Верхний Ларс (Медуза)

21 სექტემბრის შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული დაპირისპირების გამო, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, საქართველოს საზღვრებთან რუსი მიგრანტების გრძელი რიგები გაჩნდა. “ზემო ლარსის” გავლით საქართველოში შემომსვლელთა დიდი ნაწილი არ მალავს, რომ რუსეთიდან პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას გამოექცნენ. რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოდან თურქეთში ან სომხეთში გადასვლას გეგმავს, ნაწილს კი აქ სურს დარჩენა.

რუსეთის პრეზიდენტი არ ჩქარობს მობილიზაციას გამოქცეული თავისი მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვას. ამ ფაქტს, საქართველოში გარკვეული პოლიტიკური ინტერპრეტაციები მოჰყვა, რომ თითქოს პრეზიდენტი პუტინი შეგნებულად უწყობს ხელს საკუთარი მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას. მოსახლეობის პოზიცია ორად გაიყო, ერთი ნაწილი საქართველოს მთავრობისგან საზღვრის ჩაკეტვას მოითხოვს, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ომზე უარის მთქმელთა შემოშვებით საქართველო უკრაინას მის წინააღდეგ მობილიზებულთა რიგების შემცირებაში დაეხმარება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მაქსიმალურად კონტროლდება შექმნილი ვითარება და საქართველოში შემოსული თითოეული პირის შესწავლა მიმდინარეობს, სადაც საფრთხეები არსებობს, იმ ადამიანების მიმართ უარყოფით გადაწყვეტილებას იღებენ. ასევე, შსს-ს დამატებითი ძალებია გაგზავნილი ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე საქართველოს საზღვრის დაკეტვის ლოგიკას ვერ ხედავენ.

ბექა დავითულიანი

“რა ლოგიკაა, რომ არ შემოვუშვათ რუსეთიდან წამოსული ხალხი, ვისაც ფრონტის ხაზზე არ სურს წასვლა. ჩვენ ხომ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ომის მოგებაში, შესაბამისად, თუ ეს ჩვენს ინტერესებს არ დააზარალებს, მივიღებთ მათ, ვისაც არ სურს იქ წასვლა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა.

მისივე ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება უახლოეს მომავალში თავად მიიღებს საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილებას.

საქართველოს მიერ რუსი ტურისტებისა და მობილიზაციას გამოქცეულთა მიღების წინააღმდეგია ოკეანეს გადაღმა ამერიკელი პოლიტიკოსი ადამ კინზინგერი და ქართველ ხალხს მოუწოდებს გაიღონ მსხვერპლი, საზღვრის დაკეტვა მოითხოვონ და რუსი ტურისტები მცირე ხნითაც არ დაუშვას ქვეყნის ტერიტორიაზე.

“საბრძოლო ასაკის მამაკაცების შემოდინება ძალზე საშიშია ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი მოკავშირისთვის. უნდა გვესმოდეს, რომ ეს მსხვერპლი, ტურიზმი (საქართველოსთვის) ძალიან მნიშვნელოვანია”, – წერს კინზინგერი სოციალურ ქსელში.

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცები შემოდიან.

ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსეთიდან საქართველოში ადამიანების შემოსვლა ქვეყანას საფრთხეს არ უქმნის და საზღვრის ჩაკეტვა საქართველოს მოქალაქეებს დააზიანებს, განსაკუთრებით მათ, ვინც რუსეთში ცხოვრობს და შექმნილ ვითარებაში სამშობლოში სურთ დაბრუნება.

“ჩვენი თანამოქალაქეები მრავლად ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში და მათაც აქვთ ინტერესი, შემოვიდნენ საქართველოში. აქედან გამომდინარე, საზღვრის ჩაკეტვა არ იქნება სწორი. ეს დააზიანებს ქართველების ინტერესებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში. ამის მიღმა არის მრავალი საკითხი, რაც უნდა იყოს მხედველობაში მიღებული. მთავარია, რომ ეროვნულ უსაფრთხოებას პრობლემა არ შეექმნება”, – განაცხადა კობახიძემ.

საკითხს გამოეხმაურა აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი მაიკლ კარპენტერი და ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა, რომ გაზრდილი მიგრაციის პირობებში ყველა ქვეყანამ თავად უნდა დაადგინოს მისთვის უსაფრთხო რეჟიმი. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება – რამდენი და რა რაოდენობით შეუშვას ქვეყანაში.

“რა თქმა უნდა, ეს არის უპრეცედენტო ვითარება, რომლის წინაშეც თქვენი ქვეყანა დგას, გაქვთ ძალიან დიდი ნაკადი ძირითადად ახალგაზრდა ადამიანებისა, რომლებიც რუსეთიდან ამ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ჩამოდიან…”, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

თუმცა იქვე დასძინა, რომ მეორე მხრივ პატივისცემას იმსახურებს ქართველების წუხილი, რუსეთის მოქალაქეების მოზღვავებასთან დაკავშირებით…

არჩილ სიხარულიძე

პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე კინზინგერს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისი ეს განცხადება არ შეესაბამება აშშ-ს ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას, რადგან ამერიკის მთავრობა პირიქით, რუსეთის მოქალაქეებს იქით ეპატიჟება, – “აქ იმუშავეთ და კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანებაო”.

არჩილ სიხარულიძის შეფასებით, ამ თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლების მოქმედება 2 მიზეზის გამო არის გამართლებული. პირველი ის, რომ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, ვის ეომება, რუსეთის მთავრობას, თუ რუს ხალხს? და მეორე, რუსეთიდან არ ჩამოდიან ლტოლვილები, ჩამოსულთა უმრავლესობა შეძლებული ადამიანები არიან, მათ აქვთ საკუთარი ბიზნესი და შემოსავალი.

“ისინი აქ არ მოდიან ლტოლვილებად, რომელსაც არ გააჩნია ფული, საცხოვრებელი ადგილი და საქართველოს მთავრობისგან ფულად დახმარებას ელოდებიან. დასავლეთსაც კი ამ საკითხში ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს, რომ ისინი არ ეომებიან რუს ხალხს, არ უქმნიან პრობლემებს რუსეთიდან გამოქცეულ მოქალაქეებს. ჩვენც არ უნდა შევუქმნათ მათ პრობლემები. ეს ადამიანები შემოდიან და საქართველოში ფულს ხარჯავენ, რაც იწვევს აშშ დოლარის კურსის ვარდნას”, – განუცხადა Dalma News-ს არჩილ სიხარულიძემ.

მისივე თქმით, საზოგადოების ერთ ნაწილს ამ საკითხის მიმართ გაზვიადებული შიშები აქვს.

“პოლიტიკური აქტორები რუსეთს წლების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ საფრთხობელას და დღეს, როდესაც ეს პოლიტიკური ძალები გაკოტრებულები არიან და საზოგადოებისთვის არაფერი აქვთ შესათავაზებელი, ცდილობენ მანიპულაციის საგნად რუსეთი და რუსეთის მოქალაქეები გამოიყენონ”, – აცხადებს პოლიტოლოგი.

არჩილ სიხარულიძის თქმით, დღეს ხელისუფლებაში ექსპრეზიდენტი სააკაშვილი და მისი პარტია რომ ყოფილიყო, ისინი რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარს არა თუ არ დაკეტავდნენ, რუსეთის მოქალაქეებს იმაშიც კი დაეხმარებოდნენ, რომ საკუთარი ბიზნესი საქართველოში გადმოეტანათ.

“ჰუმანიტარულ საფრთხეს ეს ადამიანები ვერ შექმნიან, იმიტომ, რომ ესენი არ არიან უსახლკაროები. ერთადერთი პრობლემა, რაც ამან შეიძლება შეუქმნას ქვეყანას, არის ფასების ზრდა, განსაკუთრები კერძო სექტორში, გაიზრდება ბინის ქირა. ეს ყველა სახელმწიფოში ხდება, სადაც აქტიურად ჩადიან სხვა ქვეყნების მოქალაქეები და კერძო საკუთრებას ყიდულობენ. როცა არის მყიდველი, ფასებიც იზრდება. სახელმწიფო უბრალოდ მაქსიმალურად უნდა შეეცადოს დააბალანსონ ეს ვითარება არ იტრაბახოს, თითქოს ეკონომიკა დიდი ტემპებით იზრდება. საკუთარ თავს არ უნდა ატყუებდეს და ემზადებოდეს იმისთვის, რომ ძალიან მალე დოლარის ეს ნაკადი შემცირდება და შესაბამისად დოლარის კურსი ისევ აიწევს”, – აცხადებს არჩილ სიხარულიძე.

Гулбаат Рчиладзе

ორგანიზაცია “ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე Dalma News-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ საკითხის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი უადგილოა, რადგან საქართველოში წამოსულები რუსეთის მოსახლეობის 1%-საც არ შეადგენენ.

“ჩვენ კანონს უნდა მივაქციოთ პირველ რიგში ყურადღება. ხელისუფლებას შეუძლია გარკვეული შეზღუდვები დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, მაგრამ ამის საფუძველი და გონივრული საჭიროება თუ არ არსებობს, რატომ უნდა დავაწესოთ? თუ რუსეთის ხელისუფლებას არ ენდომება ამ ხალხის გამოშვება, თვითონ დააწესებს შეზღუდვას. ჩვენი ხელისუფლება ამ შემთხვევაში ეკონომიკური მომგებიანობის თვალსაზრისით უდგება ამ საკითხს. მიაჩნია, რომ ზედმეტი ფულის შემოდინება კარგია, თუმცა ამას აქვს მეორე უარყოფითი მხარეც, – ფასების ზრდა, სერვისების გაუარესება და ა.შ”, – აცხადებს გულბაათ რცხილაძე.

მისივე თქმით, ასეთ დროს საჭიროა გაიმართოს საექსპერტო მსჯელობა, მაგრამ საქართველოში, როგორც ყოველთვის ასეთი დისკუსიები არ იმართება და ყველაფერი ემოციებსა და დინებაზეა მიშვებული. შესაბამისად ვერ ვისაუბრებთ, არის თუ არა ქვეყანა მზად ასეთი გამოწვევისთვის.

რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხს, გულბაათ რცხილაძე ეთანხმება ხელისუფლებას იმაში, რომ სტატისტიკის თანახმად, რუსეთიდან შემოსულებს კრიმინალი არ ჩაუდენიათ.

“ამიტომ არ უნდა გვქონდეს რაღაც ფობია და ზედმეტი შიში ამ ხალხის მიმართ, თუმცა გამონაკლისები არის ხოლმე. გარდა ამისა, სავიზო რეჟიმის რომ იყოს, ეს არ გამორიცხავს აგენტურის ან ექსტრემისტული ორგანიზაციების მიერ საზღვრის გადმოკვეთას”, – აცხადებს რცხილაძე.

გიორგი ქართველი