თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, აზერბაიჯანში მქადაგებელ ფეთჰულაჰ გიულენის მიმდევრების წინააღმდეგ, დიდი კამპანია დაიწყო. გიულენისტები ქვეყანაში მთავრობის დამხობას გეგმავდნენ, შედეგად სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტებად იქცნენ.

ინფორმაცია აზერბაიჯანის შს მინისტრმა რამილ უსუბოვმაც დაადასტურა. “აზერბაიჯანში პირველად გადადგამენ საჭირო ნაბიჯებს ტერორისტული ორგანიზაცია “ფეტოს” (ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობა) წევრების წინააღმდეგ. ჩვენ შემდგომშიც განვაგრძობთ ამ პრობლემის უმაღლეს დონეზე მოგვარებას”, – განაცხადა შს მინისტრმა.

მისივე თქმით, ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში აზერბაიჯანი და თურქეთი წარმატებით თანამშრომლობენ. “ასევე ვაგრძელებთ თანამშრომლობას თურქეთის ტერიტორიაზე ტერორისტული ორგანიზაცია “ფეთოს” სრული ლიკვიდაციისთვის”, – განაცხადა მან.

usubovგარდა ამისა, უსუბოვმა ტელეარხი “ANS”-სი გიულენის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. მინისტრის თქმით, ტელეარხი სწორედ ამ მიზეზით დაიხურა.

აზერბაიჯანის ხელისუფლებას საკმარისზე მეტი საბაბი აქვს იმისათვის, რომ გიულენისტების საქმიანობის გამო, განგაში ატეხოს. რამდენიმე კვირის წინ მოძრაობა ფეთჰულაჰ გიულენის ყოფილმა კოორდინატორმა კავკასიაში, ჰაიათ კუჩუკმა, რომელსაც ამ ორგანიზაციაში ერთ-ერთი მთავარი თანამდებობა ეკავა და საქართველოში გიულენის სკოლებს ხელმძღვანელობდა, თურქულ გაზეთ Sabah-ს სენსაციური ინტერვიუ მისცა.

როგორც კუჩუკი ამბობს, პენსილვანიაში გიულენის შტაბ-ბინაში გიულენისტების მოძრაობის ხელმძღვანელობის თათბირის დროს, მას ბაქოდან დაურეკეს და უთხრეს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და აზერბაიჯანის მთავრობა გიულენისტებს ძალიან ავიწროებენ. ფეთჰულაჰ გიულენმა ამის საპასუხოდ აზერბაიჯანული მთავრობის მისამართით მუქარა არ დაიშურა და განაცხადა, რომ “მათ, ყველას კასპიის ზღვაში ჩაყრის”.

Kuchukკითხვაზე, რამდენად ხშირად ვრცელდება ინფორმაცია გიულენის ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ და შეძლებენ თუ არა არსებულ ვითარებაში გიულენისტები აზერბაიჯანში თავიანთი გავლენის შენარჩუნებას, კუჩუკმა განაცხადა, რომ გიულენისტები ყველგან საიდუმლოდ მოქმედებენ.

“აზერბაიჯანში გიულენისტები ჩუმად მოქმედებენ. გიულენი ყოველთვის ამბობდა, რომ ისინი არ ტოვებენ იმ ადგილებს, რომლებიც ოდესღაც დაიკავეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში სკოლები დაიხურა, რუსეთის ფედერაციის სუბიექტებში ისინი მაინც მოქმედებენ. ეს რეალობაა. მათ რომ ილჰამ ალიევის ხელისუფლება დაემხოთ, მთელს აზერბაიჯანს ხელში ჩაიგდებდნენ. როგორც ერთმა ერმა და ორმა სახელმწიფომ გიულენისტები ისტორიის სანაგვეზე უნდა მოვისროლოთ”, – განაცხადა კუჩუკმა.

ჰაიათ კუჩუკი გიულენის მოძრაობას 25 წლის განმავლობაში ემსახურებოდა. სამი წლის წინ ორგანიზაცია დატოვა და პრესაში გიულენისტების მთელი საქმიანობა გამოააშკარავა.

აზერბაიჯანის პროკურატურის ინფორმაციით, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, გიულენისტები ანალოგიურ მოძრაობას აზერბაიჯანშიც გეგმავდნენ.

“აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფეტჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის მომხრეების უკანონო მოქმედებების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით”, – განაცხადა აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრეს-მდივანმა ელდარ სულთანოვმა.

ეჭვგარეშეა, პუტჩისტებს გადატრიალება რომ მოეხდინათ, ერდოღანი გადაეყენებინათ და ხელისუფლება ხელში ჩაეგდოთ, აზერბაიჯანის წინააღმდეგ დიდ ფრონტს გაშლიდნენ. ეს ცარიელი სიტყვები და ხმამაღალი განცხადებები არ არის. თურქეთის პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ღიად აცხადებენ, რომ გიულენისტები სახელმწიფოს გადატრიალებას აზერბაიჯანის წინააღმდეგაც გეგმავდნენ. ზუსტად ისე, როგორც ეს ზოგიერთ თურქმენულ ქვეყანაში მოხდა, სადაც თურქულმა ისლამმა – გიულენის პროტესტანტობამ ფესვები გაიდგა. ისეთი სერიოზული პოლიტიკოსები, როგორებიც ბინალი ილდირიმი და მევლიუდ ჩავუშოღლუ არიან, ტყუილად არაფერს იტყვიან, თუ მათი სიტყვები ფაქტებით არ არის გამყარებული.

აზერბაიჯანის ხელისუფლებას ყველაზე მეტი შეკითხვა ოპოზიციური სახალხო ფრონტის ლიდერ ალი კერიმლისთან აქვს. მიაჩნიათ, რომ სწორედ მისი მომხრეები მონაწილეობდნენ გასული წლის ბოლოს ნარდარანში ამბოხების მოწყობაში. მაშინ აგრესიულად განწყობილმა კლერიკალებმა 8 ადამიანი მოკლეს, მათ შორის რამდენიმე პოლიციელი.

Kerimliბოლო დროს, თავად კერიმლიმ კურსის შეცვლა სცადა. თურქული პუტჩის წარუმატებლობის შემდეგ მან, როგორც აზერბაიჯანში, ისე თურქეთში ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდამჭერი მოსაზრებების გამოხატვა დაიწყო. მაგრამ არსებობს მტკიცებულებები, რომ სწორედ მისი მომხრეები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ გიულენისტებთან და მათგან ფულს, ძირითადად ფინანსური პირამიდების მეშვეობით იღებდნენ.

თურქული ტელეარხ Barış TV-ის ეთერში წლების განმავლობაში გადიოდა კერიმლის მომხრე ჟურნალისტის განიმათ ზახიდის ოდიოზული ტელეგადაცემა Azərbaycan saatı (აზერბაიჯანის საათი). გადაცემა მთლიანად აზერბაიჯანული ხელისუფლების დაგმობას ეძღვნებოდა.

ოფიციალური ბაქოს კულუარებში ხშირად გაისმოდა კითხვა: როგორ უშვებს ერდოღანის ხელისუფლება, ორი პრეზიდენტის არა მხოლოდ მეგობრული, არამედ მოკავშირული დამოკიდებულებების მიუხედავად, თავის სატელევიზიო სივრცეში მსგავს მანკიერებას?! თუმცა, ეს რიტორიკული კითხვაა და თურქები ამაზე მხოლოდ მხრებს იჩეჩავენ.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთანავე, ხელისუფლებამ პირველ რიგში სწორედ ტელეარხი Barış TV დახურა. როგორც აღმოჩნდა, გიულენიზმის ერთ-ერთ რუპორს სწორედ ის წარმოადგენდა და პირდაპირ ეთერს ანტი ალიევურ პროპაგანდასაც დიდი ენთუზიაზმით უთმობდა. შესაძლოა, თავის დროზე თურქები სწორედ ამიტომ იჩეჩავდნენ მხრებს?!

ტელეარხის დახურვის შემდეგ, ყველაზე პარადოქსალური ის იყო, რომ კერიმლი და მისი აგიტატორები თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორიზმში დადანაშაულებულ ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირს უარყოფდნენ. თუმცა, ტელეარხი სწორედ გიულენის ღია პროპაგანდის მხარდაჭერის და ამჟამინდელი თურქული ხელისუფლების დამხობის მცდელობისთვის დაიხურა.

Gyulenხელისუფლების ოპონენტებს კი მიაჩნიათ, რომ გიულენისტური მოძრაობის, როგორც აზერბაიჯანში არსებული რეჟიმის რეალური ოპოზიციონერის ინტერპრეტაცია კრიტიკას ვერ უძლებს. გიულენის ბიზნეს სტრუქტურებმა, განათლების სისტემამ და მედიამ აზერბაიჯანში სსრკ-ს დაშლის პერიოდში შეაღწია. გიულენის ემისრები ცდილობდნენ ურთიერთობების დამყარებას ჯერ პრეზიდენტ მუთალიბოვის, შემდეგ ელჩიბეის და ჰეიდარ ალიევის დროსაც კი. ყველამ, ვინც ოდნავ მაინც იცნობს აზერბაიჯანის მართვის სისტემას, შესანიშნავად იცის, რომ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ასეთი დიდი მოქმედებების განვითარება შეუძლებელია, ისევე როგორც შეუძლებელია ოპოზიციის მიერ იმ ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა, რომელიც თავის პოლიტიკურ სისტემას თანმიმდევრულად და მკაცრად აკონტროლებს.

კრიტიკას ვერც ის ფაქტი უძლებს, რომ 25 წლის განმავლობაში (აქედან 23 წელი ამჟამინდელ რეჟიმზე მოდის) სამართალდამცავი ორგანოები, განათლების მინისტრი და სხვადასხვა ექსპერტები ვერც კი ამჩნევდნენ თავიანთ ცხვირწინ გიულენურ ქსელს. შესაძლოა, ვერც ახლა შეამჩნევდნენ რომ არა გიულენისტების თავისუფალი მოღვაწეობის თაობაზე აზერბაიჯანის მთავრობისთვის მიცემული ერდოღანის მთავრობის ორი შენიშვნა.

პირველი ასეთი შენიშვნის შემდეგ, 2014 წელს თანამდებობები რამდენიმე სახელმწიფო მოხელემ დაკარგა, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც. თუმცა, მათი წასვლა გიულენისტებთან , ან ნურსისტებთან ოფიციალურად არ დაუკავშირებიათ. გიულენისტების განათლების სისტემა შენარჩუნდა, ხოლო ტელეარხი Saman ТВ Araz-ის არხზე რადიო FM Burj-ად და Xazar ТВ -ად გარდაისახა.

ოპოზიციის შესახებ იმ დროისათვის არაფერს ამბობდნენ და არც არავინ ადანაშაულებდა მას გიულენთან კავშირში. ჩნდება კითხვა: აზერბაიჯანში გიულენისტების 25 წლიანი საქმიანობის პერიოდში მისი ათობით ათასმა კურსდამთავრებულმა სახელმწიფო და ბიზნეს სტრუქტურებში დაიწყო მუშაობა. ბევრი მათგანი ვაკანსიის მისაღებად სახელმწიფო კონკურსებში მონაწილეობდა და წარმატებითაც. შეიძლებოდა თუ არა, რომ ეს ოპოზიციის პროტექციით მომხდარიყო? თუ დიახ, მაშინ ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ აზერბაიჯანში ოპოზიცია სახელმწიფოს აკონტროლებს?

როგორც ოპოზიციური სააგენტო “ტურანი” იტყობინება, ამჟამინდელი ანტიგიულენური ტალღა თურქეთის ივლისის სამხედრო პუტჩის მარცხის შემდეგ დაიწყო და ამას შედეგად გიულენთან თანამშრომლობისთვის ოპოზიციის კი არა, ილჰამ ალიევის მთავრობის კრიტიკა მოჰყვა. ოფიციალურმა ბაქომ თავის რიგებში მორიგი წმენდის ნაცვლად, ამჯერად ტრადიციული ოპონენტების შევიწროება, სახალხო ფრონტის რიგებში დაიწყო და აზერბაიჯანში გიულენის კერად გამოაცხადა.

მაქსუდ თალიბლი (ბაქო)