ანტალიაში ჩარჩენილი ქართველი ტურისტები სამშობლოში დღეს გამთენიისას, ჩარტერული რეისით ჩამოიყვანეს. სპეცრეისი მთავრობის გადაწყვეტილებით დაინიშნა. 47 ტურისტი საქართველოში გამომგზავრებას ორი დღის განმავლობაში ელოდა.

Dalma News -ი მანამდე წერდა, რომ ტურისტული კომპანია Alltours-ის მიერ თურქეთში, საკურორტო ქალაქ ანტალიაში დასასვენებლად გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეები უკან დაბრუნებას იმის გამო ვერ ახერხებდნენ, რომ კომპანიამ “აირზენას” არ გადაურიცხა თანხა და შესაბამისად თვითმფრინავიც არ გაფრინდა მათ წამოსაყვანად.
როგორც ქართველი ტურისტები ყვებიან, კომპანია “აირზენამ” მათ დროებით სასტუმროებში დაბინავებაზე არ იზრუნა და ეს თურქეთის მხარემ საკუთარი ხარჯით გააკეთა.

“არავის არაფერი უთქვამს და არ აუხსნია ჩვენთვის. ორი დღე ვიყავით ასეთ მდგომარეობბაში. ღამის 3 საათზე ავტობუსმა მოგვაკითხა და სასტუმროში დაგვაბინავეს. ჯერ გვეგონა “აირზენას” ხარჯით მოხდა ეს, მერე გავიგეთ, რომ თურქეთის მხარემ დაგვაბინავა თავისი ხარჯით”, – განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მგზავრმა.