში განაცხადეს: “ჩვენთან მოდიან ადამიანები, ზოგ შემთხვევაში ჩვენი თანამოქალაქეებიც შუამდგომლობენ, რომლებიც სამუშაოზე მოწყობას ითხოვენ. სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა, არც სომხურად საუბრობს და არც რუსულად, მხოლოდ ინგლისურად. ამის გამო, მათ სამუშაოს ვერ ვთავაზობთ”.

გამოდის, ამგვარი უცხოელები სერიოზულ საფრთხეს არ უქმნიან შრომითი ბაზრის ვაკანსიებს?!

“ცხადია, არა! პირიქით – ჩვენს ბაზარზე არსებული ვითარების “შეცნობის” შემდეგ, შედარებით უფრო შეძლებული ინდოელები, ჩვენს ქვეყანაში საკუთარ ბიზნესს იწყებენ და სამუშაოდ თანამემამულეებს იწვევენ”, – განუცხადა Dalma News-ს ერევნის მოქალაქემ, რომელიც არ მალავდა თავის დადებით დამოკიდებულებას ინდოელი “გოსტარბაიტერების” მიმართ.

“ჩვენს რაიონში უკვე გაიხსნა, ან ახლა იხსნება არა ერთი რესტორანი, სასადილო, მაღაზია, რაც ჩემის აზრით, კარგია – ეს დამატებითი საგადასახადო შემოსავალია ეროვნული ბიუჯეტისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. სავარაუდოდ პერსონალს შორის ადგილობრივი კონტიგენტიც ხომ იქნება”, – დასძინა ქალბატონმა.

“შესაძლოა, ამას თავისი დადებითი მხარეც აქვს, მაგრამ გავრცელებული ჭორების თანახმად, ჩამოსულებს შორის ბევრი პაკისტანელია, ისინი კი მუსულმანები არიან. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, ტერაქტის ჩათვლით…”, – განაცხადა კიდევ ერთმა რესპოდენტმა. მისივე თქმით, ჩამოსულებს შორის ძალიან ბევრია მამაკაცი და თუ გავითვალისწინებთ ინდური კინოს წყალობით ჩვენს ქალბატონებში მათი მამაკაცებისადმი არსებულ ნაზ გრძნობებს, ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოგრაფიას.

რესპოდენტის აზრით, სავიზო რეჟიმი, რაც შეიძლება მალე უნდა გამკაცრდეს: “ინდოეთის იმ მოქალაქეების, რომლებიც უკვე წლებია აქ ცხოვრობენ, მიიღეს განათლება, მოიწყვეს ცხოვრება და გულწრფელად შეიყვარეს სომხეთი, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ვხვდები, რომ გამკაცრება ნაწილობრივ მათთან შეეხებათ, თუმცა ამ საკითხში სიფრთხილე უბრალოდ აუცილებელია. სახლში ნებისმიერი შემხვედრის შეშვება დაუშვებელია!”.

ამასთანავე, შესაბამის სტრუქტურებში აცხადებენ, რომ რესპუბლიკაში ნებისმიერ შემხვედრს არ უშვებენ. სწორედ ამ დღეებში, სომხეთის მიგრაციულ სამსახურში განაცხადეს, რომ ინდოეთიდან მიგრანტების ნაკადის გაზრდასთან დაკავშირებით საბუთების შემოწმების პროცედურები გამკაცრდა. თავის მხრივ, სომხეთის პოლიციის საპასპორტო-სავიზო სამმართველოს ხელმძღვანელმა მნაცაკან ბიჩახჩიანმა Sputnik Армения-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: “თუ მიგრანტი სომხეთში სამუშაოდ ჩამოდის, მან შრომითი ხელშეკრულების დამადასტურებელი საბუთი უნდა წარადგინოს. ამის შემდეგ ჩვენი სამსახური საბუთებს ამოწმებს და თუ ის ყალბი აღმოჩნდა, ცხადია ასეთ უცხოელს ქვეყანაში შემოსვლაზე უარს ვეუბნებით”.

ამ საკითხში სიფხიზლე და წინდახედულობა, ცხადია, კარგია. კარგია ასევე ისიც, რომ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში ამ საკითხზე ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციას აპროტესტებენ. სხვამ თუ არა – ჩვენ ხომ კარგად ვიცით, უცხო ქვეყანაში მუშაობა რას ნიშნავს.

“გაიხსენეთ თქვენი მამები და ძმები, რომლებიც უცხო ქვეყანაში სამუშაოს ვერ შოულობდნენ, რათა სამშობლოში ოჯახები ერჩინათ. და ჩვენ რითი ვართ სხვებზე უკეთესები? რატომ ვიშვერთ მათკენ თითებს და რატომ მოვითხოვთ ქვეყნიდან მათ გაყრას?!”,- წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი.

კიდევ ერთმა ქალბატონმა ასეთი კომენტარი დაწერა: “იმის ნაცვლად, რომ მადლობა ვუთხრათ ინდოელებს ჩვენი “შავი სამუშაოს” შესრულებისთვის, პრეტენზიებს გამოვთქვამთ?!… ის, რომ სომხები მთელს მსოფლიოში გაბნეულნი არიან და მუშაობენ – ეს არაფერი. საკმარისია ორი ინდოელი ჩამოვიდეს და მაშინვე განგაშს ვტეხთ?! როგორ მეცოდებიან ადამიანები, რომლებსაც დათმობა და კომპრომისზე წასვლა არ შეუძლიათ!!!”.

 

 

 

 

 

 

 

 

“მართლაც, სირცხვილია უცხოელების ასე ცუდად მოხსენიება. საზღვარგარეთ ათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. მათზე მაინც იფიქრეთ, როცა ამ სისულელეებს წერთ. მე ესპანეთში ვცხოვრობ, აქ ბევრი უცხოელია, ბევრი აფრიკელი და არასდროს არავინ იკადრებს იმას, რომ ისინი ცუდად მოიხსენიოს… ყოველთვის კეთილგანწყობილნი და მეგობრულები არიან. თუ ვინმე ცუდ სიტყვას იტყვის და ისინი ვერ გაიგებენ, რასიზმში დაადანაშაულებენ. აქ ასე არიან აღზრდილები… ჩვენთვის კარგი იქნება, თუ მივბაძავთ და უფრო მეტად ტოლერანტულები ვიქნებით მათ მიმართ, ვინც ჩამოდის და ვისაც სომხეთი უყვარს”, – წერს ფბ-გვერდზე სარა სერგეევნა.

“ისინი ძალიან მშვიდობიანი ადამიანები არიან და თავისთვის წყნარად ცხოვრობენ”, – დაეთანხმა სარას მოსაზრებას ცოვინარ გევორქიანიც.

სხვა “ფეისბუქელები” საერთოდ ხუმრობენ. “…მოამზადეთ სარი, ინდური წესები და სახელები. მაგალითად, პეტროს კაპური!”, – წერს მომხმარებელი სამველ ბეგლარიანი. მომხმარებლის სახელად არტურ ველიკოკნიაზევი “ამშვიდებს”: “სამაგიეროდ, კინემატოგრაფიას ააღორძინებენ”.

აქედან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ მიგრაცია გონივრულ ფარგლებში, ღირსეული “ხარისხი” და მკაცრი კონტროლი აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის სომხეთისთვის. მთავარია, ეს პირობები უზრუნველვყოთ და ჩვენს მეზობლებს პურის ფულის შოვნის საშუალება მივეცეთ.

რა თქმა უნდა, ყველა ზემოაღნიშნული შეფასება დიდწილად ემოციურია. ჩვენთვის ნათელია, რომ შრომითი მიგრაციისას აუცილებელად გასათვალისწინებელია მიმღები სახელმწიფოს განსაკუთრებულობა (ტერიტორია, ეკონომიკური მდგომარეობა, შრომის ბაზრის მოცულობა და სხვ.) და იქ არსებული საზოგადოება (რელიგია, კულტურა და პერსპექტივები). სომეხი მიგრანტი შესაძლოა სასურველი იყოს რუსეთისთვის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩინელი ან ინდოელი მიგრანტები შეიძლება იყონ სასურველები და პირველ ყოვლისა, უმტკივნეულოდ ინტეგრირებულები სომხეთის, ან საქართველოს ცხოვრებასა და ეკონომიკაში. როგორც ამბობენ, სპილოები ცალკე და ბუზები – ცალკე.

ირინა გრიგორიანი