Dalma News-ი წარმოგიდგენთ ინტერვიუს ყირგიზეთის რესპუბლიკის სომხური სათვისტომოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ევგენი აკოპიანთან.

– ბატონო ევგენი, გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ. როგორ მოხვდით ყირგზეთში?

– დავიბადე აზერბაიჯანის სსრ-ში, ქალაქ ბაქოში. ჩემი მშობლები წარმოშობით მთიანი ყარაბაღიდან იყვნენ. 1989 წლის ბაქოს და სუმგაიტეს ცნობილი მოვლენების შემდეგ იძულებულები გავხდით საცხოვრებლად ყირგიზეთში გადავსულიყავით, სადაც ფრუნზეში ბიძაჩემი თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ბაქოში ყველაფერი დავკარგეთ და დევნილებად ვიქეცით. მაშინ 17 წლის ვიყავი. ყირგიზეთი ჩემი მეორე სამშობლო გახდა. აქ ჩამოვყალიბდი პიროვნებად, შევქმენი ოჯახი და აქ გაჩნდა ჩემი სამი შვილი. ყირგიზეთი და სომხეთი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. არა მხოლოდ მთა-გორიანი ადგილებით, არამედ სტუმართმოყვარეობითაც. ისევე, როგორც სომხეთში, ყირგიზეთშიც ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს. სამწუხაროდ, ასეთ ხალხს დღეს ყველგან ვერ ნახავ…

Семья Евгения Акопяна
ევგენი აკოპიანის ოჯახი

– ამჟამად რას საქმიანობთ?

– დავამთავრე ფიზიკური კულტურის ყირგიზეთის სახელმწიფო ინსტიტუტი. პროფესიით სპორტულ-მასობრივი და კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი ვარ. ინსტიტუტის შემდეგ ჟურნალისტიკამ გამიტაცა. ვმუშაობდი ცნობილ გაზეთებში «Дело №», «Чуйские Известия», «Утро Бишкека». გავიარე ტელევიზიის სკოლა. მიმყავდა გადაცემა ტელეარხ “პირამიდაზე”, ვამზადებდი სიუჟეტებს ახალი ამბების ბლოკისთვის. ორ წელიწადზე მეტ ხანს რადიოსადგურ «Алмаз»-ში წამყვანად ვიმუშავე, ვიყავი ყირგიზეთის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი. სტუდენტობის წლებში ყირგიზეთის მან-სან-კანის გუნდი ჩამოვაყალიბე და მისი კაპიტანი ვიყავი. 1996 წელს ყირგიზეთის მხიარულთა და საზრიანთა კლუბი დავაარსე და მას შემდეგ, უკვე 22 წელია მისი ხელმძღვანელი ვარ. სხვათა შორის, მოსკოვის მსკ-ს უმაღლესი ლიგის ჩემპიონი “აზია მიქსის” წევრები ჩვენი კლუბის აღზრდილები არიან.

საზოგადოებრივი საქმიანობის გარდა “ყირგიზეთის მეწარმეთა კავშირის” თავმჯდომარის მოადგილედ ვმუშაობდი. მაქვს საკუთარი ბიზნესი.

2017 წლის მაისიდან ყირგიზეთში სომხური დიასპორის თავმჯდომარის მოვალეობას ვასრულებ. შემოდგომაზე თავმჯდომარის არჩევნებია დაგეგმილი და დარწმუნებული ვარ ხალხი ღირსეულ კანდიდატს აირჩევს.

– როდის და როგორ შეიქმნა ყირგიზეთში სომხური სათვისტომო?

– ყირგიზეთში სომხური დიასპორა უკვე დიდი ხანია არსებობს. სხვადასხვა წლებში მას საპატიო ადამიანები ხელმძღვანელობდნენ. 2015-2016 წლებში დიასპორამ, როგორც ერთიანმა და კოორდინირებულმა ორგანიზმმა არსებობა შეწყვიტა. როდესაც ყირგიზეთის ხალხთა ასამბლეის ხელმძღვანელმა ტოკონ მამიტოვმა ჩვენი დიასპორული ინსტიტუტის ოფიციალურ დონეზე აღდგენა შემოგვთავაზა, ყირგიზელმა ბიზნესმენმა ჰენრიხ ბალიანმა ეს იდეა აიტაცა და ამ მიზნით ადგილობრივი სომხები გაგვაერთიანა. სამ თვეში ყველა საჭირო დოკუმენტი მოვამზადეთ და იუსტიციის სამინისტროში “ყირგიზეთის გაერთიანებული სომხური დიასპორა “არარატი” დავარეგისტრირეთ. გავარემონტეთ ოფისი, ვიყიდეთ ყველა საჭირო ტექნიკური მოწყობილობა და განვათავსეთ თემატური სტენდი, სადაც მოკლედ არის მოთხრობილი ყველაფერი სომხეთის და სომხების შესახებ.

Армянская диаспора Кыргызстана
ყირგიზეთის სომხური დიასპორა

ამ რამოდენიმე თვის განმავლობაში ახალი “სომხური სახლის” პრეზენტაცია და ყირგიზეთის დამოუკიდებლობის დღის დღესასწაულზე სომხეთის შესახებ წიგნების გამოფენა მოვაწყვეთ. ამჟამად ვმუშაობთ წიგნზე სომხეთის და იმ სომხების შესახებ, რომლებიც ყირგიზეთში ცხოვრობენ. გარდა ამისა, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები აუცილებელად მიიღებენ მონაწილეობას ერევანში, სექტემბერში დაგეგმილ სომხური დიასპორების აქციაზე.

ვცდილობთ ჩვენს თანამემამულეებს დავეხმაროთ. ცოტა ხნის წინათ, ბიშკეკში ერევნიდან ართურ ოგანიანი ჩამოვიდა, რომელმაც 2017 წლის იანვარში, თავის ერთგულ ძაღლთან ერთად, ველოსიპედით სტარტი აიღო და მსოფლიოს გარშემო უნდა იმოგზაუროს. მან ირანი, თურქმენეთი, ყაზახეთი გაიარა და დღეს ჩვენი სტუმარია. მისი მიზანია, სომხური დროშით მსოფლიოს გაერთიანება. ვიღაცისთვის ეს შესაძლოა, უტოპია იყოს, მაგრამ პირადად მე მიმაჩნია, რომ შესაძლოა სწორედ ასეთ ადამიანებზე იდგეს მსოფლიო. ამ ადამიანებს მშვიდობის, საკუთარი ხალხის, სამშობლოს წარმოჩენა სურთ. ყირგიზეთის სომხური დიასპორა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ადამიანმა თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში.

– რა სირთულეებს ხვდება სომხური სათვისტომო ყირგიზეთში?

– განსაკუთრებული სირთულეები არ გვაქვს. ამჟამად ყირგიზეთში მცხოვრები სომხების აღწერას ვაწარმოებთ, რათა გავიგოთ, ვინ რითია დაკავებული, რამდენი მოხუცებული და ბავშვია, რამდენს სჭირდება დახმარება და ა.შ. ამგვარად, უკვე გვაქვს მონაცემები 250 ადამიანზე. ჩვენ გზის დასაწყისში ვართ და ჩვენი მიზანია ყირგიზეთში მცხოვრები ყველა სომეხის გაერთიანება. ასევე, ვაპირებთ ურთიერთობების მოგვარებას მეზობელი ქვეყნების სომხურ დიასპორებთან.

– ყირგიზეთის სომხების გაერთიანება თქვენი ოცნებაა?

– არა. ეს უფრო მიზანია. ოცნება კი ერთი მაქვს: ბიშკეკში სომხური ეკლესიის გახსნა. ღმერთმა ქნას, ოცნება ამიხდეს! ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. შესაძლოა, ჩემში ჩემი წინაპრის, მღვდელ ტერ-აკოპიანის გენი ალაპარაკდა.

– სათვისტომოს წარმომადგენლები ძირითადად, რომელ სფეროში საქმიანობენ?

– მიუხედავად იმისა, რომ ყირგიზეთის სომხური სათვისტომო არც ისე დიდია, აქ აქტიური და საამაყო ადამიანები მოღვაწეობენ. მაგალითად, ყირგიზეთის ისტორია სომხური წარმომავლობის რამდენიმე მაღალჩინოსანს იცნობს. მაგალითად: ჯანდაცვის მინისტრი ვ.პეტროსიანცი, ვაჭრობის მინისტრის მოადგილე გ.ზარიფიანი, სოფლის მეურნეობის პირველი მინისტრი გ.ბაგრამოვი. გვყავს ასევე ყირგიზეთის სახალხო არტისტი ს.მნაცაკანოვა, დამსახურებული ექიმები, კულტურის მოღვაწეები, მშენებლები… ასევე, განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს პოეტი და მედიცინის პროფესორი ანეს ზარიფიანი, ბიზნესმენი ჰენრიხ ბალიანი და ბევრი სხვა. ისინი ყველანი სომეხი ხალხის ღირსეული შვილები არიან.

– ცოტა ხნის წინათ უძველესი ისიკ-კულის ტბის ფსკერზე სომხური ეკლესია აღმოაჩინეს… 

– ყველანაირი საფუძველი არსებობს ვივარაუდოთ, რომ ისიკ-კულში ქრისტეს მოსწავლის და მოციქული მათეს წმინდა ნაწილებია. როგორც წმინდა წერილებიდან ვიცით, მათე ქრისტიანობის ქადაგებისთვის სირიაში მოკლეს და იქვე დაასაფლავეს. როდესაც რომის იმპერატორმა დეკიუსმა, მესამე საუკუნის შუა ხანებში, რომის იმპერიაში ქრისტიანებზე დევნა გამოაცხადა, მორწმუნეებმა მოციქულის წმინდა ნაწილების დასაცავად მისი შუა აზიაში გადასვენება გადაწყვიტეს. არსებობს ავტორიტეტული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ იმ დროს სომეხი ძმების წმინდა ნაწილებიც გადაასვენეს.

კვლევითი ექსპედიციის იდეა ფედორ კონიუხოვს ეკუთვნის და არა მხოლოდ ისტორიულ, არამედ სოციალურ-ჰუმანიტარული ხასიათისაა.

ჰიპოთეზა ისტორიულ ფაქტებს, ძირითადად 1375 წლის “კატალონიურ რუკას” ემყარება, სადაც აღნიშნულია სომხური მონასტერი და შესრულებულია წარწერა იმის შესახებ, სწორედ იქ იმყოფება ქრისტეს ერთ-ერთი მოსწავლის და მოციქული მათეს წმინდა ნაწილები.

ასე, რომ, როგორც ხედავთ სომხეთი და ყირგიზეთი ისტორიულად მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი!

ესაუბრა ცოვინარ კოსტანიანი