“ჰით ბათუმი 2015”-ის ფარგლებში, ბათუმში ქუჩის თეატრის დღეები დაიწყო. ახალი კვირეული “სპარკი! ლედ დრამერებმა” გახსნეს. მანათობელმა დრამერებმა სტარტი ბულვარის მთავარ შესასვლელთან აიღეს. კოსტუმირებული მსვლელობა შავი ზღვისპირა ქალაქში ერთ საათს გაგრძელდა.

ბათუმი ერთი კვირის განმავლობაში ხუთ ქართულ და ოთხ უცხოურ თეატრალურ დასს უმასპინძლებს. ქართველ მსახიობებთან ერთად ბათუმის ქუჩებში თეატრალურ წარმოდგენებს ესპანეთის, უნგრეთის, ბრიტანეთისა და ინდოეთის დასებიც გამართავენ. ზღვისპირა ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრების განწყობაზე დღეს უკვე ბოლივუდის მსახიობები იზრუნებენ.

როგორც ქუჩის თეატრის დღეების ერთ-ერთი ორგანიზატორი ეკა მაზმიშვილი აცხადებს, წარმოდგენები ბათუმის კოლონადებთან, საზაფხულო თეატრში, პიაცაზე, ბულვარსა და ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართება და უფასო იქნება.

“მაყურებელმა  თავიდანვე აიტაცა სანახაობა. ყოველი საღამო იქნება საუკეთესო. ვისაც შეუძლია, ვინც ბათუმშია, ვურჩევ, არ გააცდინონ ქუჩის თეატრის საღამოები”, – აცხადებს იგი.