კულტურის სფეროში მოღვაწე ქართულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის პროგრამის – “Creative Europe”-ის (“შემოქმედებითი ევროპა”) კულტურისა და მედიის ქვეპროგრამებით გამოცხადებულ კონკურსებში და მოიპოვონ დაფინანსება ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით.

6 აგვისტოს, კულტურის ქვე-პროგრამის ფარგლებში, დაიწყო თანამშრომლობის პროექტების (Cooperation Projects) მიმართულებით პროექტების მიღება.

როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველია, რომელიც “Creative Europe”-ის წევრი გახდა.

აღნიშნული პროგრამა ევროპული კინოს, კულტურისა და კრეატიული სექტორების მხარდასაჭერად შეიქმნა და მიზნად ისახავს მათი როლის გაზრდას ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში.