ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის დეპარტამენტის მინისტრ ვანგ ძიარუის შეხვდა. მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა განაცხადა, რომ მოხარულია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში უფრო დინამიური გახდა.

“მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური სისტემებისა, ჩინეთს და საქართველოს გვაქვს საერთო ინტერესი, რომელიც ეკონომიკაზე გადის,” – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო უნდა გახდეს ეკონომიკური და პოლიტიკური მოლაპარაკებების, მშვიდობის ადგილი ევროპისა და აზიისთვის. მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი ოფიციალურ საუზმეზეც გაგრძელდა, რომელიც ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრმა ვანგ ძიარუიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად გამართა.