დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყანას შესაძლოა ერთპარტიული პარლამენტი ჰყავდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, 0%-იან ბარიერგადალახული 8 ოპოზიციური პარტია უარს იტყვის საკუთარ მანდატებზე და მეათე მოწვევის პარლამენტში მუშაობაზე. ჯერჯერობით პროცესები ქუჩაში იმართება და მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ლიდერების მოწოდებების მიუხედავად, ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე ორჭოფობს.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, საქართველოში, მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად პარლამენტში 9 პარტია შევა, რომელთაგან 8 ოპოზიციურია. მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” ხმების 48% მიიღო და კიდევ ერთი მაჟორიტარული მანდატის მიღების შემთხვევაში პარლამენტში უმრავლესობა გარანტირებული ექნება. ოპოზიციურად განწყობილი პარტიები კი, ამ არჩევნებში გამარჯვებას და კოალიციის შექმნა იმედოვნებდნენ. მათი აზრით, “ოცნებამ” ხმების 8% ფალსიფიკაციის გზით, ხმების დათვლის პროცესში მრავალრიცხოვანი დარღვევებით მიიღო.

თავის მხრივ დარღვევებს ცესკოც აღიარებს, თუმცა ამბობენ, რომ ეს იმ მასშტაბის არ არის, რომ მან  არჩევნების შედეგები შეცვალოს. ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. არჩევნების გაყალბებას კატეგორიულად უარყოფენ მმართველ პარტიაშიც და აცხადებენ, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ადასტურებენ, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, კონკურენტულ გარემოში ჩატარებული, სადაც დაცული იყო სამოქალაქო თავისუფლება.

დანარჩენი ოპოზიციის პროტესტს არ უერთდება პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსი” მიუხედავად იმისა, რომ ცესკო-ს მიმართ პრეტენზიები მათაც აქვთ. ამ შემთხვევაში დანარჩენი ოპოზიციის პროტესტსა და პატრიოტებს შორის წყალგამყოფი “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განაყარი პარტია “ევროპული საქართველოა”. ცნობილია, რომ “პატრიოტთა ალიანსი” მრავალი წელია მოითხოვს “ენმ”-ს ლიდერების გასამართლებას და ამ პოლიტიკური პარტიის საერთოდ აკრძალვას.

ირმა ინაშვილი

ხელახალი არჩევნების მოთხოვნას პატრიოტებიც უერთდებიან, თუმცა ისინი ხმებისთვის დამოუკიდებლად იბრძვიან. დანარჩენი ოპოზიციის პარალელურად საპროტესტო აქციები ჯერ დედაქალაქში, შემდეგ კი ქუთაისში დააანონსეს, თუმცა მოგვიანებით – მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გამო, გააუქმეს. ისინი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებენ.

“ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარს ვამბობთ მიტინგებზე. რამდენიმეკვირიან პაუზას ვიღებთ, რათა თავიდან ავიცილოთ პროვოკაციები და ბრალდებები რუსულ კვალთან, ან რაიმე შეთქმულებასთან დაკავშირებით. კვლავ ვადასტურებთ, რომ უარს ვამბობთ პარლამენტში შესვლაზე. ვითხოვთ ხელახალი არჩევნების დანიშვნას”, – აცხადებს “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი.

“მიტაცებული არჩევნები” და “ბიულეტენების გაუქმება ნებისმიერ ფასად” – ასეთია ოპოზიციის მთავარი გზავნილი, რომელიც კვლავ ქუჩაში დგას და Covid-19–ის  გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა პრევენციული ზომის უგულვებელყოფით, რევოლუციური სცენარიდან გადახვევას არ აპირებს. კორონავირუსით ინფიცირებულნი უკვე მრავლად არიან ოპოზიციის ლიდერებს შორისაც, რომ აღარაფერი ვთქვათ ქვეყანაში დღეში 20-დან 45-მდე გარდაცვლილზე.

8 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების ერთობლივი მიტინგი გაიმართა. საპროტესტო აქცია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში არ გასცდენია კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებს, დღის ბოლოს, ნაციონალებისა და მათი მხარდამჭერებისთვის დამახასიათებელი რადიკალიზმით დაგვირგვინდა. აქციის მონაწილეები, ლიდერების მოწოდების შესაბამისად ცესკო-ს შენობისკენ დაიძრნენ, თუმცა რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზანი, ამის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.  ცესკოს შენობასთან მისულ პროტესტანტებს ადგილზე პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმი და დამცავი ჯებირები დახვდათ. მომიტინგეებმა ჯებირის გარღვევა სცადეს. რამდენიმე ადგილას რკინის კონსტრუქცია მოშალეს და პოლიციის კორდონი გაარღვიეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. მოქალაქეების ნაწილი ქვებს ისროდა. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

მეორე დღეს, ოპოზიციას მოლაპარაკებებისა და პოლიტიკური კონსენსუსისკენ თბილისის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მოუწოდა და მოლაპარაკების მაგიდასთან საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაჯდომა შესთავაზა. მისი თქმით, მმართველი პარტია თანახმაა ხელახლა გადაითვალონ უბნები ოპოზიციის უფლებამოსილი პირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თანდასწრებით.

კახა კალაძემ

“მოვუწოდებთ არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას და პოლიტიკურ სუბიექტს, – თუ მართლაც გვსურს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ამომრჩევლისთვის კონკრეტული შედეგი, ქუჩისა და დესტრუქციის ნაცვლად, რაც სიკეთეს არავის მოუტანს, პროცესი გადავიდეს მოლაპარაკებების ფორმატში. ჩვენმა მოსახლეობამ დააფიქსირა თავისი არჩევანი, ამიტომ, მოდით, განვაგრძოთ მუშაობა, რათა, არც ერთი ადამიანის ხმა არ დაიკარგოს – არც თქვენი და არც ჩვენი ამომრჩევლის!”, – განაცხადა კახა კალაძემ.

აზრთა სხვადასხვაობაა ოპოზიციაშიც. ნაწილს პარლამენტში შესვლა სურს. მოლაპარაკებებისთვის მზაობა “ენმ”-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემაც გამოთქვა, თუმცა თანაგუნდელების მხრიდან გაკეთებული მწვავე განცხადებების შემდეგ სიტყვები უკან წაიღო.

რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ 8 ნოემბრის აქციის მიზანი ცესკოს შენობაში შეჭრა და ბიულეტენების განადგურება ყოფილიყო. ეს ვერსია მეორე დღეს, ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმაც დაადასტურა, როდესაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სერბეთის მაგალითზე ისაუბრა.  როგორც სააკაშვილმა თქვა, სერბეთში დაწვეს ბიულეტენები და ამან ის შედეგი მოიტანა, რომ ქვეყანაში ხელახლა ჩატარდა არჩევნები.

“სააკაშვილის მიერ მოყვანილი სერბეთის მაგალითი გვაფიქრებინებს, რომ შემთხვევითი არ იყო ქვების სროლა. დიდი ალბათობით, ოპოზიციას ეს ესკიზური გეგმა ჰქონდათ და თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდებოდა, უარს არ იტყოდნენ. იგივე, რაც ვიხილეთ 2019 წლის 20-21 ივნისს. პარლამენტს იღებდნენ, თუ არ იღებდნენ? თუ შეიღებოდა კარი, შიგნით უკვე მომზადებული ჰყავდათ ხალხი, ეს ფაქტი მაინც ხომ არ არსებობს. რადგან გარედან არ შეიღო, მერე უკვე თქვეს რის პარლამენტი, რა პარლამენტიო. ხელისუფლებამ ეს მომენტი ჯეროვნად ვერ გამოიყენა და ახლა ისევ დაიძრა ეს თემა – ხელისუფლების შეცვლის საკითხი”, – განუცხადა Dalma News-ს რამაზ საყვარელიძემ.

რაც შეეხება 8 ნოემბერს, მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას, საყვარელიძის თქმით, არ ახსენდება, რომ უცხოეთში, პროტესტანტების დასაშლელად ხელისუფლებები წლის ჭავლს წელიწადის დროების მიხედვით იყენებდნენ. მისივე თქმით, ე.წ გავრილოვის ღამე ხელისუფლებას ჯეროვნად რომ გამოეძიებია, კერძოდ, როგორ აღმოჩნდნენ პარლამენტის შენობის შიგნით ოპოზიციის მიერ საშვებით შეყვანილი უამრავი ადამიანი და სხვ.  საქართველოში ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლის მცდელობა მუდმივად აღარ იქნებოდა.

“სააკაშვილის არაერთი მოწოდება მოვისმინეთ, რომ ამ ხელისუფლებასთან არჩევნებით ვერაფერს გახდებით,  სახლებში უნდა მივუვარდეთ პოლიციელებს და ა.შ. ეს ყველაფერი ის ძალადობაა, რომელიც რევოლუციისკენ წაიყვანს ამ ხალხს. როგორც ჩანს ხელისუფლებასაც, ან გაბედულება არ ჰყოფნის, ან პროცესის წარმოწყების უნარი არ აქვს”, – მიაჩნია რამაზ საყვარელიძეს.

ნიკა შენგელიაც

პოლიტიკური პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადატანას მხარს უჭერს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ნიკა შენგელიაც და ამბობს, რომ ქუჩის აქციებსა და ლარის კურსის ვარდნას შორის პირდაპირი კავშირია. სავალუტო კურსზე ყოველთვის მოქმედებს პოლიტიკური ფაქტორი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანას არ აქვს გამართული ეკონომიკა. მისი თქმით, მთავრობას ოქმების გადასინჯვაზე დროულად რომ დაეწყო, ქვეყანა საპროტესტო აქციებს აცდებოდა.

“ბიუჯეტის შესავსებად მთავრობას ისევ მოუწევს დამატებითი სესხების აღება და მოსახლეობისთვის სოციალური დახმარებების გაწევა. პოლიტიკური ვითარება რომც დალაგდეს, ჩვენს ეკონომიკაში მწვავედ დგას კადრებისა და ნეპოტიზმის პრობლემა. ამას დღემდე არაფერი ეშველა”, – განუცხადა Dalma News-ს ნიკა შენგელიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ყოველთვის სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, ამას ემატება პანდემია და შედეგად ვიღებთ გაზრდილ ფასებს, გაკოტრების პირას მყოფ კომპანიებს, უმუშევრობის ზრდას.

“გარდა ამისა, ლარის კურსის გაუფასურება დაემთხვა სეზონურობას. ბიზნესმენები საახალწლოდ გარკვეული პროდუქტების შემოსატანად ემზადებიან და თადარიგი დაიჭირეს, რომ გაეკეთებინათ ტრანზაქციები უცხოურ ვალუტაში იმ ქვეყნებში, საიდანაც შემოაქვთ საქონელი. დაახლოებით დეკემბერ-იანვარში ლარის კურსი დასტაბილურდება. თუ პოლიტიკური ვითარება ისევ არ აირია, ლარის კურსი თავისუფლად შესაძლებელია დაუბრუნდეს 3,20 ნიშნულს და 5-7 იანვრამდე შენარჩუნდეს. ხოლო ტურისტული სექტორი, შესაძლოა 2021 წლისთვისაც ვერ ამოქმედდეს სრული დატვირთვით”, – აცხადებს ნიკა შენგელია.

შორენა პაპაშვილი