ბავშვობაში ხშირად ვუყურებდი შემოდგომის ცას და გადამფრენი ჩიტები ყოველთვის დევნილების ჯგუფს  მაგონებდნენ.  მეჩვენებოდა, რომ ჩიტები, ისევე როგორც ადამიანები, ვიღაცამ გააბრაზა სამშობლოში და იძულებულები არიან გაიქცნენ. ყოველთვის მაინტერესებდა სად მიფრინავდნენ,  როგორ იქნებოდნენ  თავიანთი სამშობლოსა და ბუდეების გარეშე?

ორნითოლოგ ილიას ბაბაევს აზერბაიჯანის ზოოლოგიის ინსტიტუტში შევხვდი, რათა მასთან წყალზე მოცურავე ფრინველებზე, უფრო სწორად კი მათი გადაშენების საფრთხეზე მესაუბრა.

გასული საუკუნის 39-40-იან წლებში აზერბაიჯანი  მდიდარი იყო წყალზე მცურავი ფრინველებით, მაგრამ მათი უმრავლესობა მეორე მსოფლიო ომის დროს გაწყვიტეს ფრონტის ხაზზე  მებრძოლების გამოსაკვებად. საბოლოოდ ომს ძალიან ცოტა   ფრინველი გადაურჩა და 60-იან წლებში მათი რიცხვი მილიონების ნაცვლად ასობით ათასი იყო.  ახლა კი საერთოდ კრიტიკული ვითარებაა. ილიას  ბაბაევის თქმით, ისინი თითზე ჩამოსათვლელები არიან.

ხანძარი ტბაზე

ორნითოლოგი 1980 წელს აგიოლის ტბაზე მოწყობილი ექსპედიციის დროს ნანახი  ფლამენგოს შესახებ ამბობს:

“ისინი უჩვეულოდ ლამაზები იყვნენ! მოწითალო-მოვარდისფრო ფრთები და თეთრი ტანი… შებინდებისას ტბის ზედაპირზე მსხდარნი   ცეცხლის ალს ჰგვანან, ხოლო, როცა  აფრინდებიან თითქოს ცეცხლის ალი ავარდაო…”

ტბის დაშრობის შემდეგ “ცეცხლის ალიც” გაქრა. ფრინველებმა დაკარგეს მუდმივი სამკვიდრო, აზერბაიჯანის ბუნებამ კი – ფლამენგო.

ტბა დაშრა, ფრინველები გაფრინდნენ

საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანის მოსახელობა ბრმად უნდა დამორჩილებოდა ბრძანებებს “ზემოდან”. ერთ-ერთი ასეთი ბრძანება იყო ტბის დაშრობა, ახალი სათესი ველის მომზადება და დასახული გეგმის შესრულება. პირველ რიგში, სწორედ ამან იმოქმედა წყლის ზედაპირზე მცურავი ფრინველების გადაშენებაზე. დღეს კი აღარ  არსებობს მირდოვის, აგჩალის, გარასის მსგავსი ტბები. მათთან ერთად  აღარ არიან ფრინველები, რომლებიც ამ ტბების ტერიტორიაზე ბუდობდნენ. ისინი ან გადაშენდნენ, ან გაფრინდნენ და სხვაგან დაიდეს ბუდე.

თუმცა, როგორც ილიას ბაბაევი ამბობს, ტბებს მხოლოდ სამეურნეო მიზნით არ აშრობდნენ: “საქმე იმაშია, რომ დამშრალი ტბის ადგილზე ყოველთვის ბამბას არ თესდნენ, ან რაიმე ხილს არ რგავდნენ. უბრალოდ, ამ  წყალსაცავების დაშრობით ბუნების სტრუქტურას ცვლიდნენ, თანაც უარესობისაკენ”.

ნაბრანის საკურორტო რეგიონის დაშრობის შემდეგ  პლაჟები ააგეს. შედეგად  ძალიან ბევრი ფრინველი დაიღუპა. სამაგიეროდ,ამ პლაჟების მფლობელებმა სერიოზული მოგება ნახეს, ბუნება კი დაზარალდა. მაგალითად, ასეთი “ოპერაციების” დროს ფრინველების რაოდენობა 50-60-ჯერ შემცირდა.

რა ხდება კასპიის სანაპიროზე?

ფრთოსანთა პოპულაციაზე გავლენას ახდენს ასევე კასპიის ზღვის დონე. კერძოდ, ზღვის დონის კლება იწვევს პატარ-პატარა კუნძულების ერთმანეთთან შეერთებას და  ნახევარკუნძულების წარმოქმნას. წყლის ზედაპირზე მცურავ ფრინველებს ადგილი აღარ აქვთ, რაც იწვევს მათ მკვეთრად შემცირებას.

“შორს წასვლა არ არის საჭირო. გადავხედოთ  ზღვის  ნაპირზე აგებულ კერძო ობიექტებს. იცით, თუ არა, რომ ეს ეკოსისტემის სრულ ნგრევას ნიშნავს? ოდესღაც ბაქოსთან ახლოს სანგაჩალის სოფლის რაიონში 10 ათასამდე ფინველის დათვლა შეიძლებოდა, ახლა?!… ადრე,  იმ ადგილებში სკოლის მოსწავლეები დაგვყავდა ექსკურსიებზე ფრინველების სხვადასხვა სახეობების დასათვალიერებლად, ახლა კი მათ ვეღარაფერს ვაჩვენებთ”,- ამბობს ი.ბაბაევი.

ჩემმა რესპოდენტმა შავი წეროების პოპულაციაზეც  ისაუბრა. ამ ფრინველების ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ ადამიანები არ უყვართ და ბუდეებს მათგან ძალიან შორს იკეთებენ.  თეთრი წეროებისგან განსხვავებით, შავი  წეროები გაურბიან ადამიანებს და რაც უფრო მეტად ეუფლება ადამიანი ბუნებას, მით უფრო მცირდებიან შავი წეროები.

ორნითოლოგის თქმით, შავ წეროებზე ხშირად  ნადირობენ იმის გამო, რომ მის ფეხებში რაღაც სამკურნალო ნივთიერებაა. თუმცა მეცნიერმა არ დაასახელა,  კონკრეტულად რა ნივთიერებაზეა საუბარი, რადგანაც არავის გაუჩნდეს მასზე ნადირობის სურვილი და ეს ფრინველი კიდევ უფრო მეტი საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდეს.

“მოსკოვიდან მოდიოდა ბრძანება, უნდა დათესილიყო ამდენი ბამბა და ამდენი ხორბალი. გეგმა უნდა შესრულებულიყო. ახლა კი ქვეყანა დამოუკიდებელია და შეუძლია დაიცვას თავისი ბუნება. დღეს მეტი შესაძლებლობა არსებობს, რომ შენარჩუნდეს ადამიანურობა,  რადგანაც ბუნების განადურება – კაცობრიობის კრახს ნიშნავს. ყველაფერი ჩვენს ხელთ არის”, – ასრულებს საუბარს ილიას ბაბაევი, თითქოსდა არც თუ სახარბიელო ოპტიმიზმით, მაგრამ სულ მცირედი იმედით, რომ კაცობრიობა მოუფრთხილდება დედა ბუნებას.

ნარმინ ნიოგტე