აზერბაიჯანული კინემატოგრაფიის ისტორია სათავეს 1961 წელს იღებს, სწორედ ამ დროს რუსი კინოთმცოდნე ულვი მეხთის თქმით, ეკრანებზე გამოვიდა უზეირ გაჯიბეკოვის საავტორო ნამუშევარი ოპერეტა “არშინ მან ალან”-ის თემაზე, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. ბაქოს ხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლის შემდეგ კინო, როგორც პროპაგანდა-აგიტაციის ინსტრუმენტი, იძენს არა მხოლოდ მხატვრულ, არამედ პოლიტიკურ დატვირთვასაც. სოციალისტური იდეოლოგიის შესაბამისად კინოწარმოება სახელმწიფო აპარატის მფლობელობასა და სახელმწიფო დაფინანსებაში გადადის.

აზერბაიჯანული კინოს განვითარების სწორედ საბჭოთა პერიოდში გაითქვა სახელი ბევრმა რეჟისორმა.

1922 წელს გამოვიდა პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული, ორნაწილიანი ფილმი “ქალწულის კოშკის ლეგენდა”, რომელიც რეჟისორმა ვ.ვალუზეკმა გადაიღო. დაბალი ხარისხის გადაღებისა და მონტაჟის გამო ფილმი კრიტიკოსებმა დაიწუნეს, თუმცა ამის მიუხედავად ფილმი შემოსავლიანი გამოდგა.

ამის შემდეგ გადაიღეს ფილმები კომუნისტური რუტინის: ბაქოს ნავთობწარმოების, წითელი არმიის, აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შესახებ. “ხანძარი სურახანის ნავთობსაწარმოზე”, “მ.ფრუზეს ბაქოში ჩასვლა”, “მოგზაურობა აზერბაიჯანში” – ასეთია იმ ხანებში აზერბაიჯანში ამ თემაზე გადაღებული ფილმების მცირე ჩამონათვალი.

1940 წელს ფილმები “კასპიის მენავთობეების ამბავი” და “ზღვის დამპყრობლები” კანის კინოფესტივალზე აღინიშნა, როგორც “ლირიკული და მშრომელი ადამიანის პიროვნების ხაზგასმა”. ომის პერიოდში გადაიღეს პატროტული ჟანრის ფილმები, მეოცე საუკუნის შუა წლებში – მხატვრული, დოკუმენტური და პუბლიცისტური. 50-იან წლებში ფილმების თემატიკა შესამჩნევლად გაფართოვდა.

80-იან წლებში იდეების მრავალფეროვნება შეინიშნა და ფილმებსაც მრავალფერად ფორმატში იღებდნენ. ამ პერიოდში შეიქმნა მთელი რიგი ფილმები ისტორიული, პოლიტიკური, ეთნოგრაფიული, პატრიოტული და ფანტასტიკური სიუჟეტისაც კი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეროვნული კინემატოგრაფია ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სიღარიბე, კორუფცია და არასრულფასოვანი ინფრასტრუქტურა აზერბაიჯანს კინოხელოვნების განვითარებაში უშლიდა ხელს.

მომდევნო 15 წლის განმავლობაში წელიწადში 1-2 ფილმის გადაღება დიდ მიღწევად ითვლებოდა და სწორედ ამიტომ ვერ აღწევდა წარმატებებს აზერბაიჯანი საერთაშორისო კონკურსებზე. არც არის გასაკვირი – 90-იან წლებში აზერბაიჯანში არცერთი მასშტაბური ფილმი არ გადაუღიათ.

თუმცა, ოდნავ უკეთესად იყო საქმე დოკუმენტურ ჟანრში. ამ მხრივ, აზერბაიჯანელი კინემატოგრაფები არაერთხელ შეაქეს, როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა კინოკრიტიკოსებმა. ამგვარად, ადგილობრივი ყოველწლიური კულტურული ფესტივალის „აღმოსავლეთი-დასავლეთი“-ს ფარგლებში დოკუმენტური კინოს დღეები ჩატარდა, სადაც აზერბაიჯანულ ნამუშევრებს მაღალი შეფასება მისცეს რუსმა სპეციალისტებმა. აზერბაიჯანულ დოკუმენტალისტიკას საერთაშორისო არენაზე საკმაოდ სოლიდური წონა და ავტორიტეტი აქვს.

მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა 2008 წელს, როდესაც კინოინდუსტრიის განვითარების სახელმწიფო 10 წლიანი პროგრამა მიიღეს. ამის შემდეგ ჰიუსტონის 42-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, ნომინაციაში „საუკეთესო უცხოური ფილმი“ აზერბაიჯანული დრამა „მე-40 კარი“ დაჯილდოვდა.

2012 წელს კინემატოგრაფიის კიდევ უფრო განვითარების მიზნით დაარსდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პროდიუსერების გილდია, რომელშიც 18 კინოკომპანია გაერთიანდა. აქტიური რეფორმები ნაყოფიერი აღმოჩნდა. კინოწარმოება გაიზარდა, ხოლო შემოქმედებითი სფერო, საერთო ჯამში, შესამჩნევლად გაუმჯობესდა.

ერთ-ერთი უახლესი აზერბაიჯანული ფილმი “ალი და ნინო” ყურბან საიდის იმავე სახელწოდების, აზერბაიჯანული ლიტერატურის კლასიკად ქცეული რომანის მიხედვით არის გადაღებული.

ასიფ კაპადია
ასიფ კაპადია

გადაღებები 2015 წლის 24 თებერვალს დაიწყო და 4 თვეს გაგრძელდა. სცენარის ავტორია ბრიტანელი მწერალი და რეჟისორი, “ოსკარის” პრემიის ლაურეატი კრისტოფერ ჰემპტონი. აღმასრულებელი პროდიუსერი – ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი, ლეილა ალიევა. პროდიუსერი – ინგლისელი კრის ტიკიე, რომლის დებიუტიც ფილმში “ვარსკვლავური მტვერი” შედგა. ხოლო ფილმის რეჟისორია ასიფ კაპადია – საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის “ოსკარის” პრემიის მფლობელი და ბრიტანული დამოუკიდებელი კინოს პრემიის ლაურეატი ნომინაციაში “საუკეთესო რეჟისორი”.

ფილმი მოგვითხრობს აზერბაიჯანელი მუსულმანი ალი ხან შარვანშირისა და ქართველი ქრისტიანი თავადი ქალის, ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორიას. მოვლენები ვითარდება პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ზერბაიჯანში, სპარსეთსა და საქართველოში. ფილმის გმირები პოლიტიკური არეულობების, სისხლისღვრებისა და ომების თანამედროვენი არიან. ძმათამკვლელი ომები, 1918 წლის მარტის მოვლენები, ბაქოს ინგლისური ოკუპაცია, ინგლისელების წასვლა, პირველი აზერბაიჯანული დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადება, ბოლშევიკების მიერ ბაქოს აღება, აზერბაიჯანის გასაბჭოება და ა.შ.

ფილმის შემქმნელებმა სცადეს მაშინდელი პოლიტიკური ქაოსის ფონზე დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ქრისტიანულ და ისლამურ რელიგიურ დოგმებს შორის არსებული დაპირისპირებები, “ტრადიციისა” და “პროგრესის”, ლიბერალური იდეებისა და კონსერვატიზმის მეტოქეობა, მამაკაცისა და ქალის ურთიერთსაწინააღმდეგო არსება, ასევე დიამეტრულად განსხვავებული იდეების გამოყენების გზით ჭეშმარიტების ძიება ეჩვენებინათ.

მთავარ როლებში არიან ადამ ბაქრი (ალი ხან შირვანშირი), მარია ვალვერდე (ნინო ყიფიანი), ჰომაიუნ ერშადი (ალის მამა), მენდი პეტინკინი (თავადი ყიფიანი), კონი ნილსენი (ქალბატონი ყიფიანი), ხალით ერგენჩი (მირზა ფატალი ხან ხოისკიი), ფაჰრადინ მანაფოვი (ჰაჯი თაგიევი). პრემიერა 2016 წლის 27 იანვარს აშშ-ში, Sundance-ის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში შედგა. გარდა ამისა, ტელეკომპანია BBC- მ გადაიღო ფილმი, სადაც ჩაწერილია ოსკაროსანი რეჟისორის ასიფ კაპადიას ინტერვიუ.

ფილმი “ალი და ნინო” არის აზერბაიჯანული კინემატოგრაფიის მცდელობა, საკუთარი თავი ხმამაღლა და მკაფიოდ წარმოაჩინოს. კრიტიკოსების შეფასებით, მისმა მცდელობამ გაამართლა.

შეიძლება ითქვას, რომ, თუ აზერბაიჯანი კვლავაც ამ სულით განაგრძობს წინსვლას, ეს უკვე არა მხოლოდ რენესანსი, არამედ ბრენდირებული ადგილობრივი კინემატოგრაფიის ახალი პროგრესი იქნება.

მოამზადა რავილ ალაზოვმა