თბილისში დენის ტარიფის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით “ქართული დასის” ორგანიზებით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც “ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, თბილისში დენის ტარიფის ზრდის არანაირი ეკონომიკური და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და ტარიფის გაზრდით მაღალჩინოსნები არიან დაინტერესებულები.

ტარიფის გაზრდის ერთ-ერთ მიზეზად ბუნებრივ აირზე ფასის მატება სახელდება. თუმცა, როგორც ბაღათურია აცხადებს, საქართველო 2 მილიარდ კუბამეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს, საიდანაც ერთი მილიარდი არის სოციალური გაზი, რომელიც საქართველოს 0 თეთრად მიეწოდება აზერბაიჯანის ენერგომატარებლების ტრანზიტის გამო.

“თელასმა” მოსახლეობიდან ამოიღო 800 მილიონი ლარის დავალიანება. შესაბამისად, თუ ამ თანხას ტარიფის დაანგარიშების მეთოდოლოგიაში შეიტანენ, მაშინ საფასურმა კი არ უნდა მოიმატოს, პირიქით, უნდა დაიკლოს,”- განაცხადა “ქართული დასის” ლიდერმა.

დღეისთვის დაგეგნმილ სემეკის სხდომაზე დასწრებას, სადაც დედაქალაქისთვის დენის ახალი ტარიფი უნდა დადგინდეს, “მემარცხენე ალიანსის” წარმომადგენლები გეგმავენ. ბაღათურიას აქციას სემეკ-თან მათი წარმომადგენელი სოსო შატბერაშვილიც შეუერთდა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღევანდელ საჯარო სხდომაზე “თელასისთვის” ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფის დადგენაზე იმსჯელებს.