საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უკმაყოფილოა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოიღებასთან დაკავშირებით ინტერპოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და მას დანაშაულთან ბრძოლის საქმეში საქართველოს საგამოძიებო ორგანოებისთვის ხელის შეშლად აფასებს.

როგორც მინისტრი აცხადებს, მას გარკვეული კითხვები აქვს ინტერპოლის მუშაობის ახალ მეთოდებთან დაკავშირებით და იმედოვნებს, რომ ინტერპოლი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს არ დაემსგავსება, რომელი “უფრო უფლებებზე აკეთებს აქცენტს, ვიდრე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე,” – განაცხადა წულუკიანმა და დასძინა, რომ პოლიცია პირველ რიგში, დანაშაულთან ბრძოლის ინსტიტუტი უნდა იყოს.

“ინტერპოლის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს ხელს უშლის დანაშაულთან ბრძოლის საქმეში. ეს სამწუხარო ფაქტია, რადგანაც ჩვენ ინტერპოლთან ტრადიციულად, ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. საქართველოს მხრიდან ეს თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოიღეს. ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ კეზერაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა 2013 წლის 14 ნოემბერს გამოაცხადა. ამ დროისთვის, კეზერაშვილის გვარი ძებნილთა სიაში აღარ იძებნება.