საქართველოს დედაქალაქი თბილისი, ბოლო წლებში, საახალწლო დღესასწაულებს განსაკუთრებულად მორთული ხვდება. ეს სიამოვნება კი ქალაქის ბიუჯეტს 2-დან 3 მლნ ლარამდე უჯდება. თუ მანამდე, სადღესასწაულო განწყობა დედაქალაქის მხოლოდ ცენტრალურ უბნებში იგრძნობოდა, უკვე მეორე წელია, წინასაახალწლო მზადება ქალაქის გარეუბნებიდან იწყება. ამ ფაქტს მოქალაქეები პოზიტიურად ხვდებიან, რაც სოციალურ ქსელში განთავსებული კომენტარებიდანაც იგრძნობა.

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე წელს, პირველად, თავის ტრადიციულ ადგილზე – პარლამენტის შენობის წინ აღარ დაიდგა. სხვადასხვა მიზეზთა გამო, ნაძვის ხისთვის პირველი რესპუბლიკის მოედანი შეირჩა და 22 დეკემბერს, საზეიმოდ განათდა. საახალწლო ღონისძიება საგანგებოდ ამ დღისთვის დადგმული წარმოდგენით – “გადაეცი სიყვარული”, გაიხსნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავარი ნაძვის ხე ერთად აანთეს და შეკრებილ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

“მივესალმები სტუმრებს, განსაკუთრებით პატარებს, ჩვენს მომავალ თაობას. მივესალმები, ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც დღეს, მთელი სულით და გულით აქ, ჩვენთან ერთად არიან. ასევე, იმ ადამიანებს, ვისაც გულით უნდოდა და გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლეს ღონისძიებაზე დასწრება. სწორედ აქ ერთიანდება ჩვენი სიხარული, იმედები და საახალწლო ოცნებები”, – განაცხადა თბილისის მერმა ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებისას.

კახა კალაძემ, სრულიად საქართველოს უსურვა მშვიდობა, სულიერი სიმშვიდე და ბევრი წარმატება და 2018 წელი კიდევ ერთხელ შეაჯამა. მისი თქმით, წელი, რომელიც რამდენიმე დღეში საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთ ფურცლად იქცევა, ძალიან რთული და პრობლემებით დატვირთული იყო. ბევრი კარგი საქმეც გაკეთდა, ბევრი რეფორმა განხორციელდა, მაგრამ გამოწვევები ისევ არსებობს.

“დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, იმ შემართებით, სულისკვეთებითა და განწყობით, რაც დღეს აქ არის, შევძლებთ, ყველა გამოწვევას გავუმკლავდეთ და პრობლემები ერთად მოვაგვაროთ. გისურვებთ, რომ 2019 წელი, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის იყოს წარმატების, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტანი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ნაძვის ხის განათების შემდეგ საახალწლო წარმოდგენა გაგრძელდა, რომლის რეჟისორი ნიკოლოზ შველიძე, ხოლო კომპოზიტორი მიშა მდინარაძე არიან. წარმოდგენას პირველად ჰყავდა სუდო თარჯიმანი. საზეიმო ღონისძიებაში ახალგაზრდა მუსიკოსები და შემსრულებლები მონაწილეობდნენ: სოფო გელოვანი, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი ცაგარელი, გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი, მოძრაობის თეატრი, თბილისის მერიის „ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი”, თბილისის მერიის ალოიზ მიზანდარის სახელობის პირველი ხელოვნების სკოლის ბიჭუნათა კაპელა და ახალგაზრდული გუნდი.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე მყოფთა საზეიმო განწყობა სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც გაიზიარეს. მათი უმეტესობა, ახალი ნაძვის ხის მიმართ კმაყოფილებას გამოხატავდა. მათი აზრით, ასეთი ლამაზი ნაძვის ხე, ჯერ არ ჰქონია თბილისს, უფრო მეტიც, რომისა და მილანის ნაძვის ხეებიც კი უკან ჩამოიტოვა:

“ულამაზესი ნაძვის ხეა! ბედნიერი ახალი წელი ჩვენს ქვეყანას”;

“რომის და მილანის ნაძვებზე საუკეთესოა! ფერიასავითაა”;

“ასეთი ლამაზი ნაძვის ხე ჯერ არ ყოფილა თბილისში”; “ყველას ვულოცავ დამდეგ ახალ წელს. ნაღდ თბილისელებს, ყველა ერის წარმომადგენელებს – დაბადებულებს და თბილისურად გაზრდილებს საქართველოში. საქართველოს ვუსურვებ გამთლიანებას, მშვიდობას, სიხარულს და სიყვარულს. თბილისო, ღვთის წყალობა არ მოგაკლდეს. თბილისი ყველა ერისაა, ვინც აქ დაბადებულა და გაზრდილა თბილისურად”; “მართლაც ულამაზესია თბილისი წელს” – წერენ მოქალაქეები.

თბილისის საახალწლო განათება-გაფორმება წელს, 2 მლნ ლარზე მეტი დაჯდა. შპს “თბილსერვის ჯგუფმა” საახალწლო ილუმინაციების, განათებული კონსტრუქციებისა და აქსესუარების შესყიდვაზე ტენდერი ჯერ კიდევ შემოდგომით გამოაცხადა და ამისთვის 2 123 000 ლარი გამოიყო. სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული მოთხოვნის თანახმად, შეიძინეს 305 ცალი სხვადასხვა ფორმის 2D ანგელოზი, 8 ცალი – 3D ფარანი; 64 ცალი – 3D ანგელოზი; 1 ცალი – 3D ფაეტონი; 3 ცალი – 3D ხე; 5 ცალი – 3D ანგელოზი; 4 ცალი – გულის ფორმის 2D ბანერი; 120 ცალი სხვადასხვა ფორმის 2D ჩამოსაკიდებელი დეკორაცია; 30 ცალი – 2D ჩამოსაკიდებელი გული; 2 ცალი – 3D ჩრდილოეთის ირემი; 7 ცალი – 3D დასადგამი დეკორაცია; 1 ცალი – 3D ირემი.

შარშანდელი საახალწლო განათებები დედაქალაქს 3 მილიონი ლარი დაუჯდა. მაშინაც “თბილსერვის ჯგუფმა” ითავა ამ საქმის ორგანიზება და რუსთაველის გამზირზე 32 ერთეული 12 მეტრი სიგანის ოქროსფერი ბაფთები დაამონტაჟეს, მათ შორის კი ე.წ “მანათობელი ცა” მოეწყო. წლეულს ეს განათებები, თბილისის სხვა ქუჩას – წერეთლის გამზირს ამშვენებს.

ახალი საახალწლო განათებებით გაფორმებულია რუსთაველის, თამარაშვილის, ჩოლოყაშვილის გამზირები, კოსტავას, ბარათაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩები. საახალწლო ილუმინაციების მონტაჟისა და ნაძვის ხის აწყობის პროცესს პირადად აკონტროლებდა თბილისი მერი კახა კალაძე. სწორედ ამ სამუშაო პროცესის ნაწილი და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბავი, სოციალურ ქსელს ელვის სისწრაფით მოედო და ადამიანებისგან პოზიტიური შეფასებები მიიღო. თბილისის საახალწლო სამზადისის დროს მომხდარი, ამაღელვებელი ფაქტის შესახებ საზოგადოებამ, ფოტოხელოვან ზაქარია ჭელიძის მიერ გადაღებული ფოტორეპორტაჟით შეიტყო.

მაშინ, როდესაც, მერიის წარმომადგენლები, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხეს აწყობდნენ, სამუშაო პროცესის სანახავად თბილისის მერი კახა კალაძეც მივიდა. იქვე შეკრებილ ქუჩის ბავშვები შენიშნა, გაესაუბრა, მათი მოსაზრებები მოისმინა, შემდეგ საჭმელი შეუკვეთა და მათთან ერთად, იქვე მიირთვა.

როგორც ფოტოხელოვანი ზაქარია ჭელიძე ამბობს, ერთი შეხედვით, ამ ისტორიაში არაფერია განსაკუთრებული, გარდა ადამიანური დამოკიდებულებისა, რაც თანამდებობის პირების მხრიდან მართლაც იშვიათობაა.

“ბევრი იტყვის, – აბა, რა უნდა ექნაო?! ბევრ ფაქტს შევსწრებივარ, როცა არ გაუკეთებიათ, არც უფიქრიათ, არც შეუხედავთ ზედ, არანაკლები თანხის თუ თანამდებობის მქონე ადამიანებს. ეს ფაქტი ძალიან მომხვდა გულზე და გამიხარდა. მეგობრობა, გვერდში დგომა, გაგება და სწორი ადამიანური დამოკიდებულება გადაგვარჩენს. ბევრს აქვს თანამდებობა, მაგრამ – გული? ბევრს აქვს ფული, მაგრამ – გული? ბევრს აქვს გული, მაგრამ – სიკეთის კეთების უნარი?”, – აცხადებს ფოტოხელოვანი.

ახალი წლის ღამით, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტი ტრადიციულად უფასო იქნება. 31 დეკემბრის 23:00-დან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, მეტროპოლიტენი და ავტობუსი, ხოლო 03:00 საათამდე​ საბაგირო, ქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს უფასოდ მოემსახურება. ასევე, N 74 მარშრუტზე 156 ერთეულამდე ავტობუსი იმოძრავებს, რომელიც მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე – პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, დედაქალაქის მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანს.

ახალი წლის ღამეს გარევაჭრობაც დაშვებული იქნება, მხოლოდ დედაქალაქის 20-მდე ადგილზე. ასეთი ადგილები თბილისის ათივე რაიონში გამოიყოფა: გლდანში, მეტროსადგურ “ახმეტელის” მიმდებარე ტერიტორია; მარატ ნოზაძის ქუჩა; მუხიანში, ნოდარ დუმბაძის გამზირი, II მ/რ; ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურების “ღრმაღელესა” და “ნაძალადევის” მიმდებარე ტერიტორიები; დიდუბეში, “დინამოს” ბაზის მიმდებარედ, პაიჭაძისა და მიქელაძის ქუჩების კვეთა; მეტროსადგურ “დიდუბის” მიმდებარედ, ტრანსპორტის ქუჩა; დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ, წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩები; ვაკე-მეტროსადგურ “დელისის” მიმდებარე ტერიტორია; მეტროსადგურ “ვაჟა-ფშაველას” მიმდებარე ტერიტორია; საბურთალო – ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ, შარტავას ქუჩა.

შორენა პაპაშვილი