აზარტული თამაშების პრობლემა საქართველოში დიდი ხანია მწვავედ დგას. თითებზე ჩამოსათვლელია იმ პოლიტიკოსების გვარები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში რეალურად დაინტერესდნენ პრობლემით და, ან საკანონდებლო ინიციატივა მოამზადეს, ან ხელმოწერებით სცადეს ამ სფეროში არსებული უკონტროლობის დარეგულირება. წლების განმავლობაში პრობლემა ადგილიდან, არც ერთ ეტაპზე არ დაძრულა. უფრო მეტიც, ონლაინ აზარტული თამაშები ყველა ასაკის ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. ონლაინ სამორინეები დარჩენილია კონტროლს მიღმა.

პანდემიამ ამ თვალსაზრისითაც ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.​ როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ასეთ ოჯახებში საქმე ოჯახურ ძალადობამდე, ბულინგამდე და სუიციდამდეც კი მიდის. სუიციდის ასეთ ფაქტებზე ქვეყანაში სტატისტიკა არ იწარმოება. ასევე, ქვეყნიდან გავიდა დიდი რაოდენობით ფული. მარტო 2020 წლის მარტში 100 მლნ ლარია ონლაინ საიტებზე გადარიცხული.

კიდევ უფრო მძიმეა მდგომარეობა ქვეყნის რეგიონებში. სწრაფი გამდიდრების სურვილით, თუ თამაშდამოკიდებულების გამო, სეზონურ სამუშაოებზე სიმწრით მოგროვებულ ფულს ადამიანები ონლაინ თამაშებში კარგავენ. არის ოჯახები, რომლებმაც ამის გამო სახნავ-სათესი მიწები, ვენახები და თხილის ბაღებიც კი გაყიდეს. ლუდომანიას არ აქვს არც სქესი და არც ასაკი. არანაკლები აზარტულობით გამოირჩევიან ქალები, ხშირად წარმატებულები, ოჯახის დედები შემოსავალს მთლიანად აზარტულ თამაშებში ანიავებენ.

Dalma News-ი შეეცადა ფსიქოლოგისგან მიეღო შეფასება, რამდენად მძიმე სენთან გვაქვს საქმე, თუმცა მანამდე, იმ “სარგებელზე” გეტყვით, რასაც ბიზნესის ამ სექტორით საქართველოს ბიუჯეტი ხეირობს.

პანდემიურ 2020 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 1 666-ჯერ აღემატებოდა იმ მოსაკრებელის მოცულობას, რაც სექტორიდან ბიუჯეტში შევიდა. კერძოდ, შარშან, სექტორის ბრუნვამ 32,091 მლრდ ლარი შეადგინა, ბიუჯეტში კი, 19 მლნ ლარი შევიდა.

ქვეყანაში, სადაც აზარტული თამაშებით არაერთმა ადამიანმა დაკარგა ქონება, სათამაშო ბიზნესი უფრო დიდია, ვიდრე მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი და ა.შ. სათამაშო ბიზნესზე მეტი ბრუნვა წილობრივად მხოლოდ ვაჭრობის დარგზე მოდის.

სფეროს ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს განვითარების ყველა დიდი მუხრუჭი სათამაშო ბიზნესია, რადგან აზარტული თამაშები არის ერთადერთი, რომელსაც არ ჰყავს მომიჯნავე სექტორები, რომელსაც განვითარებაში დაეხმარება. სათამაშო ბიზნესმა პანდემიის დაწყებიდან სრულად გადაინაცვლა ონლაინ სექტორში და შეზღუდვების მოხსნის, არც ერთ ეტაპზე არ გახსნილა.

ზურაბ კუკულაძე

როგორც ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე ამბობს, ქვეყანა იმყოფება რეალობაში, როცა ეკონომიკაში თუ რამე ფული ტრიალებს, მას სათამაშო ბიზნესი სრულად გაიწოვს.

“ეს არის ძალიან სპეციფიკური სექტორი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მკაცრად რეგულირდება მისი უარყოფითი სოციალური და ეკონომიკური გავლენების გამო. ჩვენთან საერთოდ მიშვებულია. ყველა მოწყობილობაში, მობილურიდან-კომპიუტერამდე მინი კაზინოებია ჩართული. ამ პირობებში გასაკვირი ისაა, ეკონომიკის სხვა სექტორები საერთოდ როგორ არსებობს”, – აცხადებს ზურაბ კეკულაძე.

სათამაშო ბიზნესში ძალიან დიდი ფული ტრიალებს და ამ ფულით გარკვეული პოლიტიკური ძალებიც ითბობენ ხელს.

რამაზ საყვარელიძე

ფსიქოლოგისა და პოლიტოლოგის, რამაზ საყვარელიძის თქმით, ლუდომანია ღარიბი ქვეყნის პრობლემა იმდენად არის, რამდენადაც ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებიან. მდიდარ ქვეყნებში კი, უფრო მკაცრი საკანონმდებლო კონტროლი არსებობს. საერთო ჯამში კი, სათამაშო ბიზნესი ყველა ქვეყნისთვის პრობლემაა.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ცნობილია, რომ აზარტული თამაშების მიმართ დამოკიდებულება ისეთივე ეფექტის მატარებელია, როგორც ნარკოტიკი. უბრალოდ ადამიანი ნარკომანი ხდება ქიმიის გარეშე. ყველაფერი იწყება სწრაფი გამდიდრების სურვილით, მაგრამ მერე ადამიანი თამაშზე მიჯაჭვული ხდება და ყველაფერს სწირავს თამაშის გამო – ოჯახს, სამსახურს, საქმეს, როგორც ნარკომანი წამლის გამო.

“ამიტომ არის ეს პრობლემა დამღუპველი. სრულფასოვანი შრომისუნარიანი ადამიანები იკარგება აზარტული თამაშების გავრცელებით, ისევე, როგორც ნარკომანიის გავრცელებით. ჩვენ ერთი უბედურებაც დიდი მასშტაბით გვჭირს და მეორეც. გერმანიაში, ასე ადვილად ვერ იპოვით კაზინოს. სადღაც საზღვრისპირა ქალაქებშია, მაგრამ დედაქალაქში, ფეხის ყოველ ნაბიჯზე ვერ ნახავდით”, – განუცხადა Dalma News-ს რამაზ საყვარელიძემ.

ფსიქოლოგის შეფასებით, ასაკობრივი ცენზურის დაწესება აუცილებელი ნაბიჯია. ახალგაზრდები უფრო დამყოლები არიან ლუდომანიის მიმართ და ეს ავადმყოფობა მათ უფრო ერევა. ასევე, ქალებსაც. რა იწვევს შეჩვევას? თამაშის პირველი ხაზი უმეტესად არის მომგებიანი, ერთხელ მიღებული მოგების შემდეგ კი, ადამიანს აღარ შეუძლია მოწყდეს თამაშს და ვერ ეგუება მერე წაგებას. ადამიანი იღბალთან ჭიდაობას იწყებს და აზარტიდან ვერ გამოდის.

“თუ ნარკომანი გახდა ქალი, მისი გადარჩენა უფრო ძნელია ამ დამოკიდებულებისგან, იგივე ხდება თამაშებთან დაკავშირებითაც”, – აცხადებს საყვარელიძე და პრობლემის მართვის გზებზე ამახვილებს ყურადღებას.

მისი რეკომენდაციით, უფრო ადვილი იქნება ამ პრობლემის მართვა, თუ შეფასებებში ნარკომანია და ლუდომანია ერთმანეთს გაუტოლდება. საყვარელიძის თქმით, რა უბედურებაც ნარკოტიკს სჭირს იგივე უბედურება სჭირს აზარტულ თამაშებსაც, ისიც ძნელად განკურნებადია.

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არსებული ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრეა და მიაჩნია, რომ ის აბსოლუტურად მავნებლური და დამაზიანებელია ჩვენი საზოგადოებისთვის. ღარიბაშვილი აზარტული თამაშების კომპანიებისთვის რეკლამის განთავსების უფლების სრულად შეზღუდვასა და ასაკობრივი ცენზის დაწესებაზე საუბრობს.

“პირველ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, ონლაინ კაზინოებისთვის გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი და მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები”, – თქვა ღარიბაშვილმა.

პეტრე მამრაძე

მეცნიერი პეტრე მამრაძე ერთ-ერთია Dalma News-ის რესპონდენტებს შორის, ვინც აზარტული თამაშების დამღუპველ შედეგებსა და უკონტროლო ვითარებაზე ხშირად საუბრობდა. ღარიბაშვილის განცხადებას განიხილავს, როგორც პირველ ნაბიჯებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ნაბიჯს შემდგომი ნაბიჯები თანმიმდევრულად მოჰყვება და პრობლემა მოგვარდება, სხვა შემთხვევაში იმიტაცია იქნება.

“ნახეთ, როგორ გამოვარდნენ ლობისტები? როგორ ილაპარაკა გოცირიძემ. როგორ მოიყვანა არგუმენტები, – კაზინოების შევიწროება არ შეიძლებაო, – და საერთოდ არ ულაპარაკია იმაზე, რომ ხდება ფინანსების გადაქაჩვა. არაფერი თქვა ლუდომანიასა და მის შედეგებზე. რომ 32 მლრდ ლარია ბრუნვა და ბიუჯეტში მხოლოდ 19 მლნ-ია შესული, რაც არის კატასტროფა. ამით მოხდა გოცირიძის და ზოგიერთი სხვების ლუსტრაცია”, – განუცხადა Dalma News-ს პეტრე მამრაძემ.

აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვით მთელი რიგი კერძო ტელეკომპანიები დაზარალდებიან. ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილში ეჭვობენ, რომ ხელისუფლებამ სწორედ ამ მიზნით შეუტია სათამაშო ბიზნესს, რათა ოპოზიციური ტელეკომპანიები დააზარალოს.

ტელევიზიებმა, თავის დროზე “წარმატებით” დათმეს ალკოჰოლური სასმელისა და სიგარეტის რეკლამა. მთავარი მაინც ის არის, რამდენად ზრუნავს ხელისუფლება ადამიანების ბედზე. მგონი, არავის მოგვეწონებოდა ნარკოტიკის რეკლამა ტელეეთერებიდან. ვისაც ფული მოსჭარბებია, მშვენივრად იცის სად დახარჯოს, აღარ სჭირდება ამას რეკლამები და ტელეფონზე გაუთავებელი სმს-ები.

რაც შეეხება ტელევიზიებზე დარტყმას პეტრე მამრაძის მოსაზრებით, საქართველოში ტელევიზიების ტრაგედია არის ის, რომ რეკლამით თავს ვერ ინახავენ. მათ ვიღაც მდიდარი ადამიანი უნდა აფინანსებდეს. ასეთები კი, ხშირად სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან. მედიაც ავტომატურად ხდება პროპაგანდის რუპორი.

“ეს ტელევიზიები არის სააკაშვილის „პროპაგანდონები“. მათ მიერ ნათქვამი სიმართლეც კი, არის ნიღაბი და არა იმისთვის, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს. ტელევიზიას რეკლამა თუ შეუმცირდება, ეს გავლენას მოახდენს სიტყვის თავისუფლებაზეო, – არ ვეთანხმები. განსაკუთრებით მაშინ, როცა სასწორის მეორე პინაზე არის კოლოსალური ზიანი, რომელიც ერს ადგება. ახალგაზრდების 70% ლუდომანიაშია ჩართული. გოცირიძის ნაირი ადამიანი კი იტყვის, რომ ბიზნესის ეს სახეობა იატაკქვეშეთში გადავაო”, – აცხადებს პეტრე მამრაძე.

მისივე თქმით, ღარიბაშვილისთვის მარტივი არ იქნება იმ ადამიანების ჯგუფთან დაპირისპირება, ვისაც ხელში ყოველწლიურად 32 მლრდ ლარი აქვს. სად მათი ძალა და სად იმ ჩინოვნიკების, რომლებიც 15 მილიარდ ლარიან ბიუჯეტს განაგებენ.

“არავითარი ონლაინკრედიტები. კაზინოები უნდა არსებობდეს, მაგრა გარკვეულ სივრცეში. მოსახლეობა უნდა იყოს დაცული, ბიუჯეტში შემოსავალი შედიოდეს”, – აცხადებს მამრაძე.

ოპოზიციაში კი, ამბობენ, რომ 32 მლრდ სულაც არ არის ის თანხა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აქვთ და მათ წააგეს. აქ თამაშობენ სხვა ქვეყნების მოთამაშეები. ხელისუფლებას მოუნდა ამ ბიზნესიდან მეტი ფულის წამოღება. ეს ცვლილება გამოიწვევს იმას, რომ კომპანიები სხვა ქვეყანაში წავლენ, იქ დაიქირავებენ თანამშრომლებს, საქართველოს ბიუჯეტი კი, შემოსავალს დაკარგავს.

აზარტულ თამაშებში ამ დროისთვის, საქართველოს 800 000 მოქალაქეზე მეტია ჩართული.

შორენა პაპაშვილი