კომპიუტერული ვირუსის სისწრაფით გავრცელდა ქართულ სოციალურ ქსელებში, საქართველოს ეროვნული ბალეტის, ლეგენდარულ ანსამბლ “სუხიშვილების” ახალი ექსპერიმენტი – “ცეკვა ქართულის” კლუბური ვერსია. მშვიდი, მონოტონური მუსიკა, მარტივი რიტმი, სპორტულ კედებში, კოჭებამდე შავ კაბებში შემოსილი გოგონები, თავზე ჭრელ-ჭრელი თავსაბურავებით და კოსტიუმებში გამოწყობილი ჰალსტუხიანი ბიჭები, თუმცა ფეხზე აზიაცკები ამ შემთხვევაში უცვლელი დარჩა. როგორც ჩანს, პროფესიონაულ ცეკვას თავისი მოთხოვნები აქვს და გინდა თუ არა, ამ ჩარჩოებს ვერ გაექცევი. ერთი სიტყვით ქალებს ჩიხტიკოპის ნაცვლად ჭრელი თავსაბურავები, ხოლო მამაკაცებს ჩოხა-ახალუხის ნაცვლად შარვალ-კოსტუმები.

სანახაობამ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თანამედროვეობას ფეხაწყობილები აღაფრთოვანა, საზოგადოების ნაწილი გააღიზია, ნაწილმა კი დიდი პაპის მემკვიდრე ილიკო სუხიშვილი უმცროსს “ცელქობა” მოუწონა, მხოლოდ მიანიშნა – ამ ცეკვა-თამაშს მაინცადამაინც საგასტროლო პროგრამაში ნუ შეიტანთ, უცხოეთში თავი არ მოგვჭრათო.

ზოგმა ურჩია, ეროვნულს ნუ დაირქმევ და რა მიმართულებითაც გენებოს იქეთ გადაქანდ-გადმოქანდითო, ზოგმა კი ცეკვაში აღმოსავლური ელემენტები ამოიკითხა და ქორეოგრაფი პლაგიატიზმში დაადანაშაულა. ერთი სიტყვით დიდი სჯა-ბაასი გაიმართა იმაზე, თუ რატომ უწოდა ანსამბლის ქორეოგრაფმა ილიკო სუხიშვილმა ამ უცნაურობას “ცეკვა ქართული” და მოუწოდა მაყურებელს “ტვინი გათიშეთ და იმოძრავეთო”.

სოციალურ ქსელში ბევრი კრიტიკული შეფასება გამოითქვა:

  • “ბაბუამისი რასაც აკეთებდა ეს ის არ არის. ნუ შეფუთავს ამას ეროვნულ ფოლკლორად, ანდა მოიხსნას სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი! უკარით ტაში ვისაც გინდათ პლაგიატიზმს, ოღონდ ამის ხელოვნებად შემოსაღებას ნუ ცდილობთ. რამდენი პერედოზიროვკა მოუვა, იმდენი სუფისტური რელიგიური ცეკვის ქართულად შემოსაღება, უკვე ნამეტანია. ამ ცეკვაში, ჩემი აზრით აღმოსავლურია მუსიკის და ცეკვის ელემენტებია. მაგ “ნიჭიერებას” ორი ზედმეტი ნაფაზი პლანი სჭირდება სულ”
  • “კლასიკა უნდა დარჩეს კლასიკად, ამასთან ახალიც იყოს, ვერ გავექცევით ამას, დროს მოაქვს, გლეჯს ჩარჩოებს… აღარ უნდა დოგმატური ილეთები და რთული პასაჟები, რასაც მხოლოდ პროფესიონალი მოცეკვავე აკეთებს. ხალხს უნდა ცეკვა ხალხური, რომელსაც ყველა იცეკვებს და “სულის ყვავილებს” გადმოაფრქვევს”
  • “აქამდეც ვცეკვავდით მოყვარულები ქართულს და არ გაგვრთულებია. ცეკვას ერი ქმნის. ის მოძრაობები, რომლებიც სხვა ერებს რთულად ეჩვენებათ, ჩვენს გენში დევს, ჩვენი ფოლკლორია. სხვაგვარად ისინი ვერ შეიქმნებოდა ჩვენს ხასიათთან რომ არ იყოს ახლოს. ბახუსის ჟრიამული კარგია პირად სივრცეში. მაგრამ ხვალ, ამ ცეკვით გაიტანენ “საქართველოს კულტურას” უცხო ქვეყნების სცენაზე. ჩემთვის ეს არ იყო არც პროგრესი და არც ცეკვა, ეს იყო პანტომიმას თეატრი. ქართული ცეკვის ილეთებს უამრავი კავკასიელი ხალხები ითვისებენ და სახეს უცვლიან, რომ რაღაცით დაგვემსგავსონ, ჩვენ კი ზამბარებივით უნდა დავიწყოთ რხევა?”
  • “კლასიკა უნდა შენარჩუნდეს და ახალი ელემენტებიც შემოვიდეს. ჰარმონიაში უნდა იყოს ერთმანეთთან. რა ვიცით, რომ ახლანდელ სიახლეს დრო კლასიკად არ შეაფასებს და არ დატოვებს?”
  • “სუფისტური რელიგიური რიტუალი დრომ (800 წლისაა ) უკვე შეაფასა კლასიკად და მას არასოდეს ერქმევა ქართული”

“სუხიშვილების” ექსპერიმენტმა სუფისტური ცეკვა ბევრს გაახსენა, სადაც ფართოდ გაშლილი, ზემოთ აწეული ხელებით ტრიალებენ დერვიშები. ამ ტრიალში ტვინი ითიშება და ასტრალში გადადიან.

სუფისტურ ცეკვებზე საუბრისას XX საუკუნეში მოღვაწე ბერძენი მისტიკოსი და ფილოსოფოსი, გიორგი გურჯიევი გაგახსენდება, რომელმაც 1919 წელს თბილისში “ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი” დააარსა. გურჯიევს ქართული ცეკვა მიაჩნდა სამყაროსთან დიალოგის ერთ-ერთ სრულყოფილ გამოვლინებად.

«ღმერთმა შეარგოთ! ჩვენ აქ არაფერ შუაში არ ვართ! მოკლედ, რასაც სუხიშვილები ჰქვია ჩემთვის, ეს ცეკვა ახლოსაც არ იყო იმასთან», – წერს ლომთაძე.

უცხოეთში მცხოვრები ქართველი პედაგოგი ია ლომთაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ასტრალში გადასასვლელად სხვადასხვა რელიგიას სხვადასხვა ხერხი აქვს. ბუდისტები, რამოდენიმე დღე შიმშილობენ, მერე დილით, მზის ამოსვლის წინ ერთ ჭიქა შავ ღვინოს სვამენ და სახურავზე ასულები მზის ამოსვლას ეგებებიან. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეწყებათ ჰალუცინაციები, როგორც თავად ამტკიცებენ ესმით ღვთიური ხმები და რომ ზეციური ძალა და განსაკუთრებული მადლი გადმოვიდეს კაცზე. ნათელხილვის უნარი გვეძლევაო. ხუთი დღის ნაშიმშილევი შავ ღვინოს რომ დალევ, ხმებსაც გაიგებ და ბუდასაც ჩამოართმევ ხელს.

«პლასტიკასა და მოძრაობის დახვეწილობაზე არ ვამბობ არაფერს, თაობებია აშალაშინებენ ამ საქმეს ეგენი და ვერავის გააოცებ ლამაზი გოგონების პროწიალით. მართლა მომეწონა. ცუდი არ არის, მაგრამ “სუხიშვილებთან” რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს, არ მესმის. რატომ ვიგონებთ ველოსიპედს?! რაცა გვაქვს, რასაც კლასიკა ჰქვია, რაც დაგვიტოვეს ბატონმა ილიკომ და ქალტონმა ნინომ, არა გვყოფნის?! დაბოლილების თაობას მოეწონება ეს ყველაფერი, სხვათა შორის, უკეთესადაც შეეძლოთ გაეკეთებინათ!», – წერს ია ლომთაძე.

რამდენიმე დღიანი აჟიოტაჟის შემდეგ, ფეისბუქში “სუხიშვილების” ის ვიდეოები გავრცელდა, სადაც ისინი ვირტუოზულად ასრულებენ ტრადიციული ქართული ცეკვის ილეთებს. ამას მოჰყვა თავად ანსამბლის ხელმძღვანელის, ილიკო სუხიშვილის განმარტებაც. მისი ინფორმაციით, კლუბ “რესპუბლიკაში” “სუხიშვილებს” უკვე დასრულებული ჰქონდათ თავიანთი ძირითადი პროგრამა, თუმცა საღამო გრძელდებოდა დიჯეების თანხლებით.

“გვინდოდა საღამო ოდნავ გაგრძელებულიყო და ხალხი აგვეცეკვებინა. აზრადაც არ მოგვსვლია, რომ ეს, რაიმე ნაწარმოების სახალხო პრემიერა ყოფილიყო. მართლაც, დიადი რაც გაგვაჩნია, ყველაზე მეტად ჩვენ ვუფრთხილდებით და კლასიკური ცეკვა უმაღლეს სცენებზე ყოველთვის იქნება. მე მესმის ხალხის რეაქციაც, ეს ცეკვა ეკუთვნის ქვეყანას, ჩვენს ერს და ყოველთვის სიფრთხილით ვეკიდები მას და ვერიდები მის სხვაში არევას”, – განმარტა ილიკო სუხიშვილმა.

როგორც ანსაბლის ხელმძღვანელი აცხადებს, საზღვარგარეთ გასტროლებისას, კონცერტის შემდეგ განსატვირთად ხშირად სტუმრობენ ხალხმრავალ კლუბებს და უკვე შეჩვეულია იმ ფაქტს, რომ ქართველები ყოველთვის გამოირჩევიან სხვებისგან თავისი პლასტიკით.

“არსებობს გენეტიკური პლასტიკა და მიხვრა-მოხვრა, რომელიც ახასიათებს ამა თუ იმ ეროვნებას. რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ ერთ ტალღაზე ვასუნთქებთ ამ უზარმაზარ დარბაზს, ეს ხალხიც ჩვენს ტალღაზე გადმოვიდა. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი იქ მყოფი ქართველი, ვინც ამას დაინახავდა, ძალიან ამაყი იქნებოდა”, – აცხადებს ილიკო სუხიშვილი.

რაც შეეხება კლუბურ ცეკვას, კლუბ “რესპუბლიკის” ექსპერიმენტმა მას დაანახა, რომ “ცეკვა ქართული” კლუბურ ფორმატში მართლაც საინტერესოა, რომელიც უნდა დაიხვეწოს. “რადგან დიჯეის მუსიკაზე სპონტანურმა წაცეკვებამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრპ, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა უნდა მივხედოთ ამ მიმართულებასო”, – დასძინა ილიკო სუხიშვილმა.

ბლოგერი დავით ბუხრიკიძე მიიჩნევს, რომ “სუხიშვილების” მიერ სახელდახელოდ შეთხზული “ქართული” სპეციალურად საკლუბო საღამოსთვის მოფიქრებული ცეკვაა, რომელსაც, ალბათ, არც ფილარმონიაში შეასრულებენ და ვერც საგასტროლო ტურნეში წაიღებენ. საკლუბო ცეკვა მაინც სხვა ფორმატს გულისხმობს, რომელიც ვერ თავსდება დიდ საკონცერტო სივრცეშიო.

“თავის დროზე სუხიშვილ-უფროსებსაც ბევრი წინააღმდეგობა შეხვდათ, ვიდრე მათ მიერ შეთხზულ “ქართულსა” თუ “ოსურში” ვინმეს დააჯერებდნენ. ფოლკლორი მათ “ნაციონალურ ბალეტად” აქციეს და ეს ყველაფერი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიგნებული საცეკვაო მოძრაობების, ელემენტებისა და ილეთების შეერთებით მოახერხეს”, – მიაჩნია ბუხრიკიძეს.

და ბოლოს, როგორც ანსამბლის ერთ-ერთი დამაარსებელი, ცნობილი მოცეკვავე ნინო რამიშვილი ამბობდა, ხალხის სიყვარულთან შეჩვევა არ შეიძლება, რადგან, რაც უფრო მეტად უყვარხარ და სჯერა შენი, მით მეტს ელის შენგანო. ხალხის სიყვარული, უწინარეს ყოვლისა, მოვალეობაა და ის ხელოვანმა პირნათლად უნდა შეასრულოსო.

ნინო რამიშვილისთვის ქართული ცეკვების ეთნიკურ თავისებურება უპირველესი ცნება და აუცილებლობა იყო.

“ქართველი ერი მსოფლიოში არის ერთადერთი ერი, რომელსაც აქვს საოცარი მრავალფეროვანი სიმღერები და ამის შესაბამისად ცეკვებიც. ისინი სხვადასხვა კუთხეების შემქმნელია. სწორედ კუთხურობა ქმნის ქართული სიმღერისა და ცეკვის მრავალფეროვნებას. მართლაც, ბედნიერია ქართველი ერი, რომ ასეთი უნიკალური სიმღერები და ცეკვები აქვს. თუ კი რამე მეტყველებს ერის გენიაზე, ერთ-ერთი პირველი ქართული ცეკვაა. ამიტომ ყოველ გასტროლზე თან დამყვება ფიქრი იმაზე, რომ ჩვენი ხელოვნებით მთელს ქართველ ერს, მის ძირძველ მრავალსაუკუნოვან კულტურას წარმოვადგენთ. ეს სიამაყესაც გულისხმობს და უდიდეს პასუხისმგებლობასაც. ყოველი გასტროლი გამოცდაა, რომელთან შეჩვევა არ შეიძლება. ყოველ გასტროლზე ჩვენ თავდაპირველი მღელვარებით ვაბარებთ ამ გამოცდას, თითქოს საზღვარგარეთ პირველად გამოვდიოდეთ”, – წერს ნინო რამიშვილი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში.

გიორგი ქართველი