გაზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღე იდგა. ყველაფერი ძალიან კარგად იყო, რომ არა ერთი მოულოდნელი აფეთქება, რომელმაც ჩვენი ცხრასართულიანი კორპუსი მთლიანად შეაზანზარა. რეფლექსურად ფეხზე წამოვხტი და სადღაც გავრბოდი. წამებში სირენების ხმა გაისმა. მეზობელ კორპუსში ბუნებრივმა აირმა გაჟონა და გაზის გამათბობელი აფეთქდა. აფეთქების შედეგად ბინის გარე ფასადი მთლიანად გადმოინგრა, ბინიდან საყოფაცხოვრებო ნივთები გადმოცვივდა. იმ წუთებში ცხოვრება შეჩერდა. ეს საშინელი იყო. აფეთქების შედეგად ბინაში მცხოვრები მოხუცებული ქალბატონი და მისი პატარა შვილიშვილი დაიღუპნენ. აფეთქების ტალღამ სხვა ბინებიც დააზიანა. ვინ იყო ამ ტრაგედიაში დამნაშავე დღემდე უცნობია. ამ მოვლენის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟიც მალე ჩაწყნარდა და ცხოვრებაც ჩვეული რიტმით გაგრძელდა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ტრაგედია განმეორდა. აფეთქება გლდანში მოხდა და ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამბობდნენ, რომ კორპუსის მცხოვრებლები ხშირად რეკავდნენ გაზის მიმწოდებელ კომპანიაში და ბუნებრივი აირის მძაფრ სუნზე ჩიოდნენ. მაშინ “ყაზტრანსგაზში” ბუნებრივი აირის გაჟონვის ფაქტი არ დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ვერ იქნებოდნენ პასუხისმგებლები იმაზე, რაც კერძო საკუთრების ფართში ხდებოდა. ცხადია, ეს უკანასკნელი ფაქტი არ ყოფილა და მსგავსი ტრაგედია მომდევნო წლებშიც განმეორდა.

ვინ არის დამნაშავე და რისი გაკეთება შეიძლება?

გაზის სადისტრიბუციო კომპანია „ყაზტრანსგაზის“ განცხადებით, ტრაგიკული შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. კომპანიის მონაცემებით, 2018 წელს ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 16 მოიწამლა. ხოლო ორი თვის განმავლობაში, გაზის აფეთქების და გაზით ინტოქსიკაციის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. საუბარია დიდ დიღომში დატრიალებულ ტრაგედიაზე, სადაც ოთხი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა და ქეთევან წამებულის ქუჩაზე გაზით მოწამვლის შედეგად გარდაცვლილ შვიდ ადამიანზე.

პირველ შემთხვევაში, კომპანიის თანამშრომლები კორპუსის მცხოვრებლების მოთხოვნით, ადგილზე მივიდნენ, სადარბაზო დაათვალიერეს, ჰაერში ბუნებრივი აირის დაგროვების კონცენტრაცია სპეციალური დანადგარებით შეამოწმეს, ვერაფერი აღმოაჩინეს და შემთხვევის ადგილი მშვიდად დატოვეს. ამის შემდეგ, ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის თხოვნით, მისი ნათესავი შევიდა იმ ბინაში, სადაც დაგროვებული იყო ბუნებრივი აირი და აფეთქებაც სწორედ იქ მოხდა. მეორე შემთხვევაში, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა ერთ-ერთი გეგმიური შემოწმებისას, ბინაში აღმოაჩინეს კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობელი, რომელიც დალუქეს. მაგრამ მობინადრეებმა გამათბობელი თვითნებურად მიაერთეს და აღადგინეს გაზის მიწოდება. კომპანიის თანამშრომლები ობიექტის შესამოწმებლად განმეორებით აღარ მისულან. უსაფრთხოების სტანდარტების უგულებელყოფამ, გულგრილობამ, პროფესიული მოვალეობისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებამ, კომპანიის თანამშრომლების უფლებების და ვალდებულებების მართვის სამართლებრივი ნორმების არარსებობამ უდანაშაულო ხალხის სიცოცხლე შეიწირა.

ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ექსპერტი გია არაბიძე, რომელიც ხელისუფლებასთან ერთად საცხოვრებელ სახლებსა და ბინებში ბუნებრივი აირით სარგებლობის ახალ წესებზე მუშაობს, უახლოეს მომავალში ახალი რეგულაციების დაწესებაზე საუბრობს:

“ამ სფეროში მომხდარი შემთხვევების მიზეზ – შედეგობრივი კავშირების დეტალურად შესწავლის შედეგად, სამი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა, რომელზეც სამუშაო ჯგუფები უკვე მუშაობენ. პირველი მიმართულება გაზის კომპანიების მიმართ რეგულაციების გამკაცრებაა. მეორე – აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები და მესამე – სპეციალისტების გადამზადება და სერტიფიცირება”.

გია არაბიძე

ტექნიკურ უნივერსიტეტის ბაზაზე ხუთი ადამიანისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ამზადებს მასალებს ამ სფეროში სპეციალისტების მომზადება – გადამზადებისთვის. უნივერსიტეტმა მიიღო აკრედიტაცია, რომელიც საშუალებას აძლევს ჩაატაროს ტრენინგები, გადაამზადოს სპეციალისტები და გასცეს სელტიფიკატები. ეს უკვე აპრობირებული მეთოდია ენერგო სექტორში. ამ სფეროს ექსპერტები ტესტირებებს რეგულარულად გადიან. ახლა სურთ, იგივე გამოცდილება გაზის მრეწველობაშიც გამოიყენონ. საგამოცდო ტესტში 150 შეკითხვაა, რომლებიც შრომით, ხანძარსაწინააღმდეგო, სამედიცინო უსაფრთხოებას და ექსპლუატაციის ტექნიკურ ნორმებს უკავშირდება. ტესტირების გავლის შემდეგ, სპეციალისტებს კვალიფიკაციის დონის დამადასტურებელი დოკუმენტი დაურიგდებათ.

– რამდენად ეფექტიანია ეს ყველაფერი?

არსებობს სამსახურეობრივი ვალდებულება. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი ვარ, თუ მრიცხველის შემმოწმებელი, ჩემი წესები და უფლებები მაქვს, რომლის მიღმაც ვერ ვიმოქმედებ. თუმცა საკუთარი მოვალეობების გულგრილად შესრულება დაუშვებელია.

– აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აპარატის თანამშრომლებმა, რომლებიც დიდ დიღომში მდებარე კორპუსში მივიდნენ, ბუნებრივი აირის გაჟონვის ფაქტი ვერ აღმოაჩინეს. სადარბაზოში გაზის შესაბამისი კონცენტრაცია არ იყო. ასეთ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს ძალიან მკაფიო ინსტრუქცია. დღევანდელი ვითარებით – კონკრეტული დამნაშავე არ არსებობს, ყველა დამნაშავეა. ევალება თუ არა კომპანიის თანამშრომელს კონკრეტულ ბინაში შესვლა და გაზის გამათბობლის მდგომარეობის შემოწმება? მონიტორინგის პროცესიც და შემსრულებელიც კანონით უნდა განისაზღვროს. საერთო კანონი კი დეტალებში უნდა დაიხვეწოს და სრულყოფილებამდე მივიდეს.

საბჭოთა პერიოდში ელექტროენერგიის და გაზის სფეროში მომუშავე ადამიანები, უსაფრთხოების საკითხებში გამოცდებს წელიწადში ერთხელ აბარებინებდნენ. ეს იმდენად საშიში სფეროა, რომ კომპანიის თანამშრომლებს არც ერთი დეტალი არ უნდა გამოეპაროთ.

– ვსაუბრობთ ცოდნის უკმარისობასა და გამოცდებზე, მაგრამ საქმე გვაქვს დამნაშავეობრივ გულგრილობასთან და უპასუხისმგებლობასთან. შესაძლებელია ამის სწავლა და გამოსწორება?

– ძირითადად, უბედური შემთხვევების უმრავლესობა აბონენტების ბრალია. ყველაფერი ხდება კერძო სახლში, ან ბინაში. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობის ცნობიერება და ცოდნა ძალიან დაბალია. მათ არ იციან, სად, როგორ მოიქცნენ. მალე ტელევიზიების მეშვეობით გავრცელდება ვიდეორგოლები, სადაც მოსახლეობას ბუნებრივი აირის მოხმარების ელემენტარულ წესებზე მოვუთხრობთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ მოსახლეობის განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობა ყოველთვიურად იღებს მოხმარებული ბუნებრივი აირის ამონაწერის ქვითარს, რომლის მეორე მხარეს გარკვეული ინფორმაციაა განთავსებული. ჩემის აზრით, კარგი იქნებოდა, თუ იგივე ფურცელზე წითლად უსაფრთხოების ელემენტარული წესებიც დაიბეჭდებოდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეკლამას და მიმაჩნია, რომ ეს აუცილებლად იმუშავებს.

– კომპანიის თანამშრომლებმა გაზის გამათბობელი დანადგარები, როგორი სიხშირით უნდა შეამოწმონ? ან რატომ ხდება ეს შერჩევითობის პრინციპით? ზოგიერთ რაიონში მიდიან, ზოგიერთში – არა.

– არის თუ არა ვალდებული ბილინგ- ოპერატორი – ის, ვინც მრიცხველის ჩვენებას იწერს, უნდა აკონტროლოს უსაფრთხოება? იცის, რა უნდა გააკეთოს? ამ საქმის შესასრულებლად აქვს საჭირო კვალიფიკაცია? დიახ, “ყაზტრანსგაზში” მუშაობს ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც ცუდად დამონტაჟებული მოწყობილობის დალუქვა შეუძლია, როგორც ეს ისანში მოხდა. თუმცა ამის შემდეგ, მცხოვრებლები ბუნებრივი აირის ქსელზე, იმავე დანადგარს კვლავ აერთებენ და განაგრძობენ მოხმარებას. კანონის მიხედვით, საცხოვრებელ ფართში უსაფრთხოებაზე თავად მესაკუთრეა პასუხისმგებელი, მაგრამ რაში გამოიხატება პასუხისმგებლობა? პირადად იმის მომხრე ვარ, რომ მოსახლეობა არასწორად დამონტაჟებული გაზის დანადგარებისთვის დაჯარიმდეს.

შენელებული მოქმედების ბომბი და ახალგაზრდა სპეციალისტების დეფიციტი

– მიმდინარე მოვლენების ფონზე, ხალხში აქტიურად საუბრობენ დეტექტორებზე.

– მოსახლეობამ უკვე იცის ამ პრობლემის არსებობის შესახებ და სიფრთხილესაც იჩენს. ყველამ კარგად იცის, სად შეიძლება იმ დეტექტორების შეძენა, რომლებიც ბუნებრივი აირის გაჟონვას გრძნობენ და განგაშს ტეხენ. ასეთ შემთხვევაში დეტექტორი ბინაში შემავალი ბუნებრივი აირის ცენტრალურ ონკანს კეტავს. ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, დეტექტორი გამორთული იყო. ეს იმის ბრალია, რომ ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე მოსახლეობა იაფფასიან დეტექტორებს ყიდულობს, რომლებიც მარინადის გახსნის შემთხვევაშიც კი განგაშს ტეხენ. ამის გამო, მოსახლეობის უმრავლესობას დეტექტორი გამორთული აქვს.

– რამდენად შესაძლებელია, რომ დეტექტორების გამოყენება სავალდებულო გახდეს? მოცემულ შემთხვევაში მოსახლეობა ვინ უნდა მოამარაგოს?

– ყველა ახალი კორპუსი ამ დეტექტორებით არის აღჭურვილი, ხოლო ძველ სახლებში დეტექტორების დამონტაჟება სავალდებულო უნდა გახდეს. მერიას ძალიან საინტერესო პროექტი ჰქონდა, იგი 50%-ით აფინანსებდა ლიფტების და სადარბაზოების დამონტაჟებას. ასეთივე პრინციპით შეიძლება დეტექტორების ძველ სახლებში დამონტაჟება. ზედამხედველობის სამსახურმა დეტექტორების ხარისხი უნდა შეამოწმოს.

– რა დრო დასჭირდება რეგულაციების დაწესებას და მის დაწესებამდე მოსახლეობას რა შეგვიძლია ვურჩიოთ?

– სავსებით შეგვიძლია საკუთარ თავზე ზრუნვა, თუ უსაფრთხოების ელემენტარულ წესებს დავიცავთ. თუ გაზქურაზე ჩაიდნით წყალი აადუღეთ, შეხსენით ფანჯარა და ოთახი გაანიავეთ. გაზის რომელი დანადგარითაც არ უნდა თბებოდეთ, სარკმელი აუცილებლად შეაღეთ და ოთახი ხშირად გაანიავეთ. გარკვეული სიმპტომების – თავის ტკივილის, სისუსტის, არტერიული წნევის მომატების შემთხვევაში, აუცილებლად გაანიავეთ მთელი ბინა და გამორთეთ გაზის ყველა დანადგარი. ყველა დანადგარს ექსპლუატაციის საკუთარი წესები აქვს. შეძენამდე აუცილებლად უნდა გაეცნოთ ინსტრუქციას, რადგანაც ნელი მოქმედების ბომბზე გვიწევს ცხოვრება. რეგულაციების სრულ მომზადებამდე კიდევ, დაახლოებით ერთი თვეა საჭირო. საინტერესო ის არის, რომ კომპანიას სხვა თანამშრომელი არ ჰყავს, ამიტომაც ძველი უნდა დატოვოს და გადაამზადოს ის, როგორც საჭიროა.

– ახალგაზრდა პროფესიონალები არ გვყავს?

– ჩვენთან ყველა სფეროშია თაობებს შორის დიდი განსხვავება და ეს 90-იანი წლების, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოხდა. მაშინ კომპანიის თანამშრომელი 40 წლის იყო, ახლა – 70 წლისაა. გაზის კომპანია დაინტერესებული უნდა იყოს ახალი კადრების მომზადებით და ამას მიზანმიმართულად უნდა აკეთებდეს. მაგალითად, ჩვენ გვეუბნებიან, რომ მიმდინარე წლისთვის უნდა მოვამზადოთ 10 სპეციალისტი, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ გარკვეულ საკითხებს. ვფიქრობ, თუ პრობლემის მოგვარებას კომპლექსურად მივუდგებით, ყველაფერი გამოგვივა. მოსახლეობა დეტექტორებს შეიძენს, ფრთხილად იქნება და ეცოდინება გაზის გაჟონვის შემთხვევაში რა უნდა მოიმოქმედოს. საკანონმდებლო ბაზაში რეგულაციების შეტანით, ცნობიერების ამაღლებით და მომზადებით პრობლემას დავძლევთ. უბედური შემთხვევები ყველგან ხდება. საფრანგეთშიც კი, სადაც უსაფრთხოების მაღალი დონეა, იგივე მიზეზით ხდება აფეთქებები, რასაც მეხანძრეებიც კი შეეწირნენ. ჩვენ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ იმას, რომ არ მოხდეს ისეთ დარღვევები, რასაც ბოლო დროს ჰქონდა ადგილი.

ავტორი: ეკატერინე მინასიანი

თარგმანი: ხათუნა პაპაშვილი