ერევანში, მაშტოცის პროსპექტზე მდებარე „სამთავრობო სასტუმრო სახლის“ ქვის მაღალ გალავანზე (ავტორი მარკ გრიგორიანი) სომხური ანბანია მოსახული. თითო ჩარჩოში ანბანის თითო ასო-ბგერაა ჩახატული. 15 იანვარს პორტალ ImYerevan ურბანული ინკუბატორ “ერევანი 2.0”-ის ფარგლებში პროექტი “სომხური ანბანის აღლუმი” (Eternal Alphabet) გაიხსნა.

9უსახური და ხავსიანი კედლის არტ-ობიექტად გადაქცევის იდეა პორტალ ImYerevan-ის ხელმძღვანელსა და მენეჯერს, ინკუბატორ “ერევანი 2.0”-ის განვითარების საკითხებში, გაიანე მანუკიანს ეკუთვნის. ერევნის უსახური ადგილების კრეატიულ კულტურულ ზონად გადაქცევით, პროექტის მონაწილეებს სურთ ერევნელებმა ახლებურად შეხედონ თავიანთ ქალაქს და თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში. ინკუბატორი ურბანულ პროექტებს რამდენიმე – კულტურული, საგანმანათლებლო და ინოვაციური მიმართულებით ახორციელებს და ქალაქის გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

გაიანე მანუკიანი
გაიანე მანუკიანი

“ამ პროექტთან ერთად, წლეულს კიდევ ერთი – “1000 და ერთი ლუქი”-ს სახელწოდების ღონისძიების პილოტირებული ვერსია იგეგმება. იდეა “თემატური” ლუქების დამონტაჟებას გულისხმობს და ამ მხრივ, ერთ-ერთი პირველი უკვე გაზაფხულზე ოპერის თეატრის შენობასთან გაჩნდება. მსოფლიოს ბევრ ქალაქში ლუქები ქალაქის ლანდშაფტის ბრწყინვალე დეტალია, ჩვენთან კი თავისუფლად შეგვიძლია მათ ლამაზი ვუწოდოთ. ასევე იგეგმება IT-პროექტის Yerevan Guide -ის განხორციელება; ბოლოსდაბოლოს ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის ერევანს საკუთარი გიდი ეყოლება. ბევრ სხვა პროექტზეც ვმუშაობთ, რომლებსაც, ვიმედოვნებ, ერევნელები მალე იხილავენ და შეაფასებენ“,- განაცხადა გაიანე მანუკიანმა Dalma News-სთან საუბარში.

405 წელს მესროპ მაშტოცის მიერ შექმნილმა ანბანმა სომხების ეროვნული იდეოლოგიის ფორმირებასა და საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებას შეუწყო ხელი.

“სომხური ანბანის გამოკვეთა გადაგვაწყვეტინა კედელზე არსებული ჩარჩოების სიმრავლემ და მატენდარის უძველესი ხელნაწერების საცავთან ახლოს მდებარეობამ, კერძოდ, მაშტოცის პროსპექტთან სიახლოვემ. სხვა თავისუფალი ადგილი რომ გვენახა, დარწმუნებული ვარ, სულ სხვაგვარი იქნებოდა”, – ამბობს პროექტის დიზაინერი, გრაფიკოსი ვაან ბალასანიანი.

“სომხური ანბანის აღლუმი”- ეს არის კლასიკური სომხური ორნამენტებითა და თანამედროვე სტილით შესრულებული 36 ასო-ბგერა. ვაანის თქმით, ეს არის არტ-ინსტალაცია, რომლის შინაარსიც, ისევე, როგორც ნებისმიერი ხელოვნების ნიმუშის, ყურადღებას ამახვილებს პრობლემაზე. ამ შემთხვევაში პრობლემა ის არის, რომ სომხეთში კალიგრაფიის ხელოვნება დავიწყებას მიეცა და სომხურ ანბანს ყურადღება აღარ ექცევა.

ვაან ბალასანიანი
ვაან ბალასანიანი

“ამას, როგორც პროფესიონალი მხატვარ-კალიგრაფი ვამბობ. დღეს ასო-ბგერებთან დამოკიდებულების ხელოვნება მივიწყებულია. არსებობს მხოლოდ ასო-ბგერებთან მუშაობისა და მათი წარდგენის აბსოლუტურად გაუხეშებული სტერეოტიპები. ინსტალიაციის მიზანია ვაჩვენოთ, რომ კალიგრაფია – ხელოვნებაა და ისევე უნდა განვითარდეს, როგორც ხელოვნების სხვა დარგები. სინამდვილეში კი, პირიქით ხდება. კარგმა ნამუშევარმა ხელოვნებაში დისკუსია უნდა გამოიწვიოს. სწორედ მისი მეშვეობითა და წყალობით უნდა გაჩნდეს პროგრესის გაგება.

რამდენიმე დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი ხალხის რეაქციას: ზოგს მოსწონს, ზოგს- არა. ადამიანებს შორის კამათის დროს იბადება საკითხისადმი დამოკიდებულება: ღირს თუ არა საერთოდ სომხური ანბანის განვითარება, ან ასობით წლების განმავლობაში დამკვიდრებული პოზიციების გადახედვა, თუ ყველაფრი ისე უნდა დარჩეს, როგორც არის?”, – განაცხადა ვაანმა და დასძინა, რომ, როდესაც პრობლემაზე არ საუბრობენ, ის თავისთავად არ გვარდება.

მისი აზრით, დღესდღეისობით სომხური ასო-ბგერები არ ვითარდება, ასევე არ ვითარდება კალიგრაფიის სომხური სკოლა და კომპიუტერული და ელექტრონული შრიფტების შექმნის სკოლა.

შრიფტის ხელოვნების განვითარების ტემპებს თუ შევადარებთ, სომხეთში, ყაზახეთში, უკრაინასა და რუსეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ადვილი შესამჩნევია რამდენად ჩამოვრჩით. “სირცხვილია. მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ანბანი ძალზედ ჩამორჩენილია…!”

ასო-ბგერების ორნამენტებიან კომპოზიციაში გამოყენებულია ორი სახის მასალა: ფოლადი და სპილენძი. როგორც ვაანი განმარტავს, მთელი ეფექტი იმაში მდგომარეობს, რომ ქალაქის ძალზედ აგრესიული ჰავის გავლენით ლითონი ადვილად ჟანგდება და სპილენძის ფონზე “გამოფიტულივით” გამოიყურება. დროთა განმავლობაში ფოლადი გამუქდება და სიძველის ილუზიას შექმნის. რაც შეეხება ორნამენტს, ეს სომხური ხელნაწერის – “ტრჩნატარიმი”-ს (ასო-ბგერები ადრე ფრინველებისა და სხვა ცხოველების სახით იხატებოდა) გარკვეული თანამედროვე ინტერპრეტაციაა.

ქალქის ცენტრში დამონტაჟებულმა არტ-ობიექტებმა ფართო საზოგადოებრივი გამოხმაურება მოიპოვეს. მოეწყო საჯარო განხილვები, რომელშიც ერევნელი არქიტექტორები, ისტორიკოსები, ჟურნალისტები, კალიგრაფისტები და ერევნის მთავარი დიზაინერი მონაწილეობდნენ. ქალაქის კედლის ასე “რადიკალური” სახეცვლილების საჭიროების საკითხი, ონლაინ და ქუჩის გამოკითხვებზე დაყრდნობით განიხილეს. საბოლოო ჯამში, უკმაყოფილო მოქალქეების ხმები აღნიშნული იდეით აღფრთოვანებულმი ენთუზიასტების მეგობრულმა გუნდმა ჩაძირა.

თუმცა არსებობს ერთი ნიუანსი. ორგანიზატორების თქმით, “ასო-ბგერით” ინსტალაციას კედელზე მუდმივად არ დაუდია ბინა. დაახლოებით 6 თვეში მას სხვა ადგილზე გადაიტანენ, თუმცა ჯერ გაურკვეველია სად? ამის შემდეგ კედელს უწინდებური სახე მაინც არ დაუბრუნდება. იგი ღია არტ-გალერეად გადაიქცევა. სავსებით შესაძლებელია ანბანის ასო-ბგერების შემდეგ, იგი სომეხი მეფეების გამოსახულებებმა დაამშვენონ.

თითოეული ბგერის სპონსორი სხვადასხვა ადამიანი და კომპანიაა. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბიზნესმენსა და მეცენატს გორ ნახაპეტიანს, ხოლო პროექტი სომხეთის პირველი ლედის რიტა სარგსიანის პატრონაჟითა და ქალაქ ერევნის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

პროგრამა “ერევანი 2.0”-ის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს შორის, განსაკუთრებული ადგილი ნარდამის (სომხური დრამის) ძეგლსა და ქალაქის მოხატულ თაღებს (დალანებს) უკავიათ. სხვათაშორის, პროექტის ფარგლებში, ფილმ “მერ ბაკ”-ის (“ჩვენი ეზო”) გადაღებებისთვის, მხოლოდ სამი თაღი მოიხატა, დანარჩენის მოხატვის უფლება კი მერიამ ქალაქის მცხოვრებლებს მისცა.

სწორედ ასეთი პროექტების წყალობით ქალაქი ახლებურად სუნთქავს, ერევნელებს აიძულებს მას სხვაგვარად შეხედონ, ხოლო დედაქალაქის სტუმრებს – ახლებურად გაოცდნენ. თუმცა, ასევე უნდა გვესმოდეს, რომ შესაცვლელია არა მხოლოდ ერევნის სახე, არამედ თავად მოქალაქეების დამოკიდებულება. ვიმედოვნებთ, რომ არქიტექტორ ა.ტამანიანის მიერ შექმნილი “ვარდების ქალაქი”, მალე ახალი ფერებით შეიმოსება და არა მხოლოდ გარეგნულად.

მოამზადა არმინე აგარონიანმა

Lina Levine-ის ფოტოები