გულის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 29 სექტემბერს, ერთდრულად აღინიშნება იმ 100 ქვეყანაში, რომლებიც მსოფლიო გულის ფედერაციის წევრები არიან. მათ შორის არის საქართველოს გულის ფონდიც, რომლის პრეზიდენტია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ მამაცაშვილი. ამ დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწყობა მთელი რიგი ნაციონალური ღონისძიებები: საჯარო საუბრები, სკრინინგი, სვლა და სირბილი, სამეცნიერო შეხვედრები, სატელევიზიო შოუები, კონცერტები და სპორტული ღონისძიებები.

ქართველმა სპეციალისტებმა წლევანდელი თარიღი, თბილისის 35-ე სპორტული სკოლის ბაზაზე ფეხბურთის გამართვითა და სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნეს, სადაც მოხსენებებით გამოვიდნენ ცნობილი ქართველი კარდიოლოგები. გულის მსოფლიო დღის წლევანდელი სლოგანია “ერთი სამყარო”. საქართველოს გულის ფონდის პრეზიდენტის, ევროპის კარდიოლოგთა და ამერიკის გულ-ფილტვის ასოციაციის საპატიო წევრის მერაბ მამაცაშვილის განმარტებით, ადამიანისთვის გაჯანსაღების დასაწყებად ოჯახი საუკეთესო ადგილია. კერძოდ, ოჯახური აქტივობები, როგორიცაა ჯანსაღად კვება, ფიზიკური აქტივობის ოპტიმიზაცია და თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყობა ოჯახში, კარდიოვასკულური დაავადებების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა.

“სწორედ ამიტომ, მსოფლიოს გულის ფედერაცია და მისი წევრები, წლევანდელი გულის მსოფლიო დღის ფოკუსირებას ახდენენ ოჯახებში კარდიოვასკულური დაავადებების რისკ ფაქტორების შემცირებაზე,”, – აცხადებს სპეციალისტი.

კარდიოვასკულურ დაავადებათა რისკფაქტორებია: მაღალი არტერიული წნევა, ჭარბი წონა და სიმსუქნე, სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის მაღალი დონე, ხილისა და ბოსტნეულის არასაკმარისი მიღება, თამბაქოს მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გათვლებით, 2030 წლისთვის კარდიოვასკულური მიზეზებით 23.6 მილიონი ადამიანი გარდაიცვლება. მსოფლიოს გულის ფედერაციაში მიაჩნიათ, რომ ნაადრევი სიკვდილის სულ ცოტა 80%-ის თავიდან აცილება არის შესაძლებელი, თუ ძირითადი რისკ-ფაქტორები თამბაქო, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება გაკონტროლდება.

მერაბ მამაცაშვილი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს თითოეულ მოსახლეს შეუძლია შეამციროს კარდიოვასკულური დაავადების ტვირთი, მისი რისკ ფაქტორების უკეთ გააზრებით და შესაბამისი ქცევის ცვლილებით. სტატისტიკის თანახმად 2012 წელს მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით 17.5 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ნიშნავს, რომ ყოველი 10 გარდაცვლილი ადამიანიდან სამი სწორედ ამ მიზეზით იღუპება. აქედან 7.4 მილიონი კი გულის იშემიური დაავადებით დაიღუპა. ეს სტატისტიკა ნათლად გვიჩვენებს, თუ რაოდენ აქტუალურია გულის დაავადებათა პრევენციის თემა მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებაში.

გულის მსოფლიო დღე პირველად 2000 წელს აღინიშნა, რათა მსოფლიო მოსახლეობისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გულის დაავადებები და ინსულტი მსოფლიოში სიკვდილის უმთავრესი მიზეზია.

ქალები და გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა რისკი

მითი იმის შესახებ, რომ გულის კორონარული დაავადება ,,მამაკაცთა დაავადებაა“, გაქარწყლდა და ყოველწლიურად მსოფლიოში 9,1 მილიონი ქალი იღუპება გულის კორონარული დაავადებითა და ინსულტით. ანუ უფრო მეტი, ვიდრე კიბოთი, ტუბერკულოზით, შიდსითა და მალარიით ერთად. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, გულის კორონარული დაავადებისა და ინსულტის თავიდან აცილება შესაძლებელია.

იმის გამო, რომ ქალებში ამ დაავადებას სპეციფიკური სიმპტომები და მიმდინარეობა ახასიათებს, ხშირად ისინი არადიაგნოსტრებული და არანამკურნალებია. 45 წელზე უფროსს ქალბატონებში 50%-ზე მეტი და 65 წელს გადაცილებულ ქალბატონთა 75%-ზე მეტ შემთხვევაში, ხშირია მომატებული არტერიული წნევა, რაც მთავარი რისკის ფაქტორია სისხლძარღვოვანი გართულებების განვითარებისთვის. ქალების დაახლოებით 70 %- ში ის იწვევს ინსულტის განვითარებას.

საქართველოში ჩატარებული კვლევების მიხედვით, რეპროდუქციული ასაკის ქალების 12%-ის სიკვდილის მიზეზი გულ–სისხლძარღვთა დაავადებებია, უფრო ხშირად კი არაეფექტიანი მკურნალობა. დაავადების პროგნოზი ბევრადაა დამოკიდებული მისი დროულად გამოვლენაზე.

2011 წელს გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბათუმში გაიმართა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამოკვლევის აქცია, რომლის დროსაც გამოკვლეული ქალების მესამედზე მეტს მომატებული არტერიული წნევა აღმოაჩნდათ, ამათგან დაახლოებით 15%-ში ეს მდგომარეობა პირველადა დაფიქსირდა. ხშირია ამ ჯგუფის ქალებში ჭარბი წონა, სუფრის მარილის ჭარბი მოხმარება და ა.შ. რაც შეეხება ჰიპერტენზიის მკურნალობას, აღმოჩნდა, რომ მომატებული წნევის მქონე პირების უმრავლესობა არაეფექტიანად მკურნალობს და ვერ აღწევს ე.წ. სამიზნე წნევას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – გულის იშემიური ავადმყოფობის მატების მახასიათებლებით, 2013 წლის მაგალითზე გამოირჩევა კახეთის რეგიონი. ამ მხრივ აქ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. რაც შეეხება ქვემო ქართლს, პირველადი ჯანდაცვის დონეზე გულის იშემიური დაავადების პრევალენტობისა და ინციდენტობის მაჩვენებლები ყველაზე დაბალია. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ რეგიონში გულის იშემიური დაავადების დებიუტი ძირითადად მწვავე კორონარული ინციდენტით დგება.

და ბოლოს… ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გათვლებით, მსოფლიოში 1,3 მილიარდი მწეველია და მათი რიცხვი 2025 წლისათვის 1,7 მილიარდს მიაღწევს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თამბაქოს რისკი ქალებში, რომლებიც ყოველდღიურად 15 ღერამდე სიგარეტს ეწევიან. მათ გულის კორონარული დაავადების განვითარების რისკი 3– 5ჯერ ეზრდებათ, ხოლო თუ მოწეული სიგარეტის ღერების რაოდენობა ამ ჯგუფში აღემატება 15–ს, რისკი 20–ჯერ იზრდება.