დაახლოებით 42-მილიონიანი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი, საქართველოს მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უკრაინაში გაქცევის შემდგომ, ქალაქ ოდესის ერთობ სკანდალური გუბერნატორიც იყო, კვლავ პოლიტიკაში აბრუნებს და უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობას სთავაზობს. ერთი შეხედვით, ძნელად დასაჯერებელი ინფორმაცია მალევე დაადასტურეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. უფრო მეტიც, პრეზიდენტ ზელენსკის აზრით, სააკაშვილს აქვს პოტენციალი, რომ უკრაინის მთავრობის მხარდაჭერა მოიპოვოს.

როგორც ამბობენ, იგი უკვე შეხვდა სააკაშვილს და უკრაინის ეკონომიკის გადარჩენაზე მისი რეფორმატორული იდეები მოისმინა. როგორც თავად სააკაშვილი ამბობს, ვლადიმერ ზელენსკიმ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებების წარმოება დაავალა. სააკაშვილის თქმით, უკრაინას სჭირდება იმაზე მეტი ფინანსური დახმარება, ვიდრე დღეს იღებს. ქვეყანა შედის ძალიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისში.

“მზად ვარ ვიმუშაო ყველა პატრიოტულ ძალასთან უკრაინის პარლამენტში და სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რათა უკრაინამ შეძლოს დღევანდელი გლობალური ეკონომიკური კრიზისი ყველაზე ნაკლები დანაკარგებით დასძლიოს. იმედი მაქვს, გუნდის საიმედო წევრი ვიქნები და გამოვადგები უკრაინელ ხალხს. გამოვიყენებ ჩემ საერთაშორისო გამოცდილებას, რათა პირველ რიგში, დავიცვათ უკრაინელი ხალხის ინტერესები და წვლილი შევიტანოთ ქვეყნის პროგრესირებაში”, – წერს სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ირაკლი კობახიძე

აღნიშნულ ინფორმაციას არ აღუფრთოვანებია საქართველოს ხელისუფლება. სააკაშვილი მსჯავრდებულად სწორედ პარტია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში გამოცხადდა.​ “ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიმართ საკუთარ ნეგატიურ დამოკიდებულებაზე ღიას საუბრობს და წყენას არ მალავს.

მისი შეფასებით, სააკაშვილის უკრაინის მთავრობაში მიწვევა “ქართული ოცნების” მიერ ისევე აღიქმება, როგორც საქართველოში ვიცე-პრემიერად უკრაინის ექსპრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი რომ მიეწვიათ.

“რას მოიმოქმედებდნენ ჩვენი უკრაინელი მეგობრები, კოლეგები იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტდა მაგალითად ვიქტორ იანუკოვიჩის დანიშვნას საქართველოს ვიცე-პრემიერად? იანუკოვიჩმა ზუსტად ის უბედურება დააწია თავის ქვეყანას, რაც სააკაშვილმა საქართველოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ბუნებრივი და ის უნდა იყოს გასაგები ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის. იმ დეპუტატებისთვის, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს კონსულტაციები და საუბარი, ეს რეაქცია არის აბსოლუტურად გასაგები და ისინი ძალიან სწორად აღიქვამენ ამ რეაქციას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელი კანონმდებლები პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივას მხარს დაუჭერენ და საქართველოში მსჯავრდებულ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშნავენ, საქართველოს ხელისუფლება, უკრაინიდან კონსულტაციებისთვის ელჩს გამოიწვევს. ეს ის მინიმუმია, რის გაკეთებასაც ქვეყნის მთავრობის მეთაური გიორგი გახარია ამ ეტაპზე აანონსებს.

გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გახარიას თქმით, უკრაინელი ხალხი ქართველების მოძმე ერია, უკრაინის სახელმწიფო კი – სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერანაირი ვიწრო პოლიტიკური კონიუნქტურა ვერ შეცვლის, თუმცა, სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა კატეგორიულად მიუღებელია.

“მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. ჩვენ ჯერ ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ, თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რა თქმა უნდა, ელჩს, მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ადა მარშანია

უკრაინის პრეზიდენტის სკანდალურ ინიციატივას პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ადა მარშანია სოციალურ ქსელში, რუსულ ენაზე დაწერილი ერთი წინადადებით გამოეხმაურა:

«Господин Зеленский, вы с ума сошли?»

როგორც Dalma News-ს ადა მარშანიამ განუცხადა, ამ ერთ ფრაზაში სრულად ჩანს მისი დამოკიდებულება პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილების მიმართ, რომელსაც განუზრახავს, “საერთაშორისო დევნილი და კრიმინალი, ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილისთვის საძულველი პოლიტიკოსი და პოლიტიკური ავანტიურისტი, უკრაინის მთავრობაში ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშნოს”. ადა მარშანიას შეფასებით, უკრაინის მთავრობის მხრიდან ეს იქნება მეტად უცნაური და არასწორი ნაბიჯი. ამით ზელენსკის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან გაართულებს და დაძაბავს ურთიერთობას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში უკრაინასთან, როგორც ქვეყანასთან!

“შვიდჯერ გაზომე, ერთხელ მოჭერი, ნუ აჩქარდებიან და უფრო კარგად მოიფიქრონ, ეს ჩემი მეგობრული და გულწრფელი რეკომენდაციაა. ჩვენი მიშა, ფასიან საერთაშორისო ავანტიურისტ- პროვოკატორად მუშაობს. რომელ რეგიონებს დააკარგვინებს კიდევ უკრაინას, საინტერესოა? ზელენსკის წინ აქვს პოროშენკოს მაგალითი. მიშას, პოლიტიკაშ, მასზე მეტი გამოცდილება აქვს. მართალია ცუდი, მაგრამ ცუდი გამოცდილებაც გამოცდილებაა. სააკაშვილს უკრაინის მოსახლეობაში მხარდაჭერა საერთოდ არ აქვს”, – განუცხადა Dalma News დეპუტატმა ადა მარშანიამ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, სააკაშვილის ფიგურის მიმართ თავისი პოზიტიური დამოკიდებულება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამოავლინა, როცა გაპრეზიდენტებისთანავე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. ამით ზელენსკიმ გააუქმა მისი წინამორბედის, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს 2017 წლის 26 ივლისის განკარგულება, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო და შედეგად, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. 2016 წლის ნოემბერში, სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა და ოპოზიციური პარტია შექმნა. უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი, მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, რის შემდეგაც ის გახდა მოქალაქეობის არმქონე პირი – აპატრიდი.

პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ უპატივცემულობად აფასებს ქართველ ექსპერტთა ნაწილი. საინტერესოა ის, თავად ზელენსკის ინიცირებულია ეს დანიშვნა, თუ მის უკან აშშ დგას? ის, რომ კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე უკრაინას, არც თუ მარტივი პერიოდი უდგას, ფაქტია, მაგრამ თავად სააკაშვილს რა “აიძულებს” უკრაინის პოლიტიკაში დაბრუნება, სადაც პანდემიის ფონზე, წუთი-წუთზე შეიძლება გავარვარებული ლავის მსგავსად ამოხეთქოს.

გია აბაშიძე

პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივას არამეგობრულ ნაბიჯს უწოდებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე და იმედოვნებს, რომ საქართველოდან მიღებული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი აღშფოთება და ასევე უკრაინის მმართველი პარტიის დიდი უკმაყოფილება გადაწონის და სააკაშვილი ვიცე-პრემიერად ვერ დამტკიცდება. მმართველი გუნდი აწონ-წადონის, რამდენად მომგებიანი თუ წამგებიანია სააკაშვილი უკრაინისთვის.

“მიმაჩნია, რომ ქართველი ერის შეურაცხყოფაა სააკაშვილის ნომინირება ასეთ მაღალ თანამდებობაზე. ქართველებსა და უკრაინელებს საუკუნეების განმავლობაში გვაქვს მეგობრობა, ისტორიული, რელიგიური კავშირი. ასევე, კავშირი ხელოვნებისა და მწერლობის სფეროში და ასეთი რაღაცის გაკეთება, არ შეიძლება. ბუნებრივია ,ეს ურთიერთობები ძალიან არ დაზიანდება, თუმცა წყენა იქნება”, – აცხადებს გია აბაშიძე.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სააკაშვილი მაინც გახდება უკრაინის ვიცე-პრემიერი, ისევე სამარცხვინოდ დაამთავრებს ამ თანამდებობაზე მოღვაწეობას, როგორც პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს მოხდა. ასევე, გამორიცხული არ არის, სააკაშვილის ინტერესები უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრების ინტერესებთან წინააღდეგობაში მოვიდეს.

“სამწუხაროდ სააკაშვილში არაფერი აღარ შეიცვლება. ის ძალაუფლების წყურვილით, პოპულიზმით, დემაგოგიით არის შეპყრობილი და საქმის კეთების ნაცვლად, ამ კომპონენტებს გააათმაგებს”, – ამბობს იგი.

როგორც Dalma News-ს გია აბაშიძემ განუცხადა, ზელენსკის სააკაშვილი, რამდენიმე მიზეზით სჭირდება. მისი წინასაარჩევნო დაპირებაც, სწორედ სააკაშვილს უკავშირდებოდა.

“პირველი – პოროშენკოს წინააღმდეგ კორუფციული გეგმების ზუსტი გაშიფვრა, რაც სააკაშვილმა მშვენივრად იცის; მეორე – დააბალანსოს გავლენიანი შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაქოვი, იმიტომ, რომ ის ძალიან დიდი გავლენით სარგებლობს მთავრობაში. მესამე – ზელენსკიმ მთავრობაში ის ადამიანები მოიყვანა, რომლებიც ოლიგარქების სატელიტებად აღიქმებიან და ამით, ძალიან გააწბილა დასავლეთი. მას სურს, დასავლეთის იმ ნაწილს, რომელიც სააკაშვილის მხარესაა, დაუმტკიცოს, რომ უკრაინა პროდასავლური რჩება”, – აცხადებს გია აბაშიძე.

რა უფრო საშიში იქნება უკრაინისთვის, Covid-19-ის მიერ მიყენებული ეკონომიკური ზარალი, თუ სააკაშვილის პოლიტიკურ-ეკონომიკური სტრატეგია, დრო გვიჩვენებს.

შორენა პაპაშვილი