საქართველოში, ზაფხულის ტურისტულ სეზონს ცხელი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი დაერთო. წელიწადის ამ დროს, როგორც წესი, პოლიტიკური პარტიები მიტინგებსა და საპროტესტო აქციებს, თავს არიდებდნენ ხოლმე. მიზეზი მარტივია, ქვეყანაში, რომელიც ტურიზმით ირჩენს თავს, არ უნდა შექმნილიყო არასტაბილურობისა და დაუცველობის განცდა. ივნისის ბოლო დღეებში თბილისი საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. ქართული საზოგადოება რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში მიღებას და უფრო მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში განთავსებას აპროტესტებს. პროტესტის პირველი დღეს მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ოფიციალურმა მოსკოვმა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და შესაბამისი ღონისძიებები გაატარეს.

20-21 ივლისის ღამის შემდეგ, თბილისი სხვადასხვა სახის საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. ყველაფერი რუსეთის სათათბიროს წევრის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში სტუმრობით დაიწყო. საზოგადოების პროტესტის თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას შეეცადნენ ოპოზიციონერი ლიდერები. ეს ყველაფერი კი, სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებების მიზეზი გახდა, რის შედეგადაც, ორივე მხრიდან, 240 ადამიანი დაზარალდა.

როგორც Dalma News-ს რამდენიმე ტურისტულ სააგენტოში განუცხადეს, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში, მართლაც იკლო ტურისტებმა რუსეთიდან. ისინი კი, ვინც მაინც ჩამოდიან, ცდილობენ მორიდებულად მოიქცნენ და ზედმეტად არ გააღიზიანონ მასპინძელი. თუმცა ამბობენ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, მათ ქართველებისგან აგრესია არასდროს უგრძვნიათ. თბილისის ცენტრში მიმდინარე პერმანენტული აქციების პარალელურად ხელისუფლება ტურისტულ სექტორში ვითარების გამოსწორებას ცდილობს. საგარეო საქმეთა სამინისტროში იწვევენ დიპლომატიური კორპუსისა და ბრენდირებული სასტუმროების წარმომადგენლებს და არწმუნებენ, რომ საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხოა. ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად, სხვადასხვა ინიციატივებზე მუშაობენ.

“ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მათი მხრიდან დიდი მხარდაჭერა გვაქვს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მაქსიმალურად შევამციროთ ის ზიანი, რომელიც შეიძლება ჩვენს ქვეყანას მიადგეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ყველა ტურისტისთვის უსაფრთხო ქვეყანაა”, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, საქართველოში ტურისტების 20%-იანი ზრდა ფიქსირდება და 2019 წლის 21 ივნისამდე პერიოდის მონაცემებს აქვეყნებენ, ანუ იმ დღემდე, სანამ თბილისის ცენტრში, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდებოდა. მათივე ინფორმაციით, საქართველოში 561,619 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 307,262 შეადგინა, რაც 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20 და 21%-იანი ზრდა არის (8,7 მლნ.). ამბობენ, რომ 2019 წლის ივნისის სტატისტიკური მონაცემების სრული ინფორმაცია ივლისის დასაწყისში შეჯამდება.

ვახტან ჭარაია

სანამ ტურიზმის სფერო სტატისტიკაზე მუშაობს, ლარი კატასტროფული სისწრაფით უფასურდება. ქვეყანაში ტურისტების შესაძლო შემცირებასა და მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე Dalma News-ს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, ვახტან ჭარაია ესაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესები უკავშირდება, როგორც ტურიზმის სფეროს განვითარება, ასევე ეროვნული ვალუტის მერყეობა.

“გვინდა თუ არა, რუსეთი საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. მას სამწუხაროდ, ის ბერკეტები აქვს, რომლითაც შეუძლია საქართველოზე გავლენა მოახდინოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოსთვის გადამწყვეტი არ არის, რა დოზითაც ვართ რუსეთზე დამოკიდებული, თუნდაც ღვინის ან მინერალური წყლების შემთხვევაში, ტურიზმის თუ ფულადი გზავნილების თვალსაზრისით, რომელიც ასევე შეუძლია რუსეთს საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს, ამ მხრივ მართლა ვართ დამოკიდებულნი. მარტივად იმის თქმა, რომ რუსი ტურისტები მხოლოდ 15% არიან, როდესაც სინამდვილეში ეს ასე არ არის, არასერიოზულია. ისინი საქართველოში, ტურიზმის სექტორის შემოსავლის დაახლოებით მესამედს ტოვებენ. რუსი ტურისტების დაკარგვის შემთხვევაში მშპ -ის 5 %-იანი ზრდა 3,5%-მდე ჩამოვა. ეს არის ის პირველადი ნეგატიური ეფექტი რაც შეიძლება საქართველომ მიიღოს რუსი ტურისტების არ შემოსვლის შემთხვევაში”, – აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

მისივე თქმით, ქართული ეკონომიკა ტურისტების მომსახურებაზეა მიბმული, უცხოელი ვიზიტორების შემცირებით კი, შესაძლოა ის სექტორები დაზარალდეს, რომლებიც ტურიზმთან არიან დაკავშირებულნი. რუსი ტურისტები საქართველოში წლის ბოლომდე საერთოდ თუ არ ჩამოვლენ, საქართველოს ეკონომიკამ შესაძლოა 700 მილიონი აშშ დოლარით იზარალოს. ექსპერტის შეფასებით, საქართველოსთვის ეს კატასტროფული დანაკარგი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ საკმარისია იმისთვის, რომ დაზარალდეს ინკლუზიური დასაქმების სფერო, ანუ ის სექტორები, სადაც რიგითი მოქალაქეები არიან დასაქმებულნი. მაგალითად, ბორჯომი რომ არ წავიდეს რუსეთში, ბორჯომის ქარხანა დაიხურება და რამდენიმე ათასი თანამშრომელი დაკარგავს სამსახურს. მაგრამ თუ ტურიზმის სექტორს შეექმნება პრობლემა, მასობრივად დაზარალდებიან ქვედა რგოლები: მცირე ზომის კაფესა და რესტორნების, ოჯახური ტიპის სასტუმროების მფლობელები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ნაკადი არ შეწყდეს, ან ჩანაცვლდეს და მომდევნო წლებში იყოს დივერსიფიცირებული.

რუსეთ-საქართველოს შორის წლობით არსებული პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყნიდან საქართველოს უპრეცედენტოდ ბევრი ტურისტი სტუმრობს. მაგრამ მეორე მხრივ, უნდა იყოს თუ არა საქართველო მზად ვითარების გართულებისთვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს, პოლიტიკური მოსაზრებების გამო, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეწყდეს ტურისტების შემოსვლა, ან მნიშვნელოვნად შემცირდეს მათი რაოდენობა. დაახლოებით 2 წლის წინ, საქართველოს ისრაელთან დაეძაბა ურთიერთობა, რის გამოც, ქართველი ტურისტებისთვის საზღვარი ჩაკეტეს.

ექსპერტს ვახტანგ ჭარაიას მოსაზრებით, ასეთ მზაობაში ქვეყანა ვერ იქნება, თუმცა გარკვეული მექანიზმები უნდა იყოს შემუშავებული იმისთვის, რომ ნეგატიური ეფექტი ცოტათი შერბილდეს და ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მოქალაქეებს ალტერნატივა ჰქონდეთ.

“სრულად და უმტკივნეულოდ ეს პროცესი ვერ გადაივლის. გამოსავალი – ტურისტების მაქსიმალური დივერსიფიკაცია და შეეცადო, სხვადასხვა ქვეყნებიდან, უფრო მეტი ჩამოიყვანო, მაგრამ ეს იმას არ გამორიცხავს რომ რუსი ტურისტები მაინც ჩამოვლენ. მაგრამ 5 წლის შემდეგ, შესაძლოა ისევ განმეორდეს ეს ვითარება. მაგალითად, ჩინეთის ხელისუფლებამ ჩინელ ტურისტს რომ უთხრას საქართველოში არ ჩახვიდეთო, ის ტურისტი ჩამოვა? ყველა რისკის მინიმალიზებას ვერ შეძლებ. უბრალოდ გათვლილი უნდა გქონდეს, რომ იმდენად მცირე იყოს დანაკარგი, რომ მნიშვნელოვნად არ დავზარალდეთ”, – აცხადებს ჭარიაია.

Dalma News-ის კითხვაზე, კარგი პროპაგანდის შემთხვევაში შესაძლებელია, თუ არა მეტი ტურისტის მოზიდვა სხვა მეზობელი ქვეყნებიდან, ვახტანგ ჭარაიამ აღნიშნა, რომ სომხები, რუს ტურისტებთან შედარებით, 4-ჯერ ნაკლებს ხარჯავენ. თუმცა, საჭიროა, ამ მიმართულებით საქართველომ მეზობელ ქვეყნებთან უკეთ იმუშაოს.

ექსპერტის თქმით, მეტი დაფინანსება მეტ შესაძლებლობას იძლევა, შეზღუდული ბიუჯეტი კი, მხოლოდ რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნებში პროპაგანდას ჰყოფნის. შორეული ქვეყნებიდან ტურისტის ჩამოყვანა ბევრად ძვირია.

“ისრაელიდან ერთი ტურისტის ჩამოყვანაზე ბევრად მეტი უნდა დახარჯოს სახელმწიფომ, ვიდრე რუსეთიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან. ამ ბაზრებზე სახელმწიფომ რეკლამაში 1 ლარი რომ ხარჯოს, ერთი ტურისტი წამოჰყვება, მაგრამ იაპონიაში 10 ლარის დახარჯვითაც კი, 1 ტურისტიც ვერ მიიზიდოს. უმჯობესია არა რუსეთზე, ევროპაზე ან ამერიკაზე ვიყოთ დამოკიდებულნი, არამედ მთელი მსოფლიოდან მოდიოდნენ ტურისტები, უფრო მეტად დივერსიფიცირებული ვიქნებით, მაგრამ ხარჯი რომელიც უნდა გაწიო, დიდი იქნება. შესაძლოა ეკონომიკის სამინისტროს რესურსი ჰქონდეს, მაგრამ მაშინ, ბევრი სხვა რაღაც უნდა გააუქმოს”, – აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

რაც შეეხება ლარის კურსის ვარდნას, ექსპერტის თქმით, არ მომენტისთვის არსებული ეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ობიექტური საფუძველი არ არსებობს, მაგრამ მოლოდინები, სპეკულაცია და აჟიოტაჟი მომხმარებელს ნეგატიურად განაწყობს. საჭიროა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში, მარტო რუსეთიდან წელიწადში 1 700 000 ტურისტი შემოდის. მათგან თითო სულ ცოტა, 1300 ლარს ხარჯავს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების მიზნით ახორციელებს მასშტაბურ კამპანიას სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram). ადმინისტრაციის ოფიციალური ტურისტული გვერდიდან – Georgia Travel, უკრაინაში, ბელორუსში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, ისრაელში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში საქართველოს საიმიჯო ვიდეო რგოლი – #EmotionsAreGeorgia, გაეშვა, რომელიც რეალური ადამიანების მიერ სოციალურ მედიაში საქართველოს შესახებ გაზიარებულ სტატუსებზეა დაფუძნებული. სოციალური კამპანიის გაგრძელებას ივლისის ბოლომდე გეგმავენ.

გიორგი ქართველი