სომხეთში პოლიეთილენის ნაგავი დაგროვდა, რაც გარემოს აბინძურებს. ამასთან დაკავშირებით „სომხეთის ეკოლოგიური ფრონტი” ფილმის “პოლიეთილენის ქაოსი სომხეთში“ ჩვენებას აწყობს, რის შემდეგად ნაგვის გატანისა და უტილიზაციის გზებზე იმსჯელებენ.

როგორც Tert.am-ს განუცხადა “სომხეთის ეკოლოგიური ფრონტის” ხელმძღვანელმა ლევონ გალსტიანმა, პოლიეთილენის დაგროვების შედეგად მთელი გარემო ზიანდება, ყველაზე მეტად კი ხეობები და მდინარეების კალაპოტებია სავსე.

“სადაც ნაგავი გროვდება, ბევრია პოლიეთილენი. არ ვიცით შემდეგ რა მოსდის დაგროვებულ ნაგავს, რადგანაც სომხეთში არ არის ნარჩენების გადახარისხების პრაქტიკა, ან ეს ძალიან იშვიათად კეთდება. პოლიეთილენს წვავენ და ეს ბევრად უფრო ცუდია, რადგანაც სითბოს შედეგად წარმოიქმნება ქიმიური რეაქციები, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ ჰაერსა და მიწაზე”,- ამბობს ეკოლოგი და დასძენს, რომ პოლიეთილენის ერთ ბოთლს მიწაში გასახრწნელად 500 წელი სჭირდება.

გალსტიანის თქმით, შეხვედრაზე განიხილავენ პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ წინადადებებს. ერთ-ერთის მიხედვით, ადამიანებმა უარი უნდა თქვან პოლიეთილენის პარკებზე და მაღაზიებსა, თუ ნებისმიერ საყიდლებზე ნაჭრის ჩანთებით იარონ. ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალისტმა ევროპის ქვეყნების მაგალითი მოიყვანა, სადაც მომხმარებელს არავინ სთავაზობს პოლიეთილენის პარკებს.

შეხვედრაზე ასევე გამოითქმება იდეა გაიმართოს კამპანია “სუფთა ეზო-სუფთა ქუჩა-სუფთა ბინა-სუფთა სომხეთი”-ს, რომლის განსახორციელებლად საჭიროა აქტიური ადამიანები, კრეატიული იდეები, შთამაგონებელი მაგალითები, აქტიური მედია და ერთობლივად მოქმედების სურვილი.