ვინმეს რომ ეთქვა, ერთ დღეს დედამიწაზე დრო გაჩერდება და ადამიანები სახლებში გამოიკეტებიანო, არავინ დაიჯერებდა. კორონავისრუსის მსოფლიო პანდემიამ ერთ წამში შეცვალა ადამიანების ყოველდღიურობა. ცხოვრების აქტიური რიტმი შენელდა, ადამიანურმა ურთიერთობებმა კი მასობრივად გადაინაცვლა ვირტუალურ სივრცეში. არ ვიცი მსოფლიოს სხვა დიდი მეგაპოლისებში რა ხდება, მაგრამ თბილისი თანდათან დაიცალა მოსახლეობისგან. დიდმა ნაწილმა კვლავ სოფლებს მიაშურა. წლობით დაკეტილი სახლები გაიღო და კარ-მიდამო ახმაურდა. ქვეშეცნეულად ყველა უარესის მოლოდინშია. ჩაკეტილი საზღვრები, დახურული მაღაზიები, მხოლოდ სურსათი იყიდება და ისიც დღითიდღე ძვირდება. როგორი იქნება ხვალინდელი დღე? არაფრით უკეთესი.

ქვეყანაში გამოცხადებულმა საყოველთაო კარანტინმა ქალაქის მოსახლეობა ბეტონის ჯუნგლებში გამოამწყვდია, ხოლო ისინი, ვისაც სოფლებში მამა-პაპეული კარ-მიდამო უცხოელებზე ჯერ არ გაუყიდიათ, სოფლის ცხოვრებას ეცნობიან.

“მწვანილს და კარტოფილს მაინც მოვიყვანთ საკუთარ ეზოში და თავს, როგორმე გავიტანთ”, – ასეთია კორონავირუსით დამძიმებულ გარემოში ცხოვრების ყველაზე ოპტიმისტური განწყობა.

ახალსოფლი, ყვარლის მუნიციპალიტეტი

Dama News-ი ამჯერად კახეთს, კერძოდ ყვარლის მუნიციპალიტეტს ეწვია. კომენდანტის საათს თუ არ ჩავთვლით, აქ, ბევრი არაფერი შეცვლილა. საგაზაფხულო სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში, მაგრამ მცირე კორექტივებით მიმდინარეობს. შეიცვალა მუშების გადაყვანის წესი. კარანტინის გამოცხადების პირველივე დღეებიდან პოლიციამ მიკროავტობუსების მფლობელები სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობაზე გააფრთხილა, კერძოდ, მიკროავტობუსში 4-5 ადამიანი ჯდება, დისტანციურად.

მაღაზიაში, ბანკის ოფისებსა და აფთიაქებში ისეთივე წესები მოქმედებს, როგორც თბილისში, იმ განსხვავებით, რომ აქ ადამიანები უფრო მომთმენნი არიან. მაღაზიის კართან მომლოდინე მამაკაცები ხშრად, რიგს ქალებს უთმობენ.

“იქნებ სახლში ბავშვები ელოდებიან და ვინ იცის, როგორც ეჩქარებაო”, – გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა.

მაღაზიაში შესვლისას სასურველია პირბადის ქონა, სულ მცირე, თავშალში მაინც უნდა გქონდეს ცხვირ-პირი ჩამალული. დიდი მარკეტებისა და ბანკის ოფისების შესასვლელში სადეზინფექციო ხსნარს გახვედრებენ, სადაც ქუჩიდან შესულს ხელების დამუშავება შეუძლია.

კვირაობით, ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ბაზარში მიმდებარე სოფლების მოსახლეობა იყრიდა თავს. მათ სოფლის მეურნეობის საკუთარი პროდუქცია ჩამოჰქონდათ. ახლა კი სწუხან, აღარ იციან სად გაყიდონ თავიანთი მოსავალი. თითქმის ერთი თვეა ბაზარი დაკეტილია და გაიხსნება თუ არა კარანტინის შემდეგ, არავინ იცის.

“აქ, თბილისისგან ცოტა განსხვავებული ვითარება გვაქვს. ქალაქებში მოსახლეობის დიდი ნაწილი სამსახურის გარეშე დარჩა და სახლებში გამოიკეტა. სოფელში საგაზაფხულო სამუშაოები თუ არ ჩატარდა, შემოდგომით ხალხი მოსავალს ვერ მიიღებს. მოსახლეობა ვენახებში ჩვეულ რეჟიმში გადის სამუშაოდ. პოლიცია აკონტროლებს მუშების გადაყვანის წესებს. როცა კარანტინი გამოცხადდა, მოგვივიდა დადგენილება, რომ ყველა მძღოლი გაგვეფრთხილებინა, ვისაც მუშები გადაჰყავდა. ავუხსენით ვითარება, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ”, – გვითხრა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, მალხაზ მარტიაშვილმა.

შეიძლება ითქვას, რომ კარანტინის წესებისა და შეზღუდვების შესახებ ადგილობრივები ინფორმირებულნი არიან. ძირითადი პროტესტი აქაც, ოჯახის წევრების ერთი ავტომობილით მგზავრობას და მეუღლის წინა სავარძელზე განთავსების აკრძალვას მოჰყვა.

“რატომ არ შეიძლება ჩემი ცოლი მანქანის წინა სავარძელზე დაჯდეს, როცა ერთი ოჯახის წევრები, ერთ სახლში ვცხოვრობთ და ერთ სივრცეში ვმოძრაობთ?”, – ამბობენ ადგილობრივები. ამ წესის არდაცვის გამო, სოფელ ჭიკაანში, ერთი პირი უკვე დაჯარიმდა.

სოფელში ყველაფერი ნატურალურია, მათ შორის, ადამიანური ურთიერთობებიც. აქ არავირტუალური მეზობლობა ძალიან ფასობს. მოსახლეობა დღის საათებში ვენახშია გასული, შუადღისას საოჯახო საქმეებს უნდებიან, საღამო კი სოფლის ე.წ ბირჟებზე, ან ერთმანეთის ეზოებში იყრიან თავს, სოფლის და მსოფლიო ამბებს განიხილავენ. კარანტინმა ცვლილებები აქაც შეიტანა. სოფლის ქუჩებში, ადგილობრივი თავშეყრის ადგილებსა და ვენახებში სოციალურ დისტანციას პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ და მოსახლეობას კარანტინის წესებს დღეში, რამდენჯერმე ახსენებენ. სოფლის ე.წ ბირჟებზე მუდამ ხალხმრავლობა იყო, ახლა კი, ირგვლივ დამთრგუნველი სიჩუმე გამეფებულა. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ შეზღუდვები მალე დასრულდება და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებიან.

“სოფლად რით უნდა გავერთოთ ახალგაზრდები? გაზაფხულზე აქ, უამრავი საქმეა. დილით, ან ვენახში ვართ, ან საკარმიდანო საქმეებში ვეხმარებით მშობლებს. ჩვენი გართობა საღამოს, უბანში თავმოყრა იყო. კომენდანტის საათის გამო, ეგეც აგვეკრძალა. ვინც არ დაემორჩილა ახალ წესებს, დააჯარიმეს”, – გვითხრა სოფელ გავაზის მკვიდრმა რაჯი რაჯებაშვილმა.

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ჯერჯერობით, კორონავირუსით ინფიცირების, არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ქუჩების, სადარბაზოების, ტრანსპორტის მოსაცდელებისა და ბაზრების დეზინფექციის სამუშაოები ქალაქ ყვარელში აქტიურად ხორციელდება. სოფელ ახალსოფელში იყო შემთხვევა, როცა ადგილობრივი მცხოვრები მოსკოვიდან ჩამოვიდა. მას მაშინვე მისცეს მითითება, რომ ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩენილიყო. თუმცა, მამაკაცი მითითებას არ დაემორჩილა და შედეგად, იძულებით კარანტინში მასთან ერთად, რამდენიმე თანასოფლელი აღმოჩნდა.

“იყო ერთი შემთხვევა, როცა ჩვენი თანასოფლელი მოსკოვიდან ჩამოვიდა. ტელეფონით ვესაუბრე და ავუხსენი, რომ თვითიზოლაციის წესები დაეცვა. დამეთანხმდა. მეორე დღეს ექიმთან ერთად მივედით, რომ გვენახა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ვხედავთ, სახლში სუფრა იყო გაშლილი და მეზობლები ჰყავდა დაპატიჟებული. მისი მეზობლებიც თვითიზოლაციაში მოვათავსეთ. ყოველდღიურად ვამოწმებდით, ხან წყალს ვაწვდიდით, ხან საკვებს, რომ გარეთ არ გამოსულიყვნენ”, – გვითხრა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, მალხაზ მარტიაშვილმა.

Село Ахалсопели

სანამ სოფლის კარანტინის რეჟიმში ცხოვრებას ვეცნობოდი, ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა. ხშირი წვიმების ფონზე სასმელი წყლის ხარისხი გაუარესდა. რამდენიმე დღის განმავლობაში სოფელს გაუფილტრავი წყალი მიეწოდებოდა, შემდეგ კი საერთოდ შეწყდა. ვითარების ადგილზე გარკვევას შევეცადე. როგორც აღმოჩნდა, სოფელს გაცილებით უკეთესი, გაფილტრული და სასარგებლო სასმელი წყლის რესურსი გააჩნია, მაგრამ, რატომღაც, ამ სიკეთით ყველა არ სარგებლობს. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში და მათ შორის ახალსოფელში, დაახლოებით 10-12 წლის წინ, ამერიკული გრანტით ჭაბურღილები გაკეთდა. მიწის სიღრმიდან ამოტუმბული წყალი 60-ტონიან ავზებში გროვდება და მოსახლეობას მიეწოდება. სოფელ გავაზის მოსახლეობა ე.წ დაბურღული წყლით 24-საათიან რეჟიმში მარაგდება, ხარჯს კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ფარავს. სამწუხაროდ ამავეს ვერ ვიტყვით ახალსოფელზე. გაუგებარ მიზეზთა გამო, აქაურები სასმელად კვლავ, მდინარი წყლის გამოყენებას ამჯობინებენ, ე.წ დაბურღული წყლის სახლებში შეყვანაზე კი უარს აცხადებენ. დიდი ალბათობით, “ზედმეტ ხარჯს” არიდებენ თავს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელ მალხაზ მარტიაშვილს, Dalma News-ი ამ პრობლემაზეც ესაუბრა. როგორც მან აგვიხსნა, 100 მეტრის სიღრმიდან ამოსული წყალი მოსახლეობას უფასოდ მიეწოდება და მისი გამოყენება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. სოფელში 6 ჭაბურღილი დგას. წლების წინ ეს წყალი მოსახლეობას სახლებში შეუყვანეს და მრიცხველები დაუმონტაჟეს – 1 ტონა წყლის საფასური 0.50 ლარით განისაზღვრა. მოსახლეობამ წყლის საფასური ვერ გადაიხადა, დავალიანება დაგროვდა და ჭაბურღილებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

“2 წლის წინ, როცა ყვარლის მერის წარმომადგენლად დავინიშნე, სოფელში წყლის პრობლემა იდგა. დამწვარი ძრავები მერიას შევაკეთებინეთ და ჭაბურღილები ისევ ავამუშავეთ. ახლა სოფელს შეუძლია ისარგებლოს ამ წყლით, ხარჯს კი, მთლიანად მუნიციპალიტეტი ფარავს. ახალსოფელს ასევე, მიეწოდება მდინარის წყალი, მაგრამ გაზაფხულზე – თოვლის დნობის, ან წვიმების დროს წყალი იმღვრევა. ჭაბურღილის წყალი კი, ჯანმრთელობისთვის სრულებით უსაფრთხოა”, – განგვიმარტა მალხაზ მარტიაშვილმა.

ინფრასტრუქტურულ პროექტებს რაც შეეხება, ახალსოფელში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მუნიციპალიტეტის, რამდენიმე სოფელს მოემსახურება. შენობაში განთავსდება ტრენაჟორების დარბაზი, თავისი გასახდელებითა და საშხაპეებით, ახალგაზრდები იქ, ძირითადად ძიუდოს შეისწავლიან. სპორტული კომპლექსი ასევე, გათვლილია სხვადასხვა მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებებზე.

ახალსოფლის მოსახლეობა მწვავედ განიცდის გზების პრობლემასაც. როგორც გავარკვიეთ, უკვე დამტკიცებულია სოფლის შიდა გზების კეთილმოწყობისა და სანიაღვრე სისტემის მშენებლობის პროექტი. გზების ნაწილი შარშან მოასფალტდა, დიდი ალბათობით, სამუშაოები 2020 წელსაც გაგრძელდება. დღევანდელი კარანტინის პირობებში კი, სოფლის მოსახლეობას ყველაზე მეტად, მზარდი ფასები – სათესლე და საწამლი მასალის დღითიდღე გაძვირება აწუხებს.

რეპორტაჟი მოამზადა შორენა პაპაშვილმა