საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციის დასაწყისშივე, ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული არ არის.

“ცენტრი იდგება რეგიონალური უსაფრხოების, სტაბილურობის და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში”, – განმარტა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ცენტრი თავისი შინაარსით და ფუნქციით ხელს შეუწყობს სწორედ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას.

“რაც მთავარია, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ჯარისკაცების კვალიფიცკაციის ამაღლებისთვის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავის მხრივ, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ცენტრი საქართველოს შეირაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას აამაღლებს და უფრო თანამედროვეს გახდის. “ჩვენი თანამშრომლობა უკვე რამდენ წელს ითვლის. ჩვენ დახმარებას ვუწევთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს რათა აამაღლოს თავისი კვალიფიკაცია და უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, ვიდრე ამას აქამდე ვაკეთებდით”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე ალიანსსა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატო აქტიურად მუშაობს საქართველოს თავდაცვის სფეროში  რეფორმების გატარების დასახმარებლად.

“ჩვენ ახლა უფრო მეტად ვხედავთ საქართველოს ნატო-ში და ნატო-ს საქართველოში. ის ვალდებულება, რომელიც ერთად ავიღეთ დროულია და ჯეროვნად მიიწევს წინ. ჩვენი ჯარები გვერდიგვერდ იმყოფებინა უკვე მრავალი წლის განმავლობაში. საქართველო არის მეორე ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ავღანეთში მისიაში და ეს დაკავშირებულია მსხვერპლთან, რომელიც მრავალმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ და მათმა ოჯახებმა გაიღეს. ჩვენ პატივს მივაგებთ ამ მსხვერპლს და მადლიერებას გამოვთქვამთ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატო საქართველოს, ალიანსში გაწევრიანების გზაზე დახმარებას მომავალშიც გაუწევს. “ევროატლანტიკური ინტეგრაცია ნამდვილად მარტივი გზა არ არის, მას ჭირდება დრო, ძალისხმევა და რეალური ცვლილებების განხორციელება. საქართველოს ხალხი და მთავრობა ერთგულია აღნიშნული მიმართულების. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს რეფორმებს, სასამართლო სისტემის რეფორმების ჩათვლით და ხაზს ვუსვამთ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს. ასევე აღვნიშნავ საჭიროებას ამ პროგრესის გაგრძელების. ეს ეხება საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებსაც. ამ სერიოზული რეფომრების გზაზე ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. ნატო- ს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოსაც შეუძლია ნატო-ს იმედი ჰქონდეს”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღებს თუ არა საქართველო მომავალ სამიტზე MAP-ს, ნატო-ს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ამაზე პასუხი არა აქვს.

“მე ნამდვილად არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატო-ს სამიტზე, მაგრამ რაც შემიძლია მოგახსენოთ არის ის, რომ საქართველომ უკვე მოიპოვა საჭირო ინსტრუმენტები, რათა წინ იაროს და წევრობის გზაზე პროგრესი ჰქონდეს. როგორც პოლიტიკური სისტემის, ისე სასამართლო სისტემის რეფორმირების თვალსაზრისით, არის მიღწევები. ამას მივესალმებით და ნამდვილად ენთუზიაზმით გვავსებს, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ერთგულია რეფორმების გზით მოძრაობის.  ჩვენ ვხედავთ პროგრესს და ერთად ვზრდით ნატო-ს საქართველოში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კითხვაზე ელოდებიან თუ არა მთავრობაში რუსეთის მხრიდან აგრესიულ ნაბიჯებს ცენტრის გახსნაზე საპასუხოდ, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან პრაგმატული და კონსტრუქციული მიდგომის შენარჩუნება სურს.

“ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა აგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან. ვაგრძელებთ დიალოგს – გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული დიალოგი და ვართ მოწოდებული, რომ შევინარჩუნოთ ეს პრაგმატული და კონსტრუქციული მიდგომა. ასე, რომ ეს არანაირად არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ცენტრი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათში, ნატო-ს გენერალური მდივანი, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.