აზერბაიჯანის თავისუფალი სამომხმარებლო კავშირის თავმჯდომარეს ეიუბ ჰუსეინოვს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანის ბაზარზე ფასების ახალი ზრდა არის მოსალოდნელი.

როგორც «Sputnik»-ი იტყობინება, ექსპერტის აზრით, ფასების ზრდის მთავარი მიზეზია მმართვადი სპეკულაცია და არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო სასოფლო-სამეურნეო მცენარეების დეფიციტი.

“ეროვნული ვალუტის დევალვაციის შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზარზე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები 18-20%-ით გაიზარდა. ანალოგიური ვითარება სამშენებლო მასალის ბაზარზეც შეიმჩნევა”, – ამბობს ჰუსეინოვი.

მისივე თქმით, არა მხოლოდ იმპორტული სამშენებლო მასალა, არამედ ადგილობრივიც გაძვირდა. “მოთხოვნილების შემცირების მიუხედავად, ადგილობრივ სამშენებლო მასალაზე ფასები 25-30%-ით გაიზარდა”,- დასძინა მან.

სასკოლო ფორმებზე საუბრისას, ჰუსეინოვმა აღნიშნა, რომ ფასებმა აქაც გადააჭარბეს დაშვებულ ნორმას:

“პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ბაქოს სამკერვალო ფაბრიკის მონოპოლიის მოსპობა და ნებისმიერი მწარმოებლისათვის იმის საშუალების მიცემა, რომ თავისუფლად გამოიტანოს საკუთარი ნაწარმი ბაზარზე. ასეთ შემთხვევაში სასკოლო ფორმების ფასი შესაძლოა 50%-ით გაიაფდეს”.