საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გურიის რეგიონში, დაბა ურეკში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება 60 მილიონ ლარს აღემატება და მშენებლობა 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

პროექტის დაწყებას დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი, აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივი მისიის ხელმძღვანელი ქეით ჯულიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტის ფარგლებში, აშენდება წყალმომარაგების 1 და წყალარინების 31 სატუმბი სადგური, 2 ახალი რეზერვუარი და 70 კმ-ის სიგრძის წყალარინების ქსელი, ასევე დამონტაჟდება წყალმომარაგების ჭაბურღილები.

როგორც მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ურეკში წლების განმავლობაში არ არსებობდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტის ფარგლებში 300-მდე ადამიანი დასაქმდება.