აზერბაიჯანის სალიანის რაიონში, კომპანია EVRASCON-ის 400-მა მუშამ, რომლებიც ალიატ-ასტრალის ავტობანს აგებდნენ, დღეს დილით, პროტესტის ნიშნად მდინარე მტკვარზე ხიდი გადაკეტეს.

როგორც «Haqqin»-ი იტყობინება, საპროტესტო აქციის მონაწილეებს მხოლოდ ერთი მოთხოვნა ჰქონდათ. ისინი 5 თვის გადაუხდელ ხელფასებს ითხოვდნენ. აქცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ადგილზე მისულ პოლიციასთან მოლაპარაკების შემდეგ, მუშებმა აქცია შეწყვიტეს და დაიშალნენ. ხიდზე მოძრაობა აღდგა. პოლიციას არავინ დაუკავებია.

კომპანიის ხელმძღვანელობის წარმომადგენლობა მუშებს ხელფასების დღის განმავლობაში გადახდას დაჰპირდა.

კომპანია EVRASCON-ის ვალი 232,7 მილიონ მანათს შეადგენს, აქედან ბანკებიდან აღებული კრედიტი 67,5 მილიონი მანათია.