საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, აშშ-ში მოღვაწე დიდი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭა.

როგორც Dalma News-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილი ამ ინიციატივით რამდენიმე თვის წინათ გამოვიდა. ბათუმის საკრებულომ მთავრობის მეთაურის ინიციატივა მოიწონა და დღეს დაამტკიცა.

აშშ-ში მოღვაწე ცნობილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის შესახებ მანამდე Dalma News-ი აქტიურად წერდა. ალექსანდრე ქართველის დაბადების დღეზე, 9 სექტემბერს თბილისში ავიაციის კვირეული გაიხსნება და ღონისძიება 19 სექტემბრამდე გაგრძელდება. მომავალი წელს დიდ ქართველ გამომგონებელს 120 წელი უსრულდება. ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო გეგმავს სამხედრო მუზეუმის მოწყობას, რომელიც უცხოეთში მოღვაწე ქართველების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

2015 წლის ნოემბერში კი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყობა, რომელიც ასახავს აშშ-ში მოღვაწე ქართველი გამომგონებლის ცხოვრებასა და მის დიდ წვლილს სამხედრო ავიაციაში. ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლოთქიფანიძემ, ალექსანრდე ქართველის ასოციაციის თავმჯდომარე რიჩარდ ევან რუბინთან თანამშრომლობის მემურანდუმი გააფორმა.

ალექსანდრე ქართველი აშშ-ის ატომური კომიტეტის წევრი იყო, მუშაობდა NASA-ს გასაიდუმლოებულ და მთვარის პროექტებზე. მის მიერ შექმნილი პროექტები დღემდე ხორციელდება.