საქართველო დემოკრატიისთვის დაბადებული ქვეყანაა. აქ შეუძლიათ, ყველაფერი გააპროტესტონ, პოლიტიკით დაწყებული ხელოვნებით დამთავრებული. აქ ეროვნული ტრადიციები ჯერ კიდევ ფასეულია და თუ ბევრი, ამის გამო ქუჩაში არ გადის (მავანთა კრიტიკისგან თავის დასაზღვევად), გულის სიღრმეში, მაინც პროტესტის გრძნობა აქვთ. თურქულ-ქართული წარმომავლობის, შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ”, პრემიერას საქართველოში, მთელი სამდღიანი ვნებათაღელვა და პროტესტი მოჰყვა.

თითქოს მთელი სამი დღით, ქვეყანაში შეჩერდა ცხოვრება, აღარ იყო, აღარც ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, აღარც სიძვირე და სიდუხჭირე, მთელი 3 დღით სრულიად ქართული მედია მხოლოდ გეი-დრამის წარუმატებელ პრემიერაზე მოთქვამდა. პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან შეკრებილი მოქალაქეების პროტესტი, იმ იმედით, რომ სადმე, პროცესები უმართავი გახდებოდა და ქართველები ერთმანეთს დაუნდობლად გაუსწორდებოდნენ. მაგრამ სამართალდამცველების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მოახერხეს დაპირისპირებული ჯგუფების ერთმანეთისგან დისტანცირება და ორივე მხარის უსაფრთხოების დაცვა. მართალია წითელ ხალიჩაზე გასეირნებით ვერ, მაგრამ ფილმის ნახვის მსურველები კინოთეატრის დარბაზებში პოლიციის კორდონის საშუალებით მაინც შედიოდნენ.

თუმცა, პროტესტის პირველ დღეს, 8 ნოემბერს, ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. კინოთეატრ “ამირანთან” დაშავდა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი. ეს ის გოგონაა, რომელმაც საზოგადოებას თავი 9 აპრილის მემორიალზე ცეკვით დაამახსოვრა. სუბელიანის თქმით, მას მიზანმიმართულად ესროლეს ქვა და თვალი შემთხვევით გადაურჩა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ის მაშინვე გადაიყვანა კლინიკაში, სადაც ჭრილობა დაუმუშავეს.

ფაქტი ერთმნიშვნელოვნად სამწუხაროა. როგორც Dalma News-მა ვითარება ადგილზე გაარკვია, ანა ჯერ სწუხდა, რომ პოლიცია საპროტესტოდ გამოსულ მშვიდობიან მოქალაქეებს არ აპატიმრებდა, შემდგომ თავად სცადა მოწინააღმდეგე მხარესთან კონფლიქტი. ერთ-ერთს შუა თითის კომბინაცია აჩვენა, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაქცია. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი იმ საღამოსვე დააკავა.

ფილმის პრემიერის დღეს, სხვაც ბევრი რამ გახდა ცნობილი. კერძოდ, ის, რომ ლევან აკინს თავისი გეი-დრამის, ქართული ეროვნული ცეკვის ანსამბლის, მსოფლიოში სახელმოხვეჭილი “სუხიშვილების” ბაზაზე გათამაშება სდომებია. მოლაპარაკებებში უცხო ქვეყნების საელჩოებიც ჩარეულან, მაგრამ ანსამბლის ხელმძღვანელებისგან არგუმენტირებული უარი მიუღიათ. ნინო სუხიშვილი დაინტერესებულა, რატომ არ სურდა რეჟისორს ფილმი ქალის და მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე გადაეღო, რაზეც მიიღო პასუხი, – მე ვარ გეი და ამიტომ მინდა მამაკაცების სიყვარულზე გადავიღო ფილმი.

“ჩემთან იყო ლევან აკინი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი. შვედეთის საელჩოდანაც იყვნენ. ლევანს ჩვენი ანსამბლის ბაზაზე უნდოდა ფილმის გადაღება. ისტორიულად ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლია. სიუჟეტი არაბუნებრივი მომეჩვენა, თორემ არანაირად ჰომოფობიური პოზიცია არ მქონია. ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ – კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა. ბევრი ცეკვა ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა”, – აცხადებს ნინო სუხიშვილი.

მისივე შეფასებით, ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც მოძრაობებში ჩანს თავისუფლების მოყვარე ქართველი ერი, მამაკაცური და ვაჟკაცური.

“არ მინდოდა ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი. ეს იქნებოდა ტყუილი”, – ამბობს იგი.

მოგვიანებით, თავად აკინის მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო სუხიშვილს, ჰომოფობიური განცხადებების გამო, გაეროს კეთილი ნების ელჩობა შეუჩერეს. ინფორმაცია ელვის სისწრაფით აიტაცა ქართულმა მედიამ, თუმცა ის მალევე გააბათილა გაეროს სახლმა საქართველოში. გაეროს წარმომადგენლობაში მადლიერებას გამოხატავენ ნინო სუხიშვილის მიმართ, მის მიერ გაწეული დახმარებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს საპატიო წოდება დროებით ენიჭებათ და ელჩები როტაციას ექვემდებარებიან.

ფილმის მიმართ პროტესტს სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. მათი მიზანი პრემიერის ჩაშლა იყო. როგორც თელეთის ხარების ტაძრის დეკანოზი ბასილ იაშაღაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ფილმის მიზანია ერთსქესიან ადამიანებში ერთმანეთისადმი ლტოლვის დანერგვა და ამ ყველაფრის ნორმად წარმოჩენა. რაც, მისივე თქმით, არის მამათმავლობისკენ მოწოდება და ახალგაზრდების წაქეზება.

“წმინდა პეტრე დამასკელი ამბობს, რომ ადამიანი რა სიტყვაშიც განისწავლება, იმ სიტყვის თვისებებს იძენს. ჩვენი თხოვნაა მთავრობისადმი, ტელევიზიებისადმი, რომ ხელი არ შეუწყონ ამ ფილმის ჩვენებას, პირიქით, წინ აღუდგნენ და არ მიიღონ მონაწილეობა ამ ცოდვის გავრცელებაში. ყველა ის ტელევიზია იქნება თუ ჟურნალისტი, ვინც ამას ხელს შეუწყობს, თანამონაწილე იქნება ჩვენი ერის გადაგვარების და მომავალი თაობის გახრწნის”, – განაცხადა მამა ბასილმა.

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პროდიუსერი ქეთი დანელიაა. მისი მოსაზრებით ეს არის ფილმი, რომელიც ხალხმა უნდა ნახოს. ასევე, ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი კანონის ფარგლებში გამოხატოს. მისივე ინფორმაციით, პრემიერის დღეს თბილისში, ყველა ბილეთი გაიყიდა. თუმცა პრემიერამ, მაინც ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩაიარა. როგორც ქეთი დანელია გვარწმუნებს, ფილმი ძალიან ბევრ ფესტივალზეა გაგზავნილი, 40-მდე ქვეყანაშია გაყიდული. მისი მსოფლიო პრემიერა 16 მაისს, კანის 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ხოლო ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე, აკინის ფილმი შვედეთის სახელით წარდგება.

ფილმს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ეროვნულმა კინოაკადემიამ. მათი მოსაზრებით, აკინის ფილმს შეუძლია თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ბრძოლაში, იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უარყოს სექსუალური უმცირესობების მიუღებლობა და უფრო ჰუმანური გახდეს. ასეთია ქართველი კინოხელოვანების ნაწილის განწყობა. მათ შეშფოთება გამოთქვეს ფილმის პრემიერის ჩაშლის დაანონსების გამო და შემოქმედებით ჯგუფს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

თავად ფილმის რეჟისორი კი აცხადებს, რომ ეს არის მისი სიყვარულის წერილი საქართველოსადმი, რომ ამ ამბის მოთხრობით სურდა ქართული კულტურის წარმოჩენა. როგორც ჩანს, აკინი იმდენად დიდი ხნით მოწყვეტილა ქართულ ფესვებს, რომ ვერ გაითვალისწინა, ეროვნული სამოსი, ქართული სუფრა და “წინწყარო” ვერ გამოდგება ქართველი მაყურებლის მისაზიდად, როცა სუფრაზე მთავარ კერძად მამაკაცების სასიყვარულო სცენა შემოგაქვს.

სკანდალური ფილმის პრემიერა ბელგიაშიც შედგა. აი, რას ჰყვება ქართველი ემიგრანტი მაია ჟორჟოლიანი:

“დარბაზში ვიყავით მხოლოდ ექვსნი, მათგან 2 ქართველი. ფილმის მიმართ ინტერესი არ იყო. სხვა დარბაზები კი სავსე იყო ხალხით. ბილეთი 9 ევრო ღირდა. ერთ სცენაზე ძალიან “გავჭედე”: ეზოში, სადაც მოქმედება ხდებოდა, ქვევრი იდგა და იქვე შედგა შეყვარებული მამაკაცების წყვილის ეგზალტირებული აქტი. არა და, იქვე ქართული სუფრა იყო გაშლილი, თავისი „წინწყაროთი“, სადღეგრძელოებითა და ნამდვილი მამა-პაპური ქეიფით. რაღაცნაირად, შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და ავტირდი”, – ამბობს ბელგიაში მცხოვრები ქართველი.

ვინ რის გამო აატირა აკინის ფილმმა ამას კიდევ გავიგებთ, მაგრამ დღეს, იმასაც ამბობენ, რომ არა საზოგადოების ნაწილის აჟიოტაჟი, ფილმის პრემიერა უხმაუროდ და უმტკივნეულოდ ჩაივლიდა. ყველა თანხმდება იმაზე, რომ პოპულარული თემატიკის გარდა, ფილმს არანაირი მხატვრული ღირებულება არ გააჩნია და ის მალე, მივიწყებას მიეცემა.

მანამდე კი, ფილმის რეჟისორი შესაძლოა, ახალი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდეს. როგორც ირკვევა. ზაფხულში, ლევან აკინს, რამდენიმე ბავშვი ქალაქგარეთ მოტყუებით წაუყვანია, თითქოს, საბავშვო ფილმს იღებდა ქართულ ცეკვაზე, სინამდვილეში კი, არასრულწლოვნები გეი-დრამის გარკვეულ სცენებში გადაიღო. საუბარია 5-6 ბავშვზე.

“ჯერ კიდევ, კანის ფესტივალზე ატეხილი აჟიოტაჟის დროს მივხვდი, რა უბედურებაც გვჭირდა, მაგრამ ბოლომდე არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ ჩვენი შვილები გეი ფილმში სათამაშოდ შეიტყუეს. ფილმის კადრები სოციალურ ქსელში ვნახე. ჩემი გოგონა ქართული ცეკვის ერთ-ერთ სტუდიაში დადის, ხშირად მიჰყავთ ამ სტუდიის ბავშვები სხვადასხვა სარეკლამო კლიპებში გადასაღებად”, – აცხადებს ფილმში გადაღებული 11 წლის გოგონას მამა, ზურაბ ღვინიაშვილი.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიეს. კმაყოფილნი არიან საერთაშორისო რეზონანსითაც. როგორც Dalma News-ს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და “ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განუცხადა, მთელმა მსოფლიომ დაინახა ქართველი ერის განსაკუთრებული მისია თანამედროვე მსოფლიოში, რომ ეს უძველესი ერი იყო და რჩება ზნეობრიობის, მორალის, ქრისტიანული რწმენის უკანასკნელ ბასტიონად.

ბრეგაძის თქმით, პროტესტის მიზანი მიღწეულია – მშვიდობიანად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე ჩაეშალათ ფილმის პრეზენტაცია, კერძოდ, არ ყოფილიყო წითელი ხალიჩა, ზარ-ზეიმი, ყვავილები, ბუშტებს და სხვ.

“ფილმის პრეზენტაცია პარტიზანულ ჩვენებაში გადაიზარდა. ეს იყო სამხედრო-პოლიციური ოპერაცია. ერთადერთი ტანკები და ბეტეერები აკლდა ამ ყველაფერს. დარბაზი 10% -ით იყო გავსებული, მაშინ, როდესაც აცხადებდნენ, რომ ანშლაგი იქნებოდა. რაც მთავარია, მსოფლიოს ყველა წამყვან საინფორმაციო საშუალებაში, პირველ გვერდზე გამოვიდა თბილისის მოვლენები სათაურით – “ქართველმა ერმა არ მიიღო გეი ფილმი, მასობრივი პროტესტი თბილისის ქუჩებში”. ეს უკვე სერიოზული გამარჯვებაა, იმიტომ, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა, ქართველებმა არ მიიღეს გარყვნილების ფილმი, სწორედ ეს არის ლიბერალების გამწარების საფუძველი”, – განუცხადა Dalma News-ს სანდრო ბრეგაძემ.

მისი თქმით, ისინი არ ერჩიან ფილმის სანახავად მისულ მაყურებელს. მათი პროტესტის ადრესატი ფილმის შემქმნელები არიან. რომ არა საპროტესტო აქცია, ეყოლებოდა თუ არა აკინის ფილმს უფრო მეტი მაყურებელი? სანდრო ბრეგაძის მოსაზრებით, პროტესტის გარეშე, ფილმის პრემიერა დიდი ზარ-ზეიმით და გეი აღლუმით ჩაივლიდა. ფილმის დასასრულს კი, იგეგმებოდა, მამაკაცის მიერ მამაკაცისთვის ხელის თხოვნის ცერემონიალის გამართვა და სამოქალაქო ქორწინების პირველი აქტის ჩვენება.

სანდრო ბრეგაძე

“როდესაც 5 000 ადამიანი გამოდის ქუჩაში, იქ თითოეული ადამიანის გაკონტროლება შეუძლებელია. ეს სამართალდამცველების პრეროგატივაა. მაგრამ იმაზე დიდი სიბრიყვე არ არსებობს, როგორ ცდილობენ 20 ივნისის მოვლენებს გაუთანაბრონ ეს ყველაფერი. 20 ივნისს შედიოდნენ პარლამენტის შენობაში, ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში, რაც ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალებას ნიშნავს. კინოში უბილეთოდ შესვლა, მგონი სახელმწიფო გადატრიალება არ არის. 20 ივნისის მოვლენების დროს მოიტაცეს 40-მდე სპეცრაზმელი და პოლიციელი. 8-10 ნოემბრის აქციაზე მსგავსი რამ არ ყოფილა. სამაგიეროდ, ჩვენი რამდნიმე აქტივისტი დააკავეს, მათ შორის 2008 აგვისტოს ომის გმირი. ჩვენ ჩავდექით პოლიციასა და აღელვებულ დემონსტრანტებს შორის და მოვახერხეთ სერიოზული ექსცესების თავიდან არიდება. გარდა იმისა, რომ რამდენიმე ბავშვმა “ხლაპუშკა” ააფეთქა, რომელიც სათამაშოების მაღაზიაში ჩვეულებრივ იყიდება”, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

და ბოლოს… ფილმის პრემიერის დღეს, ქართული მედია აჟიოტაჟით გვატყობინებდა, რომ ჩვენგან დაწუნებულმა ფილმმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ბელორუსში, ფესტივალ “ლისტაპადზე”. იმ ფესტივალში სხვა ქართული ფილმებიც მონაწილეობდნენ. სამწუხაროდ, მათ შესახებ, არაფერი უთხრეს ქართულ საზოგადოებას. მათ შორის, დიმიტრი მამულიას ფილმი – “კრიმინალი კაცი”. რომლის მსოფლიო პრემიერა წელს შედგა და რომელმაც ვენეციაში ჯილდო მიიღო. ასევე, დიმიტრი ცინცაძის ფილმი – “ჩასუთქვა, ამოსუნთქვა” – რომელმაც შანხაის გრანდიის ჟიურის პრიზი, საუკეთესო მსახიობთა ჯილდო კი სალომე დემურიამ მიიღო.

P.S. 8 ნოემბერი, ქართველი ერის მამად წოდებული, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. სამწუხაროდ ეს ეროვნულ კინოცენტრს არც გახსენებია. მათ ადგილას, ილიას ნაწარმოებებზე შექმნილი ფილმების მინიმუმ რეტროსპექტივას მოვაწყობდი.

შორენა პაპაშვილი