– რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ საქართველოს და თბილისის კოლორიტი იგრძნო? – მკითხა თბილისში ჩამოსულმა მეგობარმა.

– უნდა წაიკითხო ნოდარ დუმბაძე, მოუსმინო გია ყანჩელის კომპოზიციებს და გაისეირნო ძველი თბილისის ქუჩებში. მაგალითად, სოლოლაკში, აბანოების ან ბეთლემის უბნებში. კოლორიტულ ქუჩებში გასეირნების შემდეგ, ავთენტური ანტიკურობით გამოწვეული ემოციებით შეპყრობილი სტუმარი, მით უფრო თუ მისი სტუმრობა “ბეთლემის უბნის ფესტივალს” დაემთხვა, თბილისს სიყვარულში აუცილებლად გამოუტყდება. აღნიშნული ფესტივალი განსაკუთრებული დღეა ამ უბნისთვის. ამ დროს აღინიშნება ქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის დაბადება და ეწყობა კონცერტები, გამოფენა – გაყიდვები და სახალო სეირნობა.

ჯერ კიდევ 15 წლის წინათ, ამ უბნებში არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა არსებობდა და არც თუ სახარბიელო სისუფთავე. დღეს იქ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტია. პურის მოედნიდან ციცაბო კიბით ტაძართან მოხვდები, შემდეგ კი ბეთლემის უბანიც იწყება. სხვათა შორის, ამ გზაზე მდებარე ტაძრის საკუთრების უფლებისთვის ქართული და სომხური ეკლესიები დღემდე დაობენ. ბეთლემის უბნის ვიწრო ქუჩებს და ციცაბო კიბეს რომ აივლი, კლდისუბანში მოხვდები, რომლის სახლები და ქუჩები სოლოლაკის ქედზე არის აგებული.

მინიატურული ტფილისი და “წიგნთსიყვარული”

ბეთლემის უბანი – ეს მინიატურული ტფილისია ერთმანეთზე შემჯდარი ხის აივნებიანი კოლორიტული სახლებით. ცენტრალური მოედანი ზემო ბეთლემის ტაძრის ძირში მდებარეობს. იქიდან მთელი ქალაქი ხელის გულივით ჩანს. სამუშაო დღეებში იქ განსაკუთრებული სიჩუმეა, ფარნების ქვეშ სკამები შეყვარებულ წყვილებს უკავიათ. ფესტივალის დღეებში მოედანზე სურათების გამოფენა-გაყიდვა ეწყობა, ხოლო ანიმატორები ადგილობრივ ბავშვებს და უფროსებს მრავალფეროვანი წარმოდგენებით ართობენ.

“ეს ქალაქის ყველაზე ძველი ადგილია. საუკუნეების განმავლობაში აქ ქართველებთან ერთად სომხები და ებრაელები ცხოვრობდნენ. ამ პატარა უბანში ძალიან ბევრი ტაძარია. ზემო ბეთლემი ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა. იგი თავდაპირველად ქართველებს ეკუთვნოდათ, შემდეგ სომხებს გადაეცათ, ახლა ისევ ქართულია. ზევით “ათეშგას” ზოროასტრული ტაძარია, ქვევით -გუდაშვილის ქუჩაზე – სინაგოგა, რაც ამ რაიონის ინტერნაციონალობაზე მეტყველებს”, – გვიყვება ძეგლთა და ღირსშესანიშნავი ადგილების დაცვის საერთაშორისო საბჭოს – ICOMOS-ს ქართული კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი ლია ბოკუჩავა.

ბეთლემის უბნის აღდგენა 2004 წლიდან დაიწყო. რაიონის რეაბილიტაციის პროექტი ICOMOS-ს ქართულმა კომიტეტმა შეიმუშავა და განახორციელა. დღეისათვის ბეთლემის უბნის ყოველ მეორე სახლში სასტუმროები, ჰოსტელები და მოტელებია გახსნილი. სახლების რესტავრაციის შემდეგ ცხადია, სასტუმროების ფასებიც შესაბამისად გაიზარდა. იქ დასახლება ძალიან ბევრს სურს, რადგანაც ბეთლემის უბანი უბრალოდ ადგილი კი არ არის, არამედ – სულის მდგომარეობა. იმ სახლის ეზოში, სადაც ორგანიზაცია ICOMOS-ს რეგიონალური ოფისია განთავსებული, ძველი ხის კარადა დგას.

“ადამიანებს აქ წიგნები მოჰქონდათ და კითხულობდნენ. აქ აბსოლუტურად ყველანაირი ლიტერატურა იყო. მაგრამ ერთი “ჭკვიანი” შეგვეჩვია, რომელიც, როგორც კი დავაწყობდით წიგნებს, მაშინვე იპარავდა. ქურდი ჯერჯერობით ვერ დავიჭირეთ. პოლიციაშიც კი განვაცხადეთ, რომ აქ წიგნებს ტურისტებისთვის ვდებთ, რომლებიც მოდიან და თავიანთ ენაზე დაწერილი წიგნებიდან ეცნობიან ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის ისტორიას. ჯერჯერობით სიახლე არაფერია”, – ამბობს ლია ბოკუჩავა.

მისივე თქმით, მათ უკვე ვიდეო თვალი შეიძინეს და უახლოეს მომავალში დაამონტაჟებენ. ასევე გეგმავენ კარადის გადაღებას და იქ სხვადასხვა ენაზე გამოცემული ახალი წიგნების და ჟურნალების განთავსებას.

ერთი სიტყვით, მალე, ეს ძველი კარადა ისევ წიგნებით გაივსება. მანამდე კი, ბეთლემის უბანი დაარსების დღეს ზეიმობს. განა შეიძლება თბილისში დღესასწაული ქართული ღვინის და პურ-მარილის გარეშე?!

ორთქლის ძრავები, სამეცნიერო ფანტასტიკა და ქართველი მხატვარი

აქედან რამდენიმე ნაბიჯში არის დახლი, სადაც საოცარი სილამაზის საიუველირო ნაკეთობებია განთავსებული. ყველა სპილენძისგან არის დამზადებული. თხელი და ფილიგრანული, თითქოს ძაფით იყოს მოქსოვილი. როგორც ამ ხელოვნების ნიმუშების ავტორი ბონდო შენგელია ამბობს, სტილი, რომელზეც იგი მუშაობს, სპილენძით ქარგვა ეწოდება: მეტალი, ნახევრად ძვირფასი ქვები და სამეცნიერო ფანტასტიკა.

გსმენიათ სტიმპანკის და პაროპანკის შესახებ? ისინი სამეცნიერო ფანტასტიკის მიმართულებებია და თავის თავში მოიცავს გამოყენებითი ხელოვნების ტექნოლოგიას. ტერმინი “სტიმპანკი” გასული საუკუნის 90-იან წლებში ფანტასტიკური ჟანრის ამერიკელმა მწერალმა კევინ ჯეტერმა გამოიგონა. იგი გულისხმობს კაცობრიობის განვითარების ალტერნატიულ ვარიანტს, ორთქლის ავტომობილების ტექნოლოგიების და მექანიკის სრულყოფილად ათვისებაში. ჩნდება ლოგიკური კითხვა: რა შუაშია სპილენძი? – იმ შუაში, რომ პირველი ძრავა სპილენძისგან იყო შექმნილი.

განათლებით იურისტი ბონდო შენგელია უკვე ორი წელია სპილენძის ნაკეთობებზე მუშაობს. მას ბოლო 30 წელია მაღალი არტერიული წნევა აწუხებს, თუმცა ამის მიზეზი ექიმებმა ვერ დაუდგინეს. ბონდოს გაახსენდა, რომ მაღალი წნევის მატარებელ ადამიანებს მაჯაზე სპილენძის სამაჯურები უკეთიათ. სწორედ ამ მიზნით დაიწყო მანაც სპილენძის სამაჯურების დამზადება, თუმცა მალე მხატვრის ასორტიმენტში დეკორატიული ნაკეთობებიც გამოჩნდა.

სპილენძის მოპოვება არც ისე რთულია, რასაც ვერ ვიტყვით ნახევრად ძვირფას ქვებზე. ბონდოს მეგობრები ურჩევენ ქვები ინტერნეტის მეშვეობით შეიძინოს.

“სპილენძს ყველა ქვა არ უხდება. დამუშავებისას ის ფერს კარგავს და მუქდება – მუქი შოკოლადისფერი ხდება. ინტერნეტით შეძენილი ქვები ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ ჰგავს საიტზე წარმოდგენილ ნიმუშს. საერთოდაც, სანამ ქვას არ დავამუშავებ და ვერ მივხვდები რა ფორმის მიღება შეიძლება, ვერ შევიძენ. ეს იმისთვისაც საჭიროა, რომ წინასწარ განვსაზღვრო როგორი მოდელის შექმნას შევძლებ. ერთი სიტყვით, ქვის ფორმა მუშაობის მიმართულებას მკარნახობს”,- ამბობს ბონდო შენგელია.

ბატონი ბონდო დიდი ხნის წინათ ეზოთერმიზმს სწავლობდა. ლაბრადორიტი – ეს არის ქვა, რომელიც რეკომენდებული არ არის იმ ადამინებისთვის, რომლებსაც ძლიერი ხასიათი არ აქვთ, – ამბობს ბონდო და იღებს ძალიან ლამაზ ნაკეთობას, რომელზეც მზის სხივის მოხვედრის შემდეგ მისი, მუქი მწვანე ქვა მარგალიტისებურ შეფერილობას და სხივს იძენს.

“ამბობენ, ეს ქვა სუსტი ხასიათის ქალებს არ უხდება. მეორე მხრივ, შენი ქვა რომ იპოვო, დაბადების თარიღის ზუსტი გამოანგარიშების საფუძვლზე პირადი ჰოროსკოპი უნდა შეადგინო. ლაბრადორიტი წარმოშობით შვედეთიდანაა. იქ ლაბრადორიტის ნახევარკუნძული არსებობს. ყველაზე ძვირფასია შვედური, შემდეგ მოდის მადაგასკარული და შემდეგ ინდონეზიური. ჩემს ნამუშევრებს მაღაზიებში არ ვაბარებ. სოციალურ ქსელ facebook-ზე ჩემი გვერდი მაქვს და ამ ქვისგან დამზადებული კოლიეს სურათი იქ გამოვაქვეყნე. ერთი უცხოელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ძალიან უყვარს ეს ქვა. გარკვეული დროის შემდეგ იგი ჩემთან მოვიდა, ხელში აიღო ეს ქვა და ცოტა ხანში მეუბნება: ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ქვა მეუბნება, რომ ის ჩემი არ არის. სამკაული ისე უნდა ატარო, რომ ღრმა ეზოთერისტულ შემეცნებაში არ გადაეშვა. ქვას ხელი უნდა აიღო, დააკვირდე და იგრძნობ შენია ის, თუ არა”, – ამბობს ოსტატი.

იუველირის სახელოსნოდან გამოსულს ბატონი ბონდო თბილისელი მასპინძლისთვის დამახასიათებელი ჩვეული სიტყვებით მაცილებს: კიდევ შემოგვიარეთ. ყავა, ან ჩაი მივირთვათ და საინტერესო თემებზე ვისაუბროთ. ჩვენი კარი სტუმრისთვის მუდამ ღიაა.

ეკატერინე მინასიანი