Георгий Данелия

წავიდა. ჩუმად და მოკრძალებულად. ზუსტად ისე, როგორც ცხოვრობდა. ეს, მისი ფილმები ახდენდნენ აფეთქებული ბომბის ეფექტს. თავად კი, საკუთარი პიროვნებისადმი ყურადღების მიპყრობა არ უყვარდა. იგი უკვე დიდი ხანია ფილმებს აღარ იღებდა. ძირითადად წერდა. მისი ბოლო წიგნის სათაურია “კატა წავიდა, მაგრამ ღიმილი დარჩა”. ჩვენთვის, ვინც მის ფილმებზე გავიზარდეთ და ზეპირადაც კი ვიცით, საკმარისი იყო იმის ცოდნა, რომ ის სადღაც აქ, ჩვენთან ახლოს იყო…

ერთი მხრივ, თითქოს გესმის ბუნების კანონზომიერება – ადამიანები ცხოვრობენ ხანგრძლივად და მშვენივრად, შემდეგ კი მიდიან. მეორე მხრივ, დანაკლისს ვერ ურიგდები და მასზე წარსულ დროში ლაპარაკი არ შეგიძლია. გიორგი დანელია თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში შემოვიდა, თანაც ბავშვობიდან და მისი შემოქმედება მთელი ცხოვრება მოგვყვება. დანელია – ეს არის ჩვენი დნმ -ი, ხარისხის კრებული, რომელიც ადამიანურ ყოფას განსაზღვრავს.

ნიჭის ენა და მისი ძალა

იგი მოსკოვში დაბადებიდან ერთ წელიწადში აღმოჩნდა, თუმცა ყოველთვის ქართველად რჩებოდა. რომ არ გადაეღო ყველასთვის საყვარელი ფილმი „მიმინო“, საბჭოთა კავშირში ვერავინ გაიცნობდა საქართველოს იმ კუთხით, რომელი კუთხითაც მასზე გია დანელია ყვებოდა. მხოლოდ ამ გენიალური კომედიის შექმნის შემდეგ შეიტყო მსოფლიომ, რომ ყოველ კავკასიელ მამაკაცს „ლარისა ივანოვნა უნდა“ და ეს ნორმალურია. კიდევ ის, რომ ქართველსა და სომეხს შორის ყოველთვის არსებობს დავა იმის შესახებ, თუ რომელი უფრო მაგარია და ასევე, იმის შესახებაც, რომ ქართველი მამაკაცი ქალის შეურაცხყოფისთვის ნებისმიერს მოუგრეხს კისერს და სხვადასხვა… თუმცა ფილმი ადამიანებს შორის მეგობრობაზე და იმაზეა, თუ რა ადგილი უკავია ცხოვრებაში ადამიანს, ეს კი ცხოვრების საერთო ნაციონალური და მარადიული ფასეულობებია.

ვახტანგ კიკაბიძე, გიორგი დანელია და ფრუნზიკ მკრტიჩიანი

თავის ფილმებში დანელია ძალიან რთულ საკითხებზე ყველასთვის გასაგებ ენაზე საუბრობდა. სწორედ ამაში მდგომარეობდა რეჟისორის გენიალურობა. ფილმის სიუჟეტში, თავის საფირმო და შეუდარებელ ირონიას აქსოვდა. ადამიანს ადამიანური არასრულყოფილება დაანახო და აიძულო თავის თავზე გაიცინოს, უდიდესი ძალაა. ყოველდღიურ ყოფაზე და პერსონაჟებზე გაცინება, როგორც ამას დანელია აკეთებდა, მხოლოდ მას – აბსოლუტური იუმორის მქონე ადამიანს შეეძლო.

“მე ყოველთვის ვიცავ ჩემს გმირებს. ისინი ყველანი არასრულყოფილები არიან და დიდ სისულელეებს სჩადიან, როგორიც არის მაგალითად აფონია, ან მიმინო. მაგრამ მათ არასდროს გადაულახავთ ის ზღვარი, რომლის იქითაც ადამიანი უკვე საძულველი ხდება”, – ამბობდა გიორგი დანელია თავისი ფილმის გმირებზე.

ვის ანდობდა დანელია თავის ფილმს გადასაღებად…

ახალგაზრდა კინორეჟისორი ედუარდ ოგანესიანი თბილისში გავიცანი, სადაც იგი თავისი ფილმის გადასაღებად იყო ჩამოსული. გადაღებების დასრულების შემდეგ, ედუარდი მოსკოვში დაბრუნდა. დაახლოებით იგივე პერიოდში, მას გიორგი დანელიას დავალებით დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მან ედუარდის მოკლემეტრაჟიანი ფილმი «Азниф» ნახა და ძალიან მოეწონა. «Азниф»-ს ხშირად დანელიას ფილმებს ადარებდნენ. ახალგაზრდა კინორეჟისორის ფილმი დანელიამდე მისი მეგობრების წყალობით მივიდა. რაღაც დროის შემდეგ, ედუარდი დანელიას სახლში დაპატიჟეს.

ედუარდ ოგანესიანი

– ეს ჩემთვის შოკი იყო, – იხსენებს ედუარდ ოგანესიანი. – ვიცოდი ის პატარა კიოსკი, რომელიც მიწისქვეშ იყო და სადაც ყიდულობდა კონიაკს, როდესაც გია ყანჩელს ხვდებოდა. ვიცოდი, რომ მას ძალიან უყვარდა ქართული ყველი. მასთან სახლში მივედით, ერთ სავარძელზე თავად იჯდა, მეორეში კი მისი კატა, აფონია. ოთახი სავსე იყო წიგნებით. მაშინ დანელია მულტფილმ „ქინძა-ძა“-ზე მუშაობდა. მაგიდაზე ცხელი ხაჭაპურები ეწყო. დავსხედით და საუბარი დავიწყეთ. პირველი, რაც მან თქვა, იყო ის, რომ თუ ოდესმე ფილმის გადაღებას დაიწყებდა და მის დასრულებას ვეღარ მოესწრებოდა, ამ საქმეს მხოლოდ მე მანდობდა. მაშინ დავრწმუნდი, ჩვენი მონათესავე სულების არსებობაზე, რასაც ყოველთვის ვგრძნობდი. ვიცი, ამას ბევრი მის შემოქმედებაზე შეყვარებული გრძნობს, მაგრამ ახლა ვამბობ მხოლოდ ჩემსა და მას შორის კავშირზე. დანელია ყოველთვის იყო ჩემი საყვარელი რეჟისორი. ჩემთვის ყოველთვის, რაღაც საიდუმლო იყო ის, თუ როგორ შეეძლო ერთ რეჟისორს ასეთი სხვადასხვაგვარი ფილმების გადაღება.

“ჩვენ ვსაუბრობდით პროფესიაზე, – განაგრძობს ედუარდი,- ადამიანს სამი მამა უნდა ჰყავდეს: ბიოლოგიური, ნათლია და შემოქმედებითი. დანელია ჩემთვის სწორედ ასეთი შემოქმედებითი მამა იყო. ჩვენი საუბრების მთავარი თემა ყოველთვის კინო იყო. მე მხოლოდ ერთი, ტრაგიკომედიური ჟანრის მოყვარული ვარ, როდესაც სასაცილოც არის და სევდიანიც. სწორედ ასეთ ფილმებს იღებდა გიორგი დანელია. მხოლოდ მას შეეძლო ადამიანის სულში ღრმად შეღწევა და ამას შემოქმედებითად და კეთილად აკეთებდა. იგი ყოველთვის ამბობდა, რომ ყველაზე წინ კაცთმოყვარება უნდა იდგეს. ყველანაირი ადამიანი უნდა გიყვარდეს, თუნდაც ის ანტაგონისტი იყოს. თუ მის ფილმებზე ვისაუბრებთ, მის ფილმში ასეთები არ იყვნენ. მისი გმირები ზღვარზე იდგნენ და ეს ყველაზე საინტერესო მდგომარეობაა – შეგიძლია არჩევანი გააკეთო, საითკენ გააგრძელო სვლა. აი, ამის შესახებ ვსაუბრობდით სულ. იგი ამბობდა, რომ საბჭოთა კავშირში არსებული კრიტიკა დღევანდელისგან არც თუ ძალიან განსხვავდებოდა. უნდა იყო არა მხოლოდ რეჟისორი, არამედ სტრატეგოსიც და პროდიუსერიც. იგი ასევე ამბობდა, რომ ყველა ფილმი ისეთი არ გამოუვიდა, როგორიც უნდოდა, რადგანაც ხშირად არ აძლევდნენ ამის უფლებას.

“ვკითხე: სცენარის დონეზე, როგორ უნდა მიხვდე სწორია, თუ არა? მან კი მიპასუხა, რომ თუ გრძნობ, რომ ის შინაგან სიამოვნებას განიჭებს, მაშინ, ალბათ, სწორია და ეს მთავარი ნიშანია. მან მითხრა, რომ ხელოვნებაში ბევრი რამ ინსტიქტურია. ალბათ, სწორედ ეს არის მისი საიდუმლოც – უზომო სიყვარული ადამიანებისადმი და შემოქმედებით ალღო. კიდევ მივხვდი, რომ ის „ხულიგანია“ და რომ ამ სფეროში ხულიგნობა აუცილებელიც არის. გარდა ამისა, ის ხომ თბილისელი იყო, სხვაგვარად შეუძლებელიც იქნებოდა”, – ამბობს ედუარდი.

 გიორგი შენგელაია

ყველაზე სუფთა ფილმი და ყველაზე დიდი უსამართლობა

– გია ჩემზე უფროსი იყო. ჩვენ უკვე მიმავალ თაობას ვეკუთვნით”, – ამბობს ცნობილი ქართველი რეჟისორი და გია დანელიას მეგობარი, გიორგი შენგელაია, – ხელოვან ადამიანში პატივს ვცემ ინდივიდუალურ თვისებებს. გიაში ეს თვისებები იყო, ნაზი იუმორი და დიდი ნიჭი. იგი საოცრად ნიჭიერი ადამიანი იყო და ზოგჯერ მისი ქცევებით გაკვირვებული და გაოცებულები ვიყავით. გია განსაკუთრებულად თავისი განუმეორებელი იუმორის გამო უყვარდათ. ამბობდნენ, რომ მას ქართული იუმორი ჰქონდა. ჩემთვის, როგორც დრამატულ-ტრაგიკული ხასიათის რეჟისორისთვის, ეს თვისება უცხოა. ხელოვნება იმით არის განსაკუთრებული, რომ ყველაფერს გრძნობ და ყველაფერი გესმის. მე და გია ახლო მეგობრები და ნათესავები ვიყავით. ოდესღაც სიფიკო ჭიაურელზე ვიყავი დაქორწინებული, გია მისი დეიდაშვილია. ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს და ბევრს ვსაუბრობდით. მისი ყველა ფილმი მიყვარს, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებულია – “Я шагаю по Москве”. ალბათ იმიტომ, რომ ეს ძალიან სუფთა სურათია. ყველა ფილმი, რომლებიც მოგვიანებით გადაიღო საინტერესო, ღრმა და ირონიით სავსეა, მაგრამ ეს ფილმი ჩემთვის განსაკუთრებულია.

“ზოგადად, სიკვდილი უდიდესი უსამართლობაა. ცხოვრება ცუდად არის მოწყობილი, რადგანაც სწორედ იმ დროს, როდესაც ადამიანი სრულყოფილებას აღწევს, ის ტოვებს ცხოვრებას. შემოქმედი უნდა დაფიქრებულიყო იმაზე, რომ ნიჭიერ ადამიანებს მარადიულად ეცოცხლათ”, – ამბობს გეორგი შენგელაია.

დანელია ყოველთვის იყო, არის და იქნება. მისი ფიზიკური წასვლა, მხოლოდ სხვა განზომილებაში, ან სხვა მდგომარეობაში გადასვლაა. ალბათ, უფრო სწორი იქნება, თუ მასზე, როგორც მისი ერთ-ერთ ტრაგიკომიკურ მისტიფიკაციაზე ვიფიქრებთ, რომლის ბოლოსაც აუცილებლად გამოჩნდებოდა მთავარი გმირი და თვალის ჩაკვრით გვეტყოდა: „არ დაიდარდო, ჩვენ კვლავ შევხვდებით. სადღაც იქ, სხვა განზომილებაში. დიახ, სამწუხაროა, მაგრამ ხომ არ ფიქრობ, რომ ყველაფერი ამით მთავრდება…?”

 

ეკატერინე მინასიანი (თბილისი)