კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, საქართველოში დაღუპულთა და ინფიცირებულთა, რაოდენობა საგანგაშოდ იზრდება. ყოველდღიური სტატისტიკა შემაშფოთებელია, covid-19-ით დღეში 20-დან 40-მდე პაციენტი იღუპება, 3 000-ზე მეტი ახალი დადასტურებული შემთხვევები ვლინდება და გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკასაც ათასობით პაციენტი ემატება. მსოფლიო პანდემიის დაწყების დღიდან საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 118 690-ს მიაღწია (18 759), მათგან 98 781 გამოჯანმრთელდა, გადაიცვლილების რაოდენობა კი 1 124 გასცდა. კოვიდსასტუმროებში, კარანტინის რეჟიმსა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ათი ათასობით ადამიანი რჩება.

მსოფლიო პანდემიას წლის დასაწყისში საქართველომ მასობრივი კარანტინით, ქალაქების ჩაკეტვითა და ლოქდაუნით უპასუხა, 2020 წლის შემოდგომით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კოვიდვითარების გართულების მიუხედავად ქვეყნის მასშტაბით ლოქდაუნი აღარ გამოცხადდება და მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები იქნება.

წინასაარჩევნო კონტექსტში პოლიტიკური ოპონენტები მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ რიგითი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში კვლავ კომენდანტის საათი და საყოველთაო კარანტინი გამოცხადდებოდა. ამასთან დაკავშირებით გახარიამ განაცხადა, რომ ხელისუფლების ეპიდემიასთან ბრძოლაში გამარჯვებას ფასი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ მინიმალური ზიანი მიადგება ეკონომიკას.

ამირან გამყრელიძე

საქართველომ კორონავირუსის ვაქცინისთვის 4 მლნ დოლარი უკვე გადაიხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სულ ვაქცინის შესაძენად 17 მილიონი დოლარია გათვალისწინებული. ვაქცინა, რომელიც ორჯერ უნდა გაკეთდეს, 700 000 ადამიანს მოიცავს. თუმცა, რა ტიპის ვაქცინას მისცემენ საქართველოს ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, სხვადასხვა სახელმწიფოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით 8 მილიარდი დოზა აქვთ შეკვეთილი. ხოლო ის, თუ საქართველო რომელ ვაქცინას მიიღებს, გადაწყდება ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ შექმნილ “კოვაქს – პლატფორმაზე”.

“მათთან ორი ათეული წელია ვთანამშრომლობთ. თუ რომელ ვაქცინას შეისყიდის ეს პლატფორმა ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის და საქართველოსთვის, ჯერ არ ვიცით. როდესაც რომელიმე ვაქცინა დამტკიცდება რეგულატორების მიერ, საქართველო მიიღებს პრეკვალიფიცირებულ ვაქცინას და აიცრება 700 ათასამდე ადამიანი. პირველ რიგში ესენი იქნებიან რისკ-ჯგუფები“, – განმარტავს ამირან გამყრელიძე.

კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელი პროფესორის, ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ის დამფუძნებლის, უღურ შაჰინის ვარაუდით, მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას 2021 წლის ზამთრისთვის უნდა დაუბრუნდეს. მისივე თქმით, ახალი ვაქცინა 90%-ით თუ არა, 50%-ით მაინც შეამცირებს ვირუსის გავრცელებას. 2021 წლის აპრილისთვის კომპანია 300 მილიონამდე დოზა ვაქცინის წარმოებას გეგმავს, ზაფხულისთვის კი, აპირებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვაქცინის წარმოების პროცესი კიდევ უფრო გაზარდოს.

წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგია

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კორონავირუსის გავრცელების შენელების მიზნით წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას განაგრძობს და სისტემურ შეზღუდვებს არ გეგმავს. დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში 9 ნოემბრიდან ამოქმედდა, ღია სივრცეში პირბადის გაკეთება სავალდებულო გახდა.

დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდულია გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებებით. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა არ ვრცელდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის, სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე;

ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დროებით დაიხურა, როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები; ამ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმაზე, თუ როგორ იქნება დაცული დადგენილი წესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, მათ შორის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, მათ შორის პოლიტიკური პროცესის დროს.

საბჭოს წევრებმა ისაუბრეს იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილებას. ამისთვის აუცილებელია, განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია. აღინიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გამოსავალი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება, არის მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მკურნალობა ოჯახის ექიმებთან აქტიური კონსულტაციით. ხოლო ინფიცირებულები, რომელთაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ, გადავიდნენ კოვიდ-სასტუმროებში, სადაც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა.

“წერტილოვანის” მიუხედავად ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი შეზღუდვების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს. ეს განსაკუთრებით სოციალურ ქსელში განთავსებული კომენტარებიდან იგრძნობა. მოსახლეობის ნაწილისთვის კვლავ დაუჯერებელია Covid-19-თან დაკავშირებული ოფიციალური სტატისტიკა და მიაჩნიათ, რომ ამ ციფრებში სხვა დაავადებებით გარდაცვლილებიც ხვდებიან. ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას (რაც 2 000 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს), მოსახლეობაში ნიჰილისტური გამოხმაურებები მოჰყვა, მათი აზრით, სასაცილოა არგუმენტი, თითქოს ვირუსი ღამის საათებში უფრო საშიშია.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ორკვირიან ინტერვალში დაახლოებით 30%-ით ამცირებს ახალ შემთხვევათა რიცხვს.

“ხშირად გვაკრიტიკებენ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის გამო და ამბობენ – რა, კორონავირუსი 22:00 საათზე იძინებს და 05:00 საათზე იღვიძებს? არა, ბატონებო, ეს ყველაფერი სამეცნიერო მტკიცებულებებით არის გამყარებული”, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოს მოსახლეობას კორონავირუსთან საბრძოლველად სახლში დარჩენას ქართველი ექიმებიც მოუწოდებენ. 17-მა მედიკოსმა ამასთან დაკავშირებით ერთობლივი ვიდეომიმართვა ჩაწერეს, რომელშიც კიდევ ერთხელ იმეორებენ, რომ Covid-19-თან ბრძოლის მთავარი ხერხი სოციალური იზოლაციაა.

“112”-სა და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის გადატვირთულობის შესამსუბუქებლად, ჯანდაცვის სამინისტროში 15 ნოემბრიდან ახალი პორტალი ამოქმედდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, პირადი ნომრის მითითებით, მოქალაქეს შეუძლია, პორტალის მეშვეობით გაარკვიოს, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის ქსელის წარმომადგენელთან და ექიმთან არის ის გადანაწილებული. მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა დროულად მიმართონ ექიმს.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანა ვითარების კიდევ უფრო დამძიმებისთვის მზად რომ იყოს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კერძო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა და საწოლფონდის რაოდენობასა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი რესურსების მობილიზებისკენ მოუწოდა, თუმცა ამავე დროს, კლინიკების ხელმძღვანელებს, ექიმებს, სამედიცინო პერსონალს და ყველა თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვის პროცესში სწევენ.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულებსა და გარდაცვლილებს შორის ექიმებიც არიან. კორონავირუსით ასევე გარდაიცვალა 15 წლის მოზარდი, რომელიც მართვის სუნთქვაზე იმყოფებოდა და კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. თუმცა, არის სასიხარულო ინფორმაციებით, მათ შორის ის, რომ ქალაქ ქუთაისში covid-19 25 დღის ჩვილმა დაამარცხა.

უკანასკნელი მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით დედაქალაქი გამოირჩევა, მას მოსდევს აჭარა, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და კახეთის რეგიონიც კი, რომელიც პანდემიის დაწყებიდან მთელი 7-8 თვის განმავლობაში “მწვანე ზონად” ცხადდებოდა.

შ. ქარჩავა