2017 წლის დასასრულს, მსოფლიო ბანკმა “Doing Business”-2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით არის გაუმჯობესებული და 190 ქვეყანას შორის, მე-16 -დან მე-9 ადგილზე დაწინაურდა. საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია 5 ინდიკატორში: ბიზნესის წამოწყება (8-ე ადგილიდან 4-ზე); ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება (39-დან 30-ზე); მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა (7-ე ადგილიდან 5-ზე); კონტრაქტების აღსრულება (16-დან 7-ზე), ხოლო გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტა (106-დან 57-ზე). “Doing Business”-ის 2018 წლის რეიტინგის პირველ ათეულში არიან: ახალი ზელანდია, სინგაპური, დანია, კორეა, ჰონგ-კონგი, ჩინეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, საქართველო და შვედეთი. საქართველო რეფორმების გატარების კუთხით რეიტინგის პირველ ოც ქვეყანას შორის ლიდერია, გადაასწრო შვედეთს, მაკედონიას, ესტონეთს, ფინეთს, ავსტრალიას, ტაივანს (ჩინეთი), ლატვიას.

ქვეყნის მთავრობაში მიაჩნია, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს წარმატება მთავრობის ეფექტიანი და კოორდინირებული მუშაობის შედეგია. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რეფორმები მომავალ წელსაც გაგრძელდება, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს საქართველოს პოზიცია მსოფლიო ბანკის მომდევნო წლის რეიტინგში.

maxresdefaultროგორი იყო საქართველოს 2017 ეკონომიკური წელი, რა მიღწევები და ჩავარდნები ჰქონდა ქვეყანას, ამის შესახებ Dalma News-ს ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი ვახტანგ ჭარაია ესაუბრა.

– როგორ შეაფასებთ საქართველოს, უკვე გასულ ეკონომიკურ წელს?

– 2017 წელი გამოწვევებით სავსე წელი გამოდგა. იყო მიღწევებიც და ჩავარდნებიც. მსოფლიო ბანკის დუინგ ბიზნესის რეიტინგის მიხედვით საქართველო მსოფლიო ათეულში შევიდა, 7,5 მლნ.-დე გაიზარდა უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა და მათ მიერ საქართველოში დახარჯული თანხის ჯამური მოცულობა; ქვეყანამ მოახერხა ექსპორტის მნიშვნელოვანი გაზრდა; 2012 წლის მერე ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მივაღწიეთ; 2017 წლის პირველი 3 კვარტლის მონაცემების მიხედვით ვუსწრებთ წინა წლის ანალოგიური პერიოდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელს; დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ძვრები ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების ფარგლებში და მრავალი სხვა.

თუმცა, 2017 წელი იყო გარკვეული წარუმატებლობების წელიც. სამწუხაროდ ეროვნული ვალუტა ისევ არასტაბილურია, ინფლაციის მაჩვენებელი ძალზედ მაღალია და ართულებს რიგითი მოქალაქეების ყოფას. კვლავ რთულია პენსიონერების, სოციალურად დაუცველების და სხვა დაბალი შემოსავლების მქონე ჯგუფების ცხოვრების პირობები, უკან დავიხიეთ გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით. რეფორმები საკმარის შედეგს არ იძლევა ან ხშირ შემთხვევაში ნეგატიურ გავლენას ახდენს მოსახლეობის ფართო ფენებზე, როგორც ეს წლის დასაწყისში შემოღებულ ესტონურ მოდელთან დაკავშირებით აქციზური განაკვეთის ზრდამ გამოიწვია და მრავალი სხვა.

– როგორც შეაფასებთ საგარეო ვაჭრობაში გატარებულ რეფორმებს, მათ შორის, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობას?

– სავაჭრო ურთიერთობების მხრივ ჰორიზონტზე ახალი შესაძლებლობები ჩანს, თუმცა რეალური სარგებლის მიღება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით არის გრძელვადიანი პერსპექტივა, ისევე, როგორც ჩინეთთან. თუმცა, ამ უკანასკნელთან ახლო ურთიერთობების დამყარებას, ჩემი აზრით, გარკვეული რისკფაქტორებიც ახლავს, რასაც საკმარისად არ ეთმობა ყურადღება. უფრო სამართლიანი იქნებოდა გვეთქვა, რომ რისკების შეფასება საერთოდ არ ხდება.

რაც შეეხება რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას და მის არსებობას მთავარ სავაჭრო პარტნიორთა შორის, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ეს რეალობაა.

თუ ჩვენ გვსურს ჩვენი პროდუქციისთვის ერთით მეტი ბაზარი გვქონდეს და თანაც ტევადი ბაზარი, რუსულ ბაზარს ვერ გავექცევით

მეორე მხრივ, რუსული იმპორტის და მასზე დამოკიდებულების შემცირების შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს და ამას არა სხვა ქვეყნიდან იმპორტის ჩანაცვლებით, არამედ ადგილობრივი წარმოების გაზრდით უნდა ვუპასუხოთ, თანაც ლარის გაუფასურების პირობებში ეს უფრო რეალისტურია.

– 2017 წელმა ტურიზმის სფეროში რა წინსვლა და რა ხარვეზები დაგვანახა, მათ შორის ტურისტული ნაკადის გაზრდისა და განხორციელებული პროექტების თვალსაზრისით?

– ტურისტების რაოდენობა და მათ მიერ დახარჯული სახსრები მატულობს, თუმცა წლიდან წლამდე მცირეა იმ თანხის მოცულობა, რომელიც რეალურად საქართველოში რჩება 3,478 მლნ. ტურისტის მიერ დახარჯული თანხიდან. ჯერ ისევ ჩვენი მეზობელი ქვეყნები შეადგენენ ტურისტების მთავარ წყაროს, რაც რეალურად ჩვენთვის გამოწვევაა და უნდა ვეცადოთ ბაზრების დივერსიფიცირებას, მით უმეტეს, როდესაც ვცხოვრობთ საკმაოდ რთულ რეგიონში, საკმაოდ სწრაფად ცვალებად პირობებში, როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით.

– როგორ გესახებათ “ბაქო-თბილისი-ყარსის” რკინიგზასა და ანაკლიის პორტის მშენებლობის პერსპექტივა, როდის ნახავს ქვეყანა სარგებელს ამ პროექტებიდან?

– ჯერ ადრეა მათზე დიდი იმედების დამყარება. სამწუხაროდ ჩვენ გვიყვარს ყოველი ახალი წამოწყების საუკუნის პროექტად აღიარება, არადა ანაკლიის პორტიც და “ბაქო-თბილისი-ყარსის” პროექტიც ჯერ მხოლოდ ახლა იწყებენ არსებობას.

ამ პროექტების განვითარებას და გამართულ ფუნქციონირებას შეიძლება ერთი ათეული წელიც არ ეყოს

უახლოეს პერიოდში ეს პროექტები საქართველოს ეკონომიკაში ვერავითარ გადატრიალებას ვერ მოახდენენ, თუმცა, წარმატებული განვითარების შემთხვევაში შესაძლებელია ისინი ქვეყნისთვის მომგებიანი გახდნენ. თუმცა, ვიმეორებ, ამას უახლოესი ათი წელი გვიჩვენებს და დღეს მათზე საუბარი საკმაოდ ნაადრევია, თუ გავითვალისწინებთ ყველა იმ ცვალებად ფაქტორებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას და რეგიონს, როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური თვალსაზრისით უტევს.

– 2017 წლის ბოლოსთვის, კვლავ აქტუალური გახდა საპენსიო რეფორმა. როგორ შეაფასებთ დაგროვებითი პენსიის შემოღების იდეას, რამდენად რეალისტურია ის საქართველოსთვის?

– გამომდინარე იქიდან რომ სახელმწიფო ბიუჯეტს არ შესწევს უნარი ღირსეული პენსია შესთავაზოს მოსახლეობას, ნამდვილად დგას საჭიროება, რომ მოსახლეობამ თვითონ დაიწყოს თავის პენსიაზე ზრუნვა. თუმცა, დაგროვებითი საპენსიო რეფორმა უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული, რომელთა მოგვარების გარეშე ამ რეფორმას არა თუ პოზიტიური, არამედ უარყოფითი შედეგი ექნება. კერძოდ, უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი და ამ სექტორს უნდა ჩამოშორდეს საბანკო სექტორი, წახალისდნენ კომპანიები, რათა გამოუშვან ფასიანი ქაღალდები, აკუმულირებული თანხები უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივ ეკონომიკაში ინვესტირებისთვის, ფონდის მართვა უნდა იყოს გამჭვირვალე და ადეკვატური. ყველაფერ ამასთან ერთად აუცილებელია ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი დღევანდელი დანაზოგის მსყიდველობითი უნარი, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ იქნება იმდენად მცირე, რომ ამ დანაზოგის ქონა აზრს დაკარგავს.

– ენერგეტიკის სფეროში რა მდგომარეობა აქვს ქვეყანას, როგორ შეაფასებთ ტარიფის მატების პერმანენტულ პროცესს?

– ენერგეტიკაში არის გარკვეული ძვრები, თუმცა ქვეყანა კვლავ რჩება ენერგო დამოკიდებულ ქვეყნად, მათ შორის ელექტროენერგიის ჭრილშიც. ფასების მატება ელექტროენერგიაზე, საკმაოდ მტკივნეულია მოსახლეობისთვის და თუ რეგიონში ამ მხრივ საფასო პოლიტიკას გადავხედავთ, პირიქით, ადგილი აქვს ტარიფების შემცირებას და არა ზრდას, ამიტომ მე მიჭირს იმაზე კომენტარის გაკეთება, თუ რატომ ითხოვენ საქართველოში ელექტროენერგიაზე ფასების ზრდას, ტარიფები ისედაც მაღალია და ჩემი აზრით ამ მოთხოვნას საფუძველი არა აქვს.

ესაუბრა შორენა ქარჩავა