კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, საქართველოში ჯერ საგანგებო რეჟიმი, შემდეგ კი, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა და კომენდანტის საათი ამოქმედდა. 31 მარტიდან, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 10-საათიანი შეზღუდვა მოქმედებს. კერძოდ, მოსახლეობას 21:00 საათიდან 06:00 საათამდე სახლიდან გასვლა და ქუჩაში გადაადგილება ეკრძალება, წინააღდეგ შემთხვევაში 3 000 ლარის (დაახლოებით 1 000 აშშ დოლარის) ჯარიმა დაეკისრებათ. კომენდანტის საათამდე 10 დღით ადრე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში კი, პანდემიის მასობრივად გავრცელების საშიშროების წარმოქმნისთანავე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საზღვრები ჩაიკეტა. ჯერ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები გადავიდა მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე, შემდგომ კი, სამეგრელო -ზემო სვანეთში აიკრძალა გადაადგილება გადაუდებელი შემთხვევის გარდა. მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო. ჯანდაცვის სამინისტრომ დახურულ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის კორონავირუსზე კარდაკარ ტესტირების პროგრამა დაიწყო.

იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა 2 მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა. აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა თუ ისინი მიდიან სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქსა, ან სამედიცინო დაწესებულებაში. აუცილებლობის შემთხვევაში, მარტოხელა 70 წელს გადაცილებულ მოხუცების დახმარებას უზრუნველყოფენ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები და მუნიციპალიტეტები.

ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაიხურა ყველა ობიექტი აფთიაქების, სურსათის მაღაზიებისა და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის გარდა. გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თბილისში აღარ მუშაობს მეტრო. აიკრძალა გადაადგილება იმ შემთხვევების გარდა, როცა ადგილობრივებს საკვები პროდუქტების, მედიკამენტების შეძენა, ან სამედიცინო მომსახურების მიღება სჭირდებათ. შეზღუდვები დაუწესდათ ტაქსის მძღოლებსაც, რომლებსაც, საგანგებო რეჟიმის მოქმედების პერიოდში, ერთდროულად 2-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა აეკრძალათ. ქვეყანაში წესრიგს პოლიცია იცავს. ადმინისტრაციულ და სახელმწიფო საზღვრებზე თავდაცვის სამინისტროსა და შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმები განლაგდნენ. ქვეყანაში აიკრძალა და მკაცრად კონტროლდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა.

პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმების მიზნით, მოეწყობა საკონტროლო პუნქტები ქალაქებში: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის, ზუგდიდის და გორის ადმინისტრაციულ საზღვრებთან, სადაც პროცესის მართვას განახორციელებენ საპოლიციო და თავდაცვის ძალები.

საყოველთაო კარანტინის გამოცხადების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეეთერით განაცხადა, რომ ქვეყანაში, მომაკვდინებელი ინფექცია covid-19 -ის გავრცელების საშიშროება იმატებს, რადგან მოქალაქეები სრულყოფილად არ იცავენ საყოველთაო იზოლაციის წესებს. საქართველოს მოსახლეობა შეიძლება ითქვას, ერთგვარად გაათამამა ქართველი ექიმების მონდომებამ, როცა ქვეყანაში კორონავირუსით პაციენტის გარდაცვალების, არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ ხნის განმავლობაში დაავადება დაძლიეს, როგორც ასაკოვანმა პაციენტებმა, ასევე, 2 მცირეწლოვანი ბავშვიც გამოჯანმრთელდა. ამდენად მოსახლეობა მოდუნდა და ნელ-ნელა, თბილისის ქუჩებში მოსეირნე ადამიანებიც მომრავლდნენ.

ამირან გამყრელიძე

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, საშიშროება სერიოზულია და მომავალი ერთი თვე ძალიან რთული იქნება. მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა დაემორჩილონ ჯანდაცვის უწყებების მოწოდებებს და მიყვნენ რეკომენდაციებს, რადგან ქვეყანა ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე იმყოფება.

“მოეშვა ცოტა მოსახლეობა, დაბრძანდებიან ქუჩებში, მანქანით იქნება თუ ფეხით, ისევ არის თავშეყრა. ეპიდემია არის ქვეყანაში და შეიძლება გადავიდეს ისეთ უმართავ პროცესებში, როგორც იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთშია. ხედავთ, რა ხდება მრავალ ევროპულ ქვეყანაში, რომლებიც გაცილებით ძლიერები არიან ეკონომიკურად, გაცილებით ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვთ, ვიდრე საქართველოს. უნდა გავიჭირვოთ მინიმუმ ორი თვე მაინც, რომ ვიყოთ სახლებში, განსაკუთრებით ხანდაზმულები, ავადმყოფები ქრონიკული დაავადებებით, მაღალი რისკის მქონე ადამიანები. დაიცვას ყველამ კარანტინი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სოციალური დისტანცირება ეპიდემიასთან ბრძოლის ყველაზე მძაფრი იარაღია.

გიორგი გახარია

მაშინ, როდესაც მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაული – აღდგომა ახლოვდება, საქართველოს მოსახლეობაში სულ უფრო იმატებს სურვილი და მოლოდინი იმისა, რომ კორონავირუსთან ბრძოლა ქვეყანამ, რაც შეიძლება მალე და წარმატებით დაასრულოს. ასეთივე განწყობა და სურვილი აქვს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც. იგი მოსახლეობას ჰპირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა აღდგომის დღესასწაულამდე გაუმკლავდეს ქვეყანა პანდემიას, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამის გარანტია დღეს, არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არ არსებობს.

მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, მაშინ, როდესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სხვადასხვა რელიგიურმა მიმდინარეობებმა შეწყვიტეს მსახურება და სალოცავები დახურეს, საქართველოს საპატრიარქომ პირიქით, მსახურება კიდევ უფრო გააძლიერა. ეკლესიებმა დააწესა სპეციალური წესები, ეკლესიის ეზოები აღჭურვეს ხმის შესაბამისი ტექნიკით, იმისთვის, რომ მრევლს შეეძლოს გარეთ ყოფნა და წირვის მოსმენა, მრევლისთვის მოინიშნა სოციალური დისტანციის ადგილები.

“როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას, ჩვენ ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან. მე, ისევე, როგორც რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რიგით მრევლს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა, როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Dalma News-ი დაინტერესდა, საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას, როგორც ხვდება სასაზღვრო რეგიონების მოსახლეობა, მათ შორის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

​ჯავახეთში ვითარება შეიძლება ითქვას, მეტ-ნაკლებად ნორმალურია. მოსახლეობა მშვიდად არის, იცავენ რეკომენდაციებს. სახლში იყენებენ ანტისეპტიკურ და სადეზინფექციო საშუალებებს. ქუჩაში ხშირად არ გადიან, არც ბავშვებს უშვებენ სათამაშოდ ეზოს გარეთ. დაცარიელდა ე.წ. ბირჟები. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოსალოდნელ შეზღუდვებზე საუბარი ქვეყნის ხელისუფლებამ იმდენად ადრე დაიწყო, სანამ ქვეყანაში ჯერ კიდევ 2-3 ინფიცირებული იყო გამოვლენილი, რომ კომენდანტის საათისთვის ფსიქოლოგიურად მზად აღმოჩნდნენ. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც არა თუ არასერიოზულად უყურებენ ყოველივეს, გონიათ რომ ეს მათ არ შეეხებათ.

“ჯავახეთში, თვითიზოლაციის წესების დარღვევის დაახლოებით 3-4 შემთხვევა გვქონდა. როდესაც ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ სომხეთიდან შემოსვლის შემთხვევაში თვითიზოლაციაში მოუწევდათ ყოფნა, ეს ადამიანები მაინც არღვევდნენ წესებს. მაგალითად, სტუდენტი ჩამოვიდა სომხეთიდან, არ დარჩა თვითიზოლაციაში, თავს კარგად გრძნობდა და მეგობრების მონახულება გადაწყვიტა. 3 შემთხვევა იყო, როდესაც სტუდენტები ძალით წაიყვანეს კარანტინში. მაგრამ დაჯარიმების შემთხვევები ჯავახეთში არ ყოფილა”, – განუცხადა Dalma News-ს ადგილობრივმა მცხოვრებმა, ჟურნალისტმა რიმა ღარიბიანმა.

რიმა ღარიბიანმა

იგი დადებითად აფასებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით ხელისუფლების მიერ გატარებულ ზომებს, თუმცა მიაჩნია, რომ ბევრი ნეგატიური ინფორმაციის მიღება მოსახლეობას პანიკაში აგდებს, ითრგუნება და სასოწარკვეთილებაში ვარდება. ასე მაგალითად, ჯავახეთის ერთ-ერთ მკვიდრს ნერვიულობის ფონზე სიცხემ აუწია და სასწრაფო დახმარების ბრიგადას განუცხადა, რომ კორონავირუსი ჰქონდა. მამაკაცი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა covid-19 არ დაუდასტურდა.

“როცა ხელისუფლება უარესისთვის გვამზადებს, ერთი მხრივ ეს კარგია, როცა ნელ-ნელა იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა, მშვიდდები, რომ არც ისე ცუდად არის ქვეყანაში საქმე. მაგრამ მეორე მხრივ ვამჩნევ, რომ ამ მკაცრი წესებისა და ცუდი ინფორმაციების გამო მოსახლეობა პანიკაშია. ძალიან კარგია, რომ ხელისუფლება სტატისტიკას არ მალავს, თითოეული ინფიცირებულის შესახებ ვიცით, მოსახლეობა თავს საზოგადოების ნაწილად გრძნობს. მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ეპიდემიის შემდეგ ძალიან ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა გვექნება. რაღაცნაირად თვალი უნდა ვადევნოთ ადამიანებმა ერთმანთთან ურთიერთობებს, აღვზარდოთ ბავშვები, ამ პანიკის გამო, ოჯახებშიც კი იძაბება ურთიერთობები”, – განუცხადა Dalma News-ს რიმა ღარიბიანმა.

ჩვენც, ჩვენი მხრივ, მოსახლეობას ვურჩევთ იყვნენ ყურადღებით, შეასრულონ ყველა რეკომენდაცია, ჰიგიენა ყოველთვის საჭიროა, არა მხოლოდ კორონავირუსის დროს, მთელი დღის განმავლობაში, ნუ მოუსმენენ ნეგატიურ ინფორმაციას, ითამაშონ ბაშვებთან, ინტერნეტის საშუალებით ესაუბრონ მეგობრებს, უყურონ საყვარელ ფილმებსა და წაიკითხონ ახალი წიგნები. მაგრამ, იმავდროულად ყველას გვესმის, რომ covid-19 -ის შემდეგ, ყველაფერი შეიცვლება და უპირველესად ურთიერთობები. იმედია, ადამიანები ისწავლიან ერთმანეთის, ხელისუფლება კი, პროფესიონალების დაფასებას!

შორენა პაპაშვილი