ხანგრძლივი არჩევნები დასრულდა და საქართველოში პურზე ფასმა მოიმატა. პურისა და პურპროდუქტების გაძვირება, ყოველი მორიგი არჩევნების თანმდევი პროცესია. პური ყოველწლიურად ძვირდება და აღარ იაფდება მაშინაც კი, თუ მსოფლიო ბაზარზე ფქვილისა და ხორბლის ფასები იკლებს. პური საქართველოში ყველაზე პოპულარული და აქტიურად გაყიდვადი პროდუქტია. კვების რაციონი პურის გარეშე და შეზღუდული რაოდენობით აქ წარმოუდგენელია. პური ძვირდება და პარალელურად წონაში იკლებს. როგორც მეპურეები ამბობენ, პურზე ფასების მომატების საჭიროება ჯერ კიდევ არჩევნებამდე არსებობდა, მაგრამ ქვეყანაში პოლიტიკურად დაძაბული ვითარების გამო, პურზე ფასების მომატებით მოსახლეობის გაღიზიანებას ერიდებოდნენ. საარჩევნო ციებ-ცხელება დასრულდა და დეკემბრის ცივი დღეებში მომხმარებელი პურის გაძვირებამ “გაათბო”.

მალხაზ დოლიძე

პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე პურზე ფასების მომატებას, მსოფლიო ბაზარზე ფქვილის გაძვირებას უკავშირებს. მისი თქმით, უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ერთი ტომარა ფქვილი მთელი 10 ლარით გაძვირდა.​ თუ მანამდე 37 ლარი ღირდა, დღეს ის 46-47 ლარად იყიდება. ეს კი, დოლიძის თქმით, მეპურისთვის კრიტიკული ზღვარია და პურის თვითღირებულებაში ვერ ჩაეტევიან. ამას ემატება პურის შეფუთვაზე ახალი რეგულაციები. კერძოდ, პური ქაღალდის პარკში უნდა იდოს. საბოლოო ჯამში, პურზე ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა.

პურის მწარმოებელ კომპანია “იფქლში” ამბობენ, რომ მიმდინარე წლის 10 დეკემბრიდან, “იფქლის” დასახელების პურეული, საქართველოს მაღაზიებში შეცვლილი ღირებულებით გაიყიდება და 10 თეთრით ძვირი ეღირება. კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს ფასის ის მინიმალური კორექტირებაა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს ხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად.

“ვიმედოვნებ, ჯანსაღი კონკურენცია ფასებს დაარეგულირებს და მწარმოებლების ნაწილმა  პური 5 -7 თეთრით გააიაფოს. ამას უკვე კონკურენცია გამოაჩენს, იმიტომ, რომ კონკურენცია მაღალია და ეს პურის ფასზე გავლენას იქონიებს”, – აცხადებს მალხაზ დოლიძე.

ფქვილის გაძვირებას იგი, ხორბლის იმპორტთან დაკავშირებულ ცვლილებებსაც უკავშირებს, რაც საქართველოში ხორბლისა და ხორბლის ფქვილის ექსპორტ-იმპორტის მხოლოდ რკინიგზით განხორციელებას გულისხმობდა. ამ ლოგიკით პურზე ფასის მომატებას ჯერ კიდევ შემოდგომით უნდა დაწყებულიყო.

პაატა ცაგარეიშვილი

როგორც Dalma News-ს არასამთავრობო ორგანიზაცია “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელმა, პაატა ცაგარეიშვილმა განუცხადა, ხორბლის გადაზიდვა ისევ საავტომობილო ტრანსპორტით ხორციელდება. თუმცა, არსებობს ზამთრის პერიოდი, როცა კლიმატის  გაუარესების გამო, შესაძლებელია ხორბლის ტრანსპორტირება რკინიგზით განხორციელდეს. წელიწადის ამ დროს, ლარსის გასასვლელი  დიდი ხნით იკეტება და  ინტერვალებით იღება. იმპორტიორები ვერ დაუცდიან იმას, თუ როდის გაიღება ლარსის გასასვლელი, შესაბამისად ისინი ამჯობინებენ დაუბრკოლებლად შეიტანონ ხორბალი ნავსადგურით და შემდეგ რკინიგზით როგორც საქართველოში, ისე სომხეთში.

“დიდად სავარაუდოა, რომ ეს გამოიწვევდა ზედმეტ სატრანსპორტო ხარჯებს, ის კი აისახებოდა ხორბლის საერთო ღირებულებაში, და ეს ზედნადები ხარჯი გამოიწვევდა გაძვირებას”, – აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.

პურის ფასის მატებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და განმარტა, რომ მთავრობა, პურის ფასს არ არეგულირებს, ის კომერციულად ფორმირებადია. ამდენად, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის აწევა, ქართული პურის ფასზეც მოქმედებს.

“მთავრობა, პურის ფასს არ არეგულირებს. ჩვენ მაინც ყურადღებით ვუყურებთ ამ საკითხს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რაღაც არაკონკურენტული გარიგება არ არის”,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია, პურის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს. მათ შორის, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, ხორბლისა და ფქვილის  ფასების მსოფლიო ბაზარზე გაზრდას და ქვეყანაში არსებულ საარჩევნო პერიოდს. პურის ფასის დაახლოებით ნახევარი შედგება ფქვილის ფასისგან, დანარჩენი მეორე ნახევარი არის სამუშაო ძალის, ტრანსპორტირებისა და წარმოების ხარჯი. ციფრებში დათვლილი მტკიცებულება, რამდენად არსებობს პურის გაძვირების ობიექტური მიზეზი, მისთვის უცნობია, მაგრამ მიაჩნია, რომ სახელმწიფო ვერ დააწესებს პურის ფასს. საბაზრო ეკონომიკის პირობებში პურზე ფასი ყალიბდება მასზე მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე.

Вахтанг Чарая

“იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა გადაწყვეტს, რომ პურზე ფასი ზედმეტად მაღალია, შესაძლოა ამაზე პასუხი იყოს პურის მოხმარების შემცირება. არა საკვებზე უარის თქმით, არამედ პური ჩავანაცვლოთ სხვა პროდუქტით. მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა, სადაც პური არ არის იმ შინაარსის მატარებელი, როგორც საქართველოში. ჩვენთან მიჩნეულია, რომ კვების რაციონის დიდი ნაწილი პურზე უნდა მოდიოდეს. განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან ოჯახებში. შეიძლება ეს იმით იყოს გამართლებული და ლოგიკური, რომ პურით თავის გატანა უფრო იაფი ჯდება”, – აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

Dalma News-ის კითხვაზე, უნდა იყენებდეს თუ არა მთავრობა გარკვეულ ბერკეტებს პურის სფეროში ფასების დასარეგულირებლად, ექსპერტი ამბობს, რომ სახელმწიფო აქვს სხვადასხვა ბერკეტები, რომლების მიმართული უნდა იყოს წარმოების ხელშეწყობისკენ. კერძოდ, საბაჟოზე  ხორბლის გამოტარება ძალიან დიდ ხარჯს უკავშირდება. ასევე, პურის გამოსაცხობად იყენებენ ელექტროენერგიას ან გაზს, რომელიც შესაძლებელია შეღავათიანი პირობით მიეწოდოს კომპანიებს. ასევე, მეპურეები იხდიან გადასახადებს, რომელიც შეიძლება გარკვეულწილად შეუმსუბუქდეთ.

“მთავრობას გააჩნია უამრავი მექანიზმი, რომ ამაზე გავლენა იქონიოს. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ პური ძალიან მნიშვნელოვანია, ხვალ შეიძლება იყოს კარტოფილი, ღვინო და ა.შ. საბოლოო ჯამში მთავრობის ჩარევით უფრო გაფუჭება მდგომარეობა, ვიდრე უკეთესობისკენ შეიცვლება. მთავრობას შეუძლია სუბსიდია გასწიოს, როგორც ეს ყურძნის ჩაბარების შემთხვევაში იყო, მაგალითად 10 თეთრის სუბსიდია ყოველ შეძენილ პურზე. მაგრამ, საქართველოს ბიუჯეტი დღეს, ისედაც ზედმეტად სოციალურად ორიენტირებულია და მასზე იმდენი ტვირთია, რასაც ის უკვე ფიზიკურად ვეღარ აუდის”, – აცხადებს ექსპერტი.

მისი აზრით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი 100%-ით სოციალურ პროგრამებზეა ორიენტირებული, მომავალზე ფულს ვერ დახარჯავს, რაც ქვეყანას უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობას მისცემდა. საქართველოს მოსახლეობას სურს მიიღოს გაზრდილი პენსია, ხელფასი და სოციალური დახმარება, პოლიტიკური პარტიებიც ამგვარი დაპირებების გაცემაზე არიან ორიენტირებულნი.

ვახტანგ ჭარაიას 30-40 წლის წინანდელი ინდოეთისა და ჩინეთის მაგალითი მოჰყავს, როცა ინდოეთმა გადაწყვიტა, რომ მისი ბიუჯეტი უფრო სოციალურად ორიენტირებული ყოფილიყო, მეტი სოციალური ტვირთი აეკიდა ბიუჯეტისთვის, მაშინ როცა იმავე პერიოდში ჩინეთმა გადაწყვიტა, რომ გრძელვადიან განვითარებაში მეტი ფული ჩაედო და სოციალური ხარჯები შეემცირებინა. შედეგად ჩინეთმა მიაღწია სოციალურ ზრდას, განვითარდა და ახლა უფრო მეტი ფული აქვს და ერთ ადამიანზე, რამდენჯერმე მეტ ფულს ხარჯავს სოციალური კუთხით, ვიდრე ინდოეთი.

ექსპერტების აზრით, პურის ფასის გაზრდის გამო მთავრობაზე განაწყენება არასწორია.

“მთავრობას შესაძლოა მოსთხოვო უკეთესი ბიზნესგარემოს შექმნა, უკეთესი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება, ასევე, უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს ადამიანებს ბიზნესის წამოწყებისთვის. დანარჩენი არის მეპურეებისა და კლიენტის საქმე. უნდა იცოდეს მეპურემ, რომ თუ ის სისტემატურად გაზრდის ფასს, მას გაყიდვები შეუმცირდება და დაზარალდება. ერთი სიტყვით, მთავრობას უნდა მოეთხოვოს სამუშაო ადგილების გაზრდაში მონაწილეობა და ბიუჯეტი ისე დაგეგმოს, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეთ მოქალაქეებს”.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში, უმოკლეს ვადებში, ძირეულად შეისწავლის ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებას და დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელებს მონიტორინგს.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიზანია, შესაბამის ბაზრებზე, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ფორმირება, არსებული სიტუაციის დროული შეფასება და სიღრმისეული კვლევა-ანალიზი.

შორენა პაპაშვილი