აზერბაიჯანში, 30 ნოემბერს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღეს. პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, სადაც გათვალისწინებულია ქვეყანაში იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზების ზრდა,- იტყობინება Sputnik Азербайджан-ი.

ძირითადად ცვლილებები შეეხო 190.4.4 პუნქტს, რომელიც შეეხება მსუბუქ ავტომობილებს, კერძოდ, ძრავის მოცულობის შესაბამისად  სატრანსპორტო საშუალებების იმპორტზე აქციზის გადასახადების გაზრდას.

ამგვარად 2000-მდე  კუბური სანტიმეტრის ძრავის მქონე ავტომობილების იმპორტზე აქციზი თითოეულ კუბურ სანტიმეტრზე 0,3 მანათს შეადგენს(ახლა 0,2 მანათია). უფრო დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებზე ახალი აქციზები შემდეგი სახით ამოქმედდება:

—3000-მდე კუბური სანტიმეტრის სააქციზო გადასახადი – 600 მანათის  ოდენობით (ამჟამად 400 მანათია), ამას დამატებული 5 მანათი (რაც ახლა 3 მანათია) 2001-3000 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავის თითოეული კუბური სანტიმეტრისთვის.

—4000-მდე კუბური სანტიმეტრის სააქციზო გადასახადი – 5600 მანათი (ამჟამად 3400 მანათი)  ამას დამატებული 13 მანათი (ახლა 8 მანათია) 3001-4000 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავის თითოეული კუბური სანტიმეტრისთვის.

—5000-მდე კუბური სანტიმეტრის – 18,6 ათასი მანათი (ამჟამად 11 400 მანათია) პლიუს 35 მანათი (ახლა 20 მანათი) 4000-5000 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავის თითოეული კუბური სანტიმეტრისთვის.

—5000-დან კუბური სანტიმეტრისთვის – 53,6 ათასი მანათი (ამჟამად 31,4 ათასი მანათი) პლიუს 70 მანათი (ახლა 40 მანათია) 5000 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავის თითოეული კუბური სანტიმეტრისთვის.

ავტომობილების სააქციზო გადასახადის ზრდა სატრანსპორტო საშუალებების გაძვირებასაც გამოიწვევს. თუმცა ღიად რჩება საკითხი: ფასების ზრდა ახალ ავტომობილებზე სამომხმარებლო მოთხოვნას რამდენად შეანელებს?

2018 წლის იანვარ – ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 17, 345  ათასი ავტომობილის ექსპორტირება მოხდა.

2017 წელს აზერბაიჯანში 11,610 ათასი მსუბუქი ავტომობილის იმპორტირება მოხდა, 2016 წელს – 4,991 ათასის, 2015 წელს – 23,765 ათასის, 2014 წელს – 57,615 ათასის, 2013 წელს – 94,879 ათასის.