აზერბაიჯანის სამგზავრო ავტობუსებში, მძღოლების სამუშაო დღის რეგისტრაციისა და მოძრაობის გასაკონტროლებლად სპეციალურ მოწყობილობებს ჩაამონტაჟებენ.

როგორც «Trend-ი» მილლი მეჯლისის (პარლამენტი) ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, ამ საკითხზე დეპუტატები შესაბამის ინიციატივას შემოდგომის სესიაზე წარადგენენ.

სპეციალური მოწყობილობა გააკონტროლებს ავტობუსის მძღოლის სამუშაო საათებს ( არაუმეტეს 8 საათი დღეში) და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სიჩქარეს, რომელსაც მძღოლმა არ უნდა გადააჭარბოს.

როგორც დეპუტატმა რაფაელ ჯაბრაილოვმა განაცხადა, მძღოლების სამუშაო დღე ამჟამად 8 საათს აღემატება.

“აზერბაიჯანში მძღოლები დღეში 12-13 საათს მუშაობენ. იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილი ისედაც მაღალი საფრთხის წყაროა, დაღლილი მძღოლები ამ საფრთხეს კიდევ უფრო ამწვავებენ”, – ამბობს ჯაბრაილოვი და დასძენს, რომ სიჩქარის გადაჭარბებით მძღოლები ხშირად მგზავრების სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს.

მისივე აზრით, ეს პრობლემა ტექნოლოგიური სიახლეების დახმარებით უნდა მოგვარდეს, სხვაგვარად შეუძლებელია თითოეული მძღოლის გაკონტროლება.

ბაქოში მგზავრები ჩივიან, რომ ავტობუსის მძღოლები სწრაფად დადიან და ცდილობენ ერთმანეთს გადაასწრონ, რითაც ძალიან ხშირად ავარიულ ვითარებებს ქმნიან.