საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის მიერ გამოთქმული შეშფოთების გამო, ტელეკომპანია АТV-მ დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე უმნიშვნელოვანესი ქართული სალოცავის – ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში გადაღებული კლიპის ჩვენება შეწყვიტა, თუმცა, სანაცვლოდ პრეტენზია გამოთქვეს საქართველოში მათი რელიგიური სიწმინდეების შეურახყოფისთვის.

როგორც “მედიანიუსი” აზერბაიჯანულ oxu.az-ზე დაყრდნობით წერს, ტელეკომპანიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კლიპი არავის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას არ ისახავდა მიზნად და მსაგავსი სცენები ჰოლივუდურ ფილმებშიც გვხვდება.

“ეკლესიებში ფილმის გადაღება ჩვენთვის უცხო არ არის. ჰოლივუდშიც კი მაყურებელს სთავაზობენ მსგავს სცენებს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს სცენები გადაღებული იქნებოდა მეჩეთში, თუ ეკლესიაში. სადაც მიმდინარეობს მუშაობა, იქ შესაძლოა შეცდომებიც იყოს დაშვებული. თუმცა ეს შეცდომა ერთ რანგში არ გადის იმასთან, როგორც შეურაცხყოფენ ჩვენს რელიგიურ სიწმინდეებს საქართველოში. თუმცა, საქართველოს პატრიარქის მიერ გამოხატული შეშფოთების გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ ამ კლიპის გაშვება შეწყვეტილიყო”, – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.საქართველოს საპატრიარქომ ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში მომხდარის გამო სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდა როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალებებს.

ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული კლიპის მიმართ საპატრიარქოს პოზიციის შესახებ Dalma News-ი მანამდე წერდა. სცენა დაახლოებით ასეთია: უცნობი კაცი და ქალი, რაღაც განძის ხელში ჩაგდების სურვილით შეპყრობილნი, ორ კათოლიკე ბერს ჯოხის თავში ჩარტყმით გონებას დააკარგვინებენ, მათ სამოსს ჩაიცვამენ და ტაძარში შევლენ. სამალავში სანუკვარ ნივთს მიაგნებენ. ქალი ნივთთან ერთად გაიქცევა, მამაკაცი კი დარჩება და შემოსულ სხვა სასულიერო პირებს (კათოლიკე ბერების ჩაცმულობით) აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებით მოიგერიებს.

ეს ყველაფერი კი ხდება ეკლესიაში და მის ცენტრალურ ადგილში, საკურთხეველში.