ავტომობილის საბურავი, მეორეული ნაწილები, სახლის ასაშენებელი ან სარემონტო მასალა თუ დაგჭირდათ, თბილისში, ასეთი ადგილი ყველამ კარგად იცის. “ელიავას ბაზრობა” დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ და პრესტიჟულ ნაწილში, საბურთალოს რაიონში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს “ამშვენებს”. ნებისმიერი განვითარებული და თანამედროვე ქალაქი, მდინარისპირა, თანაც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონად, ცენტრალური პარკის მოსაწყობად გამოიყენებდა.

ეს ბაზრობა მძიმე 90-იანი წლების არანაკლებ მძიმე მემკვიდრეობაა. ქალაქის ამ ნაწილში, სამშენებლო და სამრეწველო მასალამ, რკინეულობისა და ხის მცირე საამქროებმა დიდი ხნის წინ დაიდო ბინა და დღეს ის ბევრი ოჯახის შემოსავლის წყაროა. თუმცა, ქალაქი ვითარდება და დღის წესრიგში სულ უფრო მწვავედ დგება ეკოლოგიური პრობლემები. თბილისი სიმწვანეს კატასტროფული სისწრაფით კარგავს, ახალდარგული ნერგები კი მრავალწლიან მოვლას საჭიროებენ სანამ ქალაქს ჟანგბადს მიაწვდიან.

рынок «Элиава»

“ელიავას ბაზრობის”, ქალაქის ცენტრიდან გადატანის, ან მისი მოდერნიზების საკითხი აქტუალური, არც თუ დიდი ხნის წინათ გახდა. იდეა, თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა წამოაყენა და საკმაოდ ბევრი შეტევის მოგერიება დასჭირდათ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა გენგეგმის ბედი. მაგრამ მოქალაქეობრივმა თვითშეგნებამ თავისი გააკეთა. ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, იმდენად არის შეწუხებული “ელიავას ბაზრობისგან” შექმნილი ეკოლოგიური პრობლემებით, რომ ერთი სული აქვთ, როდის დააღწევენ თავს სამშენებლო მასალის მტვერს და გაღებული ფანჯრებიდან სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავენ, გაუთავებელ ხმაურზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

პრობლემის მოგვარებით დაინტერესებულია თბილისის მთავრობაც. როგორც მერი კახა კალაძე აცხადებს, ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მკაცრად გაკონტროლდება მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთიერებების ღია სივრცეში განთავსება. ასევე, მათი რეალიზება იმ ადგილებში, რომელიც საამისოდ არ არის განსაზღვრული, ხოლო დაშვებულ ზონაში განთავსება-რეალიზება დარეგულირდება გარკვეული წესებით.

კახა კალაძე

თბილისის მერმა პირდაპირ მიუთითა ამ თვალსაზრისით დედაქალაქის ყველაზე პრობლემურ ობიექტზე – “ელიავას ბაზრობა”, რომელიც საცხოვრებელი ზონაც არის. კალაძის მოსაზრებით, საჭიროა, მსგავს სამეწარმეო ადგილებსა და საცხოვრებლებს შორის, გარკვეული ბუფერული ზონები შეიქმნას. მსგავსი რამ დედაქალაქში დღეს, არ არსებობს.

მისივე თქმით, მერია უფლებამოსილია იმ ადგილებში, სადაც დამაბინძურებელი ნივთიერებები გროვდება და სერიოზულ პრობლემას უქმნის ადამიანებსა და გარემოსთვის, უფლებრივი ზონირების მიუხედავად, კონკრეტული სახის საქმიანობა აკრძალოს. საცხოვრებელი ზონების მავნე ზეგავლენისგან დაცვის შესახებ ჩანაწერი თბილისის განახლებულ გენგეგმაშიც არის. დოკუმენტში ასევე აისახა, კვლევებზე დაფუძნებით განახლებული და დაზუსტებული სანიტარიული დაცვის არეალები, სადაც განაშენიანება აღარ დაიშვება.

თბილისის მერი ამბობს, რომ გაჩერებას არ აპირებს და ყველაფერს გააკეთებს ქალაქის ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად.

ირმა გურგულიანმა

როგორც Dalma News-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირმა გურგულიანმა განუმარტა, ავტომობილის საბურავები არ განეკუთვნება სახიფათო ნარჩენების კატეგორიას, თუმცა ნაგავსაყრელის ტექნიკური რეგლამენტით, მათი ნაგავსაყრელზე შეტანა, ველოსიპედის საბურავის გარდა, აკრძალულია და ჯარიმას ითვალისწინებს.

ავტომობილის საბურავი ბიოლოგიურად ხრწნადი ნივთიერებისგან არ შედგება. არის ცეცხლსაშიში. საბურავების 80% დამზადებულია სინთეტიკური კაუჩუკისგან. მას კი თავის მხრივ ნავთობისგან ამზადებენ. ნავთობი კი, როგორც ცნობილია, არაგანახლებადი რესურსია. გადაყრილი საბურავების ერთ ადგილას დიდი ოდენობით კონცენტრირება ეკოლოგიურად არაკეთილსაიმედო ზონას ქმნის, მაღალია ხანძრის რისკი, ხელსაყრელი გარემო იქმნება მღრღნელებისთვის, მწერებისა და სხვადასხვა ვირუსებისთვის. ასეთი ზონები სულ არ არის კეთილმოსურნე ფლორასთვის. წყალთან რეზინის ურთიერთქმედებით სხვადასხვა ტოქსიკური ნაერთი მიიღება. აკრძალულია მისი დაწვა, რადგან ამ დროს სხვადასხვა მავნე ნივთიერება გამოიყოფა და იბნება ჰაერში.

საბურავის რეზინი ეკოლოგიისთვის ბევრ საშიშ კომპონენტს შეიცავს. მისი გადამუშავება ყველაზე სწორი გამოსავალია. მსოფლიო სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, მიიჩნევა, რომ გამოყენებისთვის გამოუყენებელი საბურავების რაოდენობა 25 მილიონ ტონას აღწევს, ეს ციფრი სულ უფრო იზრდება. მხოლოდ 23 % გამოიყენება გარკვეული მიზნით, მაგალითად: შესაძლებელია საბურავების უტილიზაცია სათბური ენერგიის მისაღებად. მათი მეორადი გადამუშავებით მიიღება მასალა, რომელიც გზის საფარის ქვედა ფენად გამოიყენება, იღებენ მეტალს. უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ საბურავების გადამუშავება ძვირი ჯდება და კომპანიებს კომერციული დაინტერესება არ აქვს. მაგალითად, საბურავის დანაწევრებისთვის სპეციალური მოწყობილობაა საჭირო. დიდია ელექტროენერგიის დანახარჯიც, დაახლოებით 1000 კილოვატი ერთ ტონა ნედლეულზე.

“საბურავი ჩემთვის თუ ნარჩენია, ვიღაცისთვის ის შესაძლოა გახდეს პროდუქტი. იმ შემთხვევაში თუ პირდაპირი დანიშნულებით ხელმეორედ გამოყენება შეუძლებელია, უნდა მოხდეს ნარჩენების მთლიანი ციკლის მართვა. საბურავი წარმოადგენს სპეციფიკურ ნარჩენს, იმიტომ, რომ სპეციალური მიდგომები სჭირდება. ნარჩენების მართვის კოდექსის 9-ე მუხლის თანახმად, არსებობს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. მწარმოებელს, იმპორტიორს თუ დისტრიბუტორს ეკისრება ვალდებულება, როცა საბურავი უკვე ხმარებიდან არის ამოღებული იზრუნონ ასეთი ტიპის ნარჩენის შეგროვებაზე, რეციკლირებაზე, დამუშავებაზე და ა.შ. ამაში, ასევე მოიაზრება გამოყენებული ზეთები, ელექტრონარჩენები, შეფუთვის ნარჩენები – ბოთლები, მეტალი, მუყაო, მეორეული შეფუთვა თუ სხვა. ეს ყველა ტექნიკური რეგლამენტი სამინისტროს მომზადებული აქვს და ძალაში წლის ბოლოს შევა. მწარმოებლებს დაეკისრებათ ვალდებულება ინდივიდუალურად, ან ერთნაირი სპეციფიკური ნაკადების მქონე კომპანიებთან ერთად შექმნან წარმოების გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციები, რომელიც, ასეთი ტიპის შენატანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეაგროვებს. გაიხსნება შემგროვებელი პუნქტები”, – აცხადებს ირმა გურგულიანი.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში საბურავების გადამუშავების პრაქტიკა არსებობს. ერთ-ერთი საწარმო დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოსთან ახლოს არის გახსნილი, რომლებიც სათბურებისთვის ენერგიას გამოიმუშავებს. ხშირად, ნედლეულის მოპოვება უჭირთ და მეორეული საბურავების მიწოდებაში დახმარებას სამინისტროს სთხოვენ.

როგორია უცხო ქვეყნების გამოცდილება? მაგალითად საფრანგეთში, გამოყენებული საბურავების თითქმის ნახევარს აღადგენენ, გამოუსადეგარი კი ან გზის საფარში მიდის, ან პორტებში ენერგიის მისაღებად. იაპონიასა და ინგლისში, მეორეულუ საბურავების მხოლოდ მესამედ ნაწილს შლიან ორგანული ნივთიერება პიროლიზის გამოყენებით, დანარჩენს არემონტებენ და ხელმეორედ იყენებენ.

ნინო ჩხობაძემ

როგორც Dalma News-ს გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ნინო ჩხობაძემ განუცხადა, საქართველოში ძალიან დაბალი ხარისხის მეორეული საბურავები შემოდის, საჭიროა ამ სფეროში რეგულაციების გამკაცრება.

შემოტანილი საბურავები არის ნარჩენი იმ ქვეყნის, საიდანაც მოდის. მეორეული საბურავები, ზეთები თუ ავტონაწილები ძირითადად თავს იყრის “ელიავას ბაზრობაზე”, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით გარკვეულად დაბინძურებული ტერიტორიაა და იქ, ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა არ იქნება მიზანშეწონილი.

​მისივე თქმით, “ელიავას ბაზრობის” ალტერნატიულ ტერიტორიაზე გადატანით გამოთავისუფლებული ფართობი აქტიურად დაიტვირთება საზოგადოებრივი თვალსაზრისით, ამას ხელს უწყობს მდინარის სანაპირო ზოლთან სიახლოვეც. უნდა შემუშავდეს, ამ ტერიტორიის განვითარების ცალკე მიკროგეგმა. შესაძლოა იქ იყოს, როგორც კულტურულ – გასართობი, ასევე ბიზნესისა და სავაჭრო ცენტრი. ბაზრობაზე დასაქმებულებისთვის კი თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა მოეწყოს.

“დიდუბეში ძალიან ცოტა გვაქვს რეკრეაციული ზონები. ერთი მუშტაიდის ბაღია, რომელიც ძალიან შევიწროებულია. სანაპიროს აღარ რჩება რეკრეაციული ზონა. ამიტომ ეს არ იყო საუკეთესო ვარიანტი. საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს უქმნის ეს ბაზრობა იქ მცხოვრებთა ჯანმრთელობას, იმიტომ რომ იქ დაბინძურების მაღალი ხარისხია, დაბინძურების კერაა”, – მიაჩნია ნინო ჩხობაძეს.

მამუკა სალუქვაძე

ხანგრძლივი ბრძოლისა და მსჯელობის შემდეგ, თბილისის საკრებულომ დედაქალაქის განვითარების ახალი გეგმა მიიღო, რომლის ერთ-ერთი კონცეფტუალური მიმართულება არის “მწვანე ქალაქი”. გენგეგმის ჯგუფის წევრი მამუკა სალუქვაძე, დადებითად აფასებს თბილისის მერიის მიერ, ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, თუმცა მიაჩნია, რომ უპირველესად, გამწვანებული ტერიტორიების ინვენტარიზაციაა ჩასატარებელი.

“ყველაფერს მივესალმები, რაც დაიცავს სიმწვანეს და გარემოს”, – განუცხადა მამუკა სალუქვაძემ Dalma News-ს.

“ელიავას ბაზრობის” პრობლემების მოგვარებას თბილისის მერია, ბაზრობის მფლობელებთან მოლაპარაკებით ცდილობს. იგეგმება კვლევის ჩატარება, რომელიც ბაზრობასთან ერთად აგლაძის ქუჩასაც მოიცავს. 2 ვარიანტი განიხილება – ბაზრობა ან სხვა ტერიტორიაზე გადავა, ან ისე განვითარდება სივრცე, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ქალაქს და იქ მცხოვრებ ადამიანებს. ფაქტია, რომ ამ სახით ბაზრობის არსებობა უკვე დაუშვებელია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ ტერიტორიაზე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით საბურავია თავმოყრილი, ძნელი მისახვედრი არ იქნება, რამხელა ნაღმია ჩადებული ქალაქის გულში.

შორენა პაპაშვილი