კარვები, ბოქლომები, კასრები, წყლის ჭავლი და ცივი ნოემბერი. გაერთიანებული ოპოზიციის მწვავე და მილევადი საპროტესტო გამოსვლები ვერ ცვლის საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგს და ჯერჯერობით, არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ 2020 წლის არჩევნები შერეული სისტემით არ ჩატარდება, ანუ 77% პროპორციულს + 73 მაჟორიტარი დეპუტატი.

საკითხი, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინათ, “ქართულ ოცნება” გახლიჩა, ხოლო ოპოზიცია გააერთიანა, თითქოს მყარად გადაწყვეტილია, მაგრამ მმართველ გუნდში რყევებს იწვევს. საერთო ჯამში, “ქართული ოცნება” არ თმობს იმას, რაც თავის დროზე არ დათმო “ნაციონალურმა მოძრაობამ” და რისი დათმობის განსაკუთრებული სურვილი არც 2012 წელს, “ოცნებასთან” კოალიციაში შემავალ პარტიებს ეტყობოდათ. მაგრამ დღეს, ის პარტიები “ოცნების” კოალიციაში აღარ არიან და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პროპორციული შეცვლის ძალიან დიდი სურვილი აქვთ. ახალ კონსტიტუციაში კი, რომელიც 2016 წელს, “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობამ შეცვალა, წერია, რომ პროპორციული სისტემით არჩევნები საქართველოში, მხოლოდ 2024 წლიდან ჩატარდება. მანამდე კი, უნდა გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობები, განხორციელდეს ხელისუფლების დეცენტრალიზაცია.

ოპოზიცია ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობს, ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ კრიზისის ჩანასახსაც ვერ ხედავენ, რომ ოპოზიციის პროტესტიცა და ქუჩის აქციებიც მილევადია. ამასობაში, “ქართული ოცნების” ის მაჟორიტარი დეპუტატები გააქტიურდნენ, რომლებმაც შერეული საარჩევნო სისტემის შეცვლას მხარი არ დაუჭირეს და სადეპუტატო მანდატი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვის გატეხის ფასად გამოიყენეს. ისინი პროპორციული სისტემის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას აპირებენ. ამით სურთ დაამტკიცონ, რომ ქართველ ამომრჩეველს არც “ნაციონალური მოძრაობა” სჭირდებათ და არც მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შანსის შექმნა.

ბიძინა ივანიშვილი

ოპოზიცია მოითხოვს, საქართველოში დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის ე.წ. “გერმანული მოდელის” მიხედვით მოდიფიცირდეს. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ პარლამენტის დაკომპლექტების გერმანული ვარიანტი თანხვედრაში არ არის საქართველოს კონსტიტუციასთან. ოპოზიციაში კი, პირიქით, განმარტავენ, რომ კონსტიტუცია მხოლოდ პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების რაოდენობას განსაზღვრავს და არ აკონკრეტებს, შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციული და მაჟორიტარული კომპონენტები პარალელურია, თუ პროპორციული სიის განაწილება დამოკიდებულია მაჟორიტარულ ოლქებში დამდგარ შედეგებზე.

მათივე განმარტებით, ორივე კომპონენტში ადგილების განაწილების წესს განსაზღვრავს “საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, რომელიც, დღეს არსებული რედაქციით, პროპორციულ კომპონენტში ადგილების მაჟორიტარულისგან დამოუკიდებლად განაწილებას ითვალისწინებს. აღნიშნული გარემოება იძლევა საშუალებას, “საარჩევნო კოდექსში” ცვლილების შეტანით საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებისთვის ამოქმედდეს შერეული საარჩევნო სისტემის ე.წ. “გერმანული მოდელის” მოდიფიცირებული ვარიანტი, ისე, რომ არ შეიცვალოს პროპორციული და მაჟორიტარული ადგილების კონსტიტუციით განსაზღვრული თანაფარდობა პარლამენტის სრულ შემადგენლობაში.

ერთი სიტყვით, “გერმანული მოდელით” ამომრჩეველი ირჩევს, როგორც მაჟორიტარ დეპუტატს, ისე პარტიული სიას. პარლამენტში კი პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის ადგილების განაწილების განმსაზღვრელი არის პროპორციული სისტემის საფუძველზე მიღებული ხმები. ანუ მაჟორიტარები გინდ აგვირჩევია და გინდ არა, მათ პარტიული სიით შესული დეპუტატები ჩააჩოჩებენ.

საქართველოში კონსტიტუცია დღეს, პარლამენტის შემადგენლობას 150 დეპუტატით განსაზღვრავს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, საია და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი) განმარტავენ, მაჟორიტარულ კომპონენტში გამოვლენილი მანდატების არაპროპორციულობის დაბალანსება შესაძლებელია მანდატების ფიქსირებული ჯამური რაოდენობის პირობებშიც. შესაძლოა, ამ ფაქტორმა გაართულოს მანდატების იდეალური პროპორციით განაწილება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ე.წ. „გერმანული მოდელით“ განაწილებული მანდატები უფრო მეტად პროპორციულ და სამართლიან თანაფარდობას მოგვცემს, ვიდრე საქართველოში დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემაო.

ვახტანგ ხმალაძე

Dalma-News-ს ცნობილ კონსტიტუციონალისტსა და პარლამენტის ყოფილ წევრ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა. ის არჩევნების მაჟორიტარული სისტემის მოწინააღმდეგე იყო 2016 წელსაც, როცა კონსტიტუციაში ცვლილებები შედიოდა, მაგრამ მაშინ მის ინიციატივას მხარი არც ერთმა პარტიამ არ დაუჭირა. მათ შორის, არც იმათ, ვინც დღეს ქუჩაში დგას და ხელისუფლებას კომპრომისზე წასვლას კონსტიტუციის დარღვევის ფასადაც კი აიძულებენ.

2016 წელს, “გერმანული მოდელის” შესახებ კანონპროექტი პარლამენტში “რესპუბლიკელების” ფრაქციამ წარადგინა, რომელიც კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შედიოდა მაშინ. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ვახტანგ ხმალაძეც იყო. ​კონსტიტუციონალისტის განმარტებით, გერმანული მოდელი იმით არის უნიკალური, რომ არც ერთ პარტიას არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ თუ პარტიის მხარდაჭერა არის 50 %-ზე ნაკლები, პარლამენტში 50 %-ზე მეტი ადგილი მიიღოს.

“ეს სისტემა გერმანელებმა შემოიღეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და მას შემდეგ არ შეუცვლიათ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ სისტემამ თავისი ფუნქცია შეასრულა”, – აცხადებს ხმალაძე.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” კეთილი ნების შემთხვევაში, გერმანული მოდელის მიღება 2 კვირაშია შესაძლებელი. ძაღლის თავი კი იმაშია დამარხული, რომ მმართველ პარტიას არ ეთმობა ის უსამართლო უპირატესობა, რასაც მას აძლევს არსებული სისტემის შენარჩუნება აძლევს.

Dalma News-ის კითხვაზე, უზრდის თუ არა პროპორციული სისტემა “ნაციონალურ მოძრაობას” შანსს ფართო შემადგენლობით შევიდეს 2020 წლის პარლამენტში, ვახტანგს ხმალაძე განმარტავს, რომ 2012 წლის არჩევნების წინ, ხალხი რევოლუციურად იყო განწყობილი და მაჟორიტარულ არჩევნებშიც კი, მანდატების დიდი ნაწილი ოპოზიციამ მოიგო. “ქართული ოცნების” კოალიციამ მაშინ, საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება ჩაანაცვლა.

ხმალაძის მოსაზრებით, რევოლუციური ვითარება 2020 წლის არჩევნების დროსაც თუ შეიქმნა, “ნაციონალურ მოძრაობას” მანდატების მოპოვების შანსი ეზრდება, რადგან სწორედ ეს პარტიაა რევოლუციის შემოქმედი.

“რამდენადაც ვიცნობ “ნაცმოძრაობას”, მათი არა ერთი მოქმედება მიუთითებს, რომ მათთვის ხელსაყრელია ასეთი ვითარების შემქმნა. მაგრამ არიან პარტიები, რომლებიც ხედავენ, რომ პროცესების რევოლუციური განვითარება ქვეყნისთვის იქნება სახიფათო და ცდილობენ გამოძებნონ გზები, რომ საქმე მძიმე დაპირისპირებამდე არ მივიდეს. ერთ-ერთი ასეთი გზა იყო “გერმანული მოდელი”, – აცხადებს ხმალაძე.

ამასობაში, “გერმანული მოდელის” მოწინააღმდეგენი მმართველ გუნდში, ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებიან და მას ამერიკულ მოდელს, ანუ სუფთა მაჟორიტარულ სისტემას უპირისპირებენ.

დიმიტრი ხუნდაძე

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ხალხს სურს, საკუთრი წარმომადგენელი ჰყავდეს პარლამენტში და ამისთვის 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას იწყებს. მისივე თქმით, მაჟორიტარები კომპრომისზე წავიდნენ, იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის საარჩევნო პროცესს არ შეეხებოდნენ და დატოვებდნენ შერეულ სისტემას, მაგრამ განაგრძობენ სუფთა მაჟორიტარულ, ამერიკულ სისტემაზე გადასვლისთვის ბრძოლას.

“ყველა მსჯელობს დღეს იმაზე, როგორი სისტემა უნდა იყოს, მაგრამ არავინ ეკითხება ხალხს. პლებისციტის ჩატარების იდეის წინააღმდეგ, პირველ რიგში ოპოზიცია გამოვარდა, – რას ჰქვია პლებისციტიო. მხოლოდ 100 კაცის გადაწყვეტილებით უნდა მივიღოთ ეს ცვლილება? ჩვენ გავდივართ ხალხში, ჩვენ უნდა ვკითხოთ ხალხს”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

პლებისციტის ჩატარების იდეას მხარს უჭერს “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე, თუმცა მიაჩნია, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციის ცვლილების განხორციელების რესურსი დღეს არ არსებობს.

“დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ამერიკულ და გერმანულ მოდელებს შორის. ორივე დემოკრატიულია, როგორც გერმანულიც და შერეული სისტემაც. გარკვეული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, თითქოს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არადემოკრატიულია, რაც ასე არ არის”, – განაცხადა კალაძემ.

ე.წ გერმანული მოდელის წინააღმდეგია იმ პოლიტიკოსთა ნაწილიც, რომლებიც, არც არსებულ პარლამენტში იმყოფებიან და არც ნაციონალებს უერთდებიან პარლამენტში მოხვედრის მიზნით. „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი აკაკი ასათიანი “ნაციონალური მოძრაობის” მოწინააღმდეგედ რჩება და მიაჩნია, რომ “გერმანული მოდელი” შემდგომი აფეთქების დიდ საშიშროებას შეიცავს, იმიტომ რომ, არჩევნების შედეგებს, ვისაც როგორ უნდა, ყურს ისე მოაბამს, ამიტომ, ამ საკითხზე კონსტიტუციონალისტებმა უნდა იმსჯელონ.

აკაკი ასათიანი დარწმუნებულია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დანარჩენ ოპოზიციას სულ შეისრუტავს და მწარედ ცდებიან ის პარტიები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ 30 პარტიისგან შემდგარი ბლოკის ყველა წევრს ჩაწერენ სიაში.

“ვინც ამას მხარს უჭერს, ის ნაციონალს უჭერს მხარს და დამთავრება ამით ყველაფერი. ამ საარჩევნო კანონით სამჯერ ჰყავს ოპოზიციას დამარცხებული ხელისუფლება და არჩევნებზე გამოჩნდება, როგორც დასაჯეს ნაციონალები”, – ამბობს ასათიანი.

გერმანულ – ამერიკულ მოდელებთან დაკავშირებით ხელისუფლება და ოპოზიცია უცხოელ დიპლომატებთან შეიკრიბნენ, თუმცა კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა. უფრო მეტიც, უცხოელმა დიპლომატებმა კონკრეტული რეკომენდაციებისგანაც შეიკავეს თავი. შეხვედრის ზოგ დეტალზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი საუბრობს და ოპოზიციაში მყოფთ 3 ნაწილად ჰყოფს.

“ერთი არის პრორუსული ფრთა, მეორე – ულტრალიბერალები, რომლებსაც შეუძლია გაშიშვლებული უკანალებით დადგნენ საოკუპაციო ხაზთან და თავმოჭრილი ხატები გამოფინონ; მესამე – სადისტები და მათთან გათანაბრებული პირები. აღმოჩნდა, რომ “გერმანული მოდელი” არ არის კონსტიტუციური. მერე წავიდა ვაჭრობა იმაზე, რომ სიტუაციის დასაწყნარებლად პოლიტიკური კონსენსუსით მიგვეღო ეს მოდელი. უცხოელებიც დაიზაფრნენ. ყველას, ვისაც რაღაც სიტყვა უნდა ეთქვა, გაჩუმდნენ. თანაც ირაკლი კობახიძე კონსტიტუციონალისტია და მის კომპეტენტურ არგუმენტებს ვერ უარყოფდნენ”, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

მხარეები კვლავ ვერ შეთანხმდნენ. ექსპერტები ქვეყანაში, პოლიტიკური კრიზისის მომწიფებაზე საუბრობენ და მხარეებს მოუწოდებენ კონსტიტუციონალისტობანას თამაშს თავი დაანებონ, კვალიფიციური კვლევა ჩაატარონ, თუ როგორი საპარლამენტო მოდელი უნდა ჰქონდეს ქვეყანას.

ამირან სალუქვაძე

“ამერიკას და გერმანიას რომ გაიძახით, არ ეხებიან კონსტიტუციას ერთი რამდენიმე საუკუნეა, მეორე ათეული წლებია. თუ კონსტიტუცია ცხოვრების წესია, ჯერ დავწეროთ ეს წესები: საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო? პროპორციული თუ შერეული? სამშობლოს თავდაცვა თუ სხვისი მონობა? ქვეყნის ცენტრალიზებული მართვა თუ თვითმმართველობის განვითარება? საკუთარ ტრადიციებზე დაფუძნება თუ სხვისი ღირებულებების გადმოკოპირება და ა.შ. ჯერ ეს დაწერეთ, ხალხს გააცანით, მოაწონეთ და თუ ეს წესები ყველას ან უმეტეს ნაწილს მოეწონება, მერე დაწერეთ კონსტიტუცია და ისე მიიღეთ, რომ გადაწერის უფლება არავის ჰქონდეს”, – აცხადებს ექსპერტი ამირან სალუქვაძე.

უკვე მერამდენედ, გადაიწერება თუ არა საქართველოს კონსტიტუცია, ძნელი სათქმელია. ერთი რამ უკვე ცხადია, რომ “გერმანული მოდელი” არ არის კოალიციური მთავრობის შექმნის გარანტი. ამომრჩევლის გადაგდების პოლიტიკა კი, საქართველოში, ყველა პოლიტიკურ პარტიას კარგად აქვს დახელოვნებული. როგორც Dalma News-თან საუბრისას ანალიტიკოსმა ვაჟა ბერიძემ აღნიშნა, ქართული პოლიტიკური ცხოვრება ძალიან სახიფათო სტადიაზე გადადის, როცა აქცენტების გადანაცვლება ხდება, როცა შესაძლოა პროდასავლური პარტიები რუსული საქმის გამკეთებლები აღმოჩნდნენ, ხოლო პრორუსულად მონათლული პარტიები, დასავლეთის პარტნიორები. დაპირისპირების მთავარი საფუძველი რა არის? ორი მთავარი პოლიტიკური ძალა ცდილობს, ისეთი საარჩევნო სისტემა დატოვოს ძალაში ან შემოიტანოს, რომელიც მის გამარჯვებას უზრუნველჰყოფს.

შორენა პაპაშვილი