საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომ მიიღოს, საჭიროა 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება, მათ შორის არის დეოლიგარქიზაცია. ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას თავისი პირობები აქვს, ერთ-ერთი უმთავრესი სწორედ ოლიგარქების დამაზიანებელი პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი გავლენის აღმოფხვრაა.

ევროკომისიის შეფასებებში კონკრეტულად არავინ დასახელებულა, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძლიერ, არაფორმალურ გავლენებზე საუბრისას, ევროპარლამენტის რეზოლუციაში “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, პოლიტიკიდან დეკლარირებულად წასული ბიძინა ივანიშვილის გვარი ჩაიწერა. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მისგან წარმოქმნილი პარტიები ევროკომისიის ხელით ბიძინა ივანიშვილზე შურისძიებისთვის მოემზადნენ, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” გამოსავალი მონახა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის იმგვარად მომზადება განიზრახა, რომ ერთი მხრივ ევროკავშირს აამოს, მეორე მხრივ კი რევანშისტულ ოპოზიციას ავნოს.

საქართველოს პარლამენტმა სამუშაო ვერსიად კანონის უკრაინული ანალოგი აიღო, რომლის თანახმადაც, პირი ოლიგარქად იქნება აღიარებული, თუ ის ოთხიდან სამ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს: 1. მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში; 2. მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე; 3. არის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი ბიზნესსუბიექტისა, რომელსაც კანონის ამოქმედების დროისთვის არის ბაზრის მონოპოლისტი ანდა უჭირავს მონოპოლიური მდგომარეობა და ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აძლიერებს ასეთ მდგომარეობას; 4. ამ პირის (და მისი ბიზნესსუბიექტების აქტივების) დადასტურებული ღირებულება აღემატება 1 მილიონ საარსებო მინიმუმს, რომელიც დადგენილია შრომისუნარიანი ადამიანებისთვის შესაბამისი წლის 1 იანვრისთვის (უკრაინაში 2021 წელს ეს მაჩვენებელი – 2.27 მილიარდ გრივნას შეადგენდა).

ქართული პოლიტიკისთვის ოლიგარქიული გავლენები სიახლეს არ წარმოადგენს. არაფორმალური ლობისტები აქ ყოველთვის იყვნენ. იყო შემთხვევები, როცა ცალკეული ბიზნესმენების სასარგებლოდ პარლამენტს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შეჰქონდა. დღეს ოლიგარქები არა მხოლოდ მმართველ ძალას, ოპოზიციასაც კვებავენ. ცხადია უშრეტი ფინანსური წყაროს დაკარგვა არც ერთ მხარეს არ სურს. ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ ევროკომისიის მიერ მოთხოვნილი დეოლიგარქიზაციით ბედნიერი, ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია გამოიყურება.

დიმიტრი ლორთქიფანიძე

მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე Dalma News-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის უკრაინული ანალოგის მიღებით, ოპოზიცია ვერ იქნება კმაყოფილი, რადგან ეს კანონი პირველ რიგში რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებლებს ურტყამს კეზერაშვილის თამადობით. ოპოზიციის ინტერესშია კანონში კანონში კონკრეტული დებულებების ჩადებისას მოხდეს ივანიშვილის პერსონიფიცირება.

დიმიტრი ლორთქიფანიძის მოსაზრებით, ამ კანონით “ქართული ოცნება” შეეცდება შემდგომში ნადირობის სეზონი გამოაცხადოს იგივე დავით კეზერაშვილზე და ისეთი ტიპის ბიზნესმენებზე, რომლებიც პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობენ, სააკაშვილის ხელისუფლებაში ეკავათ გარკვეული თანამდებობები, დააგროვეს კაპიტალი და დღეს “ენმ”-სა და მისგან გამონადენი პოლიტიკური პარტიების ხაზინადარნი ​არიან.

“კეზერაშვილის ბიზნეს აქტივობაზე დგას ტელეკომპანია “ფორმულა” და არა მხოლოდ. მისი ფულისთვის ბრძოლამ ნაციონალებში კლანური დაპირისპირების სახე მიიღო. ეს დაპირისპირებაგასცდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. სააკაშვილი იყო “ნაციონალური მოძრაობისა” და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალების საერთო კონსოლიდირებული სურათის მთავარი ფაქტორი. სააკაშვილის ფაქტორის განულებამ და გაფარჩაკებამ გამოწვია ის, რომ საკუთარი მხარდამჭერების მეოთხედიც აღარ შერჩათ”, – ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მეორე მხრივ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლორთქიფანიძის თქმით, 12-პუნქტიანი, ე.წ სარეკომენდაციო დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კანონში დეივანიშვილიზაციის კონცეფციის ჩადებას გულისხმობს.

“ამაზე ხაზგასმა გაკეთდა იმ პოლიტიკური აქტის დონეზე, რასაც ივანიშვილის დაყაჩაღება გქვია შვეიცარული ბანკის, “კრედით სუისის” მიერ, როდესაც აღმოჩნდა, რომ ივანიშვილის ეგზეკუციისთვის პოლიტიკური სარჩული გამოიყენეს. ეს იყო ივანიშვილისთვის გამაფრთხილებელი აქტი”, – აცხადებს უფლებადამცველი.

საუბარია შვეიცარიული ბანკის მხრიდან, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი, მილიარდ დოლარზე მეტი თანხის უკანონოდ მითვისების საქმეზე, რასთან დაკავშირებითაც სამართლებრივი დავა სინგაპურის საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს.

ახლა ვდგებით გადამწყვეტი მომენტის წინაშე, შეძლებს კი, “ქართული ოცნება” 12-პუნქტიანი რეკომენდაციის ავტორი ევროკავშირის დარწმუნებას, რომ დეოლიგარქიზაციის დავალება “ოცნებამ” სწორად გაიგო. მაგრამ საკითხავია, დააკმაყოფილებს კი “საშინაო დავალების” საკუთარი ინტერპრეტაცია ევროკავშირს?

დიმიტრი ლორთქიფანიძის აზრით, “ქართული ოცნება” კანონს მაინც მიიღებს და აქტიურად გამოიყენებს კეზერაშვილისა და მსგავსი ოლიგარქების წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ დააკმაყოფილებს ევროკავშირს. კეზერაშვილის მიმართ კანონიერი და ლეგიტიმური მოქმედებების განხორციელების შემთხვევაშიც კი ჩაითვლება, რომ ზეწოლა განახლდა კრიტიკულ მედიაზე და მის უკან არსებულ დაფინანსების წყაროებზე, მაგრამ არავინ იმსჯელებს იმაზე, რომ კეზერაშვილი 2008 წლის წაგებული ომის მინისტრია, რომელმაც გაძარცვა საქართველოს ბიუჯეტი და უკანონოდ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაცია მოახდინა ოფშორებში, საიდანაც უკან ჩაასხა ეს თანხები პოლიტიკაში.

“დღეს კეზერაშვილზეა დამოკიდებული დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში ზურაბ ადეიშვილი, სოსო თოფურიძე, დავით ახალაია, მოხდება თუ არა სააკაშვილის რეანიმირება და ა.შ”, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ამავე დროს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია, მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ივანიშვილს ვერ პატიობს იმას, რომ მან 2012 წლის 1 ოქტომბერს დაასრულა დიქტატურა, ადამიანების ჩაგვრა და ქვეყნის განადგურება. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინული მოდელი აიღო, რომელიც ევროკავშირის მიერ მოწონებულია და ამ რეალობასთან შეგუება ყველას მოუწევს.

“ჩვენ ძალიან ბევრი ოლიგარქი და ოლიგარქიისკენ მიდრეკილი ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსები თუ ბიზნესმენები ვიცით და რა თქმა უნდა, ჩვენ ავიღეთ უკრაინული მოდელი, რომელიც არის მოწონებული ევროკავშირის მიერ და ამ კანონს მივიღებთ. დღეს ქვეყანაში გვაქვს წარმატებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ყველა ის მიღწევა, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წარმატებას ევროკავშირის გზაზე თუ ნატოს მიმართულებით, ყველაფერი უკავშირდება „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მმართველი გუნდი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ოპოზიციის ნაწილთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად უკვე ამუშავებს. კანონის უკრაინული მოდელი თუ იქნება გადმოღებული, ეჭვგარეშეა, ოლიგარქთა სიაში რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებლებიმოხვდებიან. ამაზე ღია მინიშნება არაერთხელ იყო “ოცნების” ლიდერების მხრიდან.

არჩილ თალაკვაძე

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, კანონში არ ჩაიწერება ის ერთადერთი სახელი და გვარი – ბიძინა ივანიშვილი, ადამიანის, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებში, ადამიანის უფლებების დაცვაში, ქვეყანაში არსებული ვითარების თვისობრივად გაუმჯობესებაში.

“თუ ჩვენ გადმოვიღებთ მოდელს, რომელიც თავის დროზე მოსწონდა„ ნაციონალურ მოძრაობას“ და მოგვიწოდებდნენ პათეტიკურად, რომ მიგვეღო ეს კანონი, რომელშიც მოცემულია ოთხი მთავარი კრიტერიუმი, პირველი, ვისაც ეს კრიტერიუმები შეეხება, გახლავთ რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი და მის გუნდში მყოფი ოლიგარქები. პირველ რიგში, ეს არის კეზერაშვილი, რომელიც პრაქტიკულად ოთხიდან სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ლევან ალაფიშვილი

ანალიტიკოს ლევან ალაფიშვილის მოსაზრებით, საქართველოს ხელისუფლება ამ თამაშს თუ განაგრძობს, შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგით დაასრულოს. მით უმეტეს, რომ, მისივე თქმით, მცირე განმარტებები ევროპიდან და ამერიკიდანაც გააკეთდა.

“დასავლეთის დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალიან კარგად იციან დემოკრატიული მმართველობის პრინციპები და ამ სისტემისგან განსხვავებული ოლიგარქიული მმართველობა. ამ საზოგადოებამ ძალიან გასაგებად ჩაწერა, რომ დემოკრატიული მმართველობის სტილი და მდგრადი სისტემა უზრუნველყავითო. სიტყვა დეოლიგარქიზაცია ასე მოწყვეტით ხომ არ არის ნახსენები? ევროკავშირი გვეუბნება, რომ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან გამორიცხეთ არაავტორიზებული გავლენებიო. ეს შეეხება ყველა სფეროს”, – განუცხადა Dalma News-ს ლევან ალაფიშვილმა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ოპოზიციისა და მმართველი პარტიისთვის ტერმინი – ოლიგარქი, კარგად გაყიდვადი გახდა, რომელსაც შინაარსი თუ არ შესძინეს, კინკლაობაში გალევენ დროს და მერე უცხოელები გვეტყვიან ყველას ერთად, – თქვენ შინაარსში ვერ გარკვეულხართ და ევროპაში რა გინდათო?

შორენა პაპაშვილი