Бидзина Иванишвили

ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველოში, პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს, მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ვრცელ სატელევიზიო ინტერვიუს იძლევა. ამჯერად, საქმე საპარლამენტო კრიზისს ეხება, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები კრიზისს არ აღიარებენ და გაერთიანებული ოპოზიციის ქუჩის აქციებს გამოხატვის თავისუფლებას უწოდებენ.

ოპოზიციის აქციების ფონზე, პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას, საპარლამენტო ოპოზიცია (“ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” სახით) კი ქუჩაში დგას პროპორციული არჩევნების მოთხოვნით. ანუ არჩევნების ის სისტემა სურთ, რომლითაც სანამ თავად იყვნენ ხელისუფალნი, ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს, მაგრამ არადა არ დათმეს.

“2010 წელს, მათი ბელადი იმ ენჯეოებთან ერთად გამოვიდა, რომლებიც სიტყვა-სიტყვით იმეორებენ “ნაციონალური მოძრაობის” მოსაზრებებს და კატეგორიულად განაცხადა, – მაჟორიტარულ სისტემას არ შეეხოთ, სხვაზე რაზეც გინდათ ვისაუბროთო! ეს ადამიანები დღეს, ჩვენგან ითხოვენ პასუხს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა თავის ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში.

ხოლო ბელადში ექსპრეზიდენტი სააკაშვილი იგულისხმა, რომელიც თბილისის ცენტრში მიმდინარე ოპოზიციის ქუჩის პროტესტს, უკრაინიდან ხელმძღვანელობს.

ივანიშვილს მიაჩნია, რომ ქუჩაში გამოსული “გაკოტრებული პოლიტიკოსებისთვის” პასუხი გასაცემი არ გვაქვს. საზოგადოება სხვა საკითხია. აღიარებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ბევრი დაპირება ვერ შეასრულა, მაგრამ ამისთვის არსებობს არჩევნები, სადაც ამომრჩეველს შეუძლია დასაჯოს ხელისუფლება.

Бидзина Иванишвили и Георгий Гахария

“მაგრამ ესენი ვინ არიან ქუჩაში რომ დგანან დღეს, შუბლის ძარღვი, რომ აქვთ გაწყვეტილი?! რა უფლებით ითხოვენ ჩვენგან რაღაცის შეცვლას?”, – აცხადებს ივანიშვილი.

მისივე თქმით, 2012 წელს, მას შემდეგ რაც “ქართულმა ოცნებამ” სააკაშვილის ხელისუფლება შეცვალა, პირველი რაც გააკეთა, დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა. 2017 წელს, პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობის წყალობით მიიღო, არც ერთი სადეპუტატო ხმა არ დახმარებიათ საპარლამენტო ოპოზიციიდან.

“2012 წელს პარლამენტი იყო კოალიციური. ვინც იყო თავმჯდომარე, თითი თითზე არ დაუდია, არც კი უფიქრია პროცედურის დაწყებაზე. მე მხარს ვუჭერდი პროპორციული სისტემის 2020 წლიდან შემოღებას. არაფერი გააკეთეს. სააკაშვილის კონსტიტუცია, ერთ კაცსა და ერთ პარტიაზე იყო მორგებული, დამახინჯებული. ჩვენ ტიპიურად ევროპული კონსტიტუცია მივიღეთ. მაშინაც ყველანი იყვნენ ერთის წინააღმდეგ. ვერავინ ვერ ამბობს რეალურ ნაკლს ჩვენს მიერ მიღებულ კონსტიტუციაზე. იმ ხალხმა, რომლებიც დღეს ერთად არიან შეყრილები, ბოიკოტი გამოუცხადეს ამ კონსტიტუციას. ფასი აქვს მაგათ ბოიკოტს დღეს? ელემენტარული ლოგიკა აქვთ დაკარგული. სამართლიანი არჩევნები გვინდაო. ამდენ ხალს სად იყვნენ? ეს კონსტიტუცია “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი ხმებით მიიღო მხოლოდ, არც ერთი ოპოზიციის ხმა არ დახმარებია”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 27 ნოემბრის სატელევიზიო ინტერვიუში.

ოპოზიციის კრიტიკაში, ბიძინა ივანიშვილი ენჯეოებსაც გადასწვდა და ის ორგანიზაციები გააკრიტიკა, რომლებიც ამერიკული ფულით ფინანსდებიან, მაგრამ აშშ-ს სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმეს აკეთებენ; ამერიკის სახელმწიფოს ინტერესებს აზარალებენ და ანტიამერიკულ პოლიტიკას ატარებენ. მისივე თქმით, “ქართული ოცნება” უფრთხილდება აშშ-სთან თანამშრომლობას და იცავს ამერიკულ ინტერესებს. “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი კი არ ადარდებს ვაშინგტონს. ამ ფონზე, ამერიკის სახელმწიფოს საპირისპიროს აკეთებენ ეს ენჯეოები.

“არ გამოვრიცხავ, საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს, ან სენატს, ან ორივეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ ასეთი სამწუხარო რეალობაა დღეს საქართველოში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

უცხოეთიდან დაფინანსებულ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას დიდი ხანია არ ემადლიერებიან ცალკეული პოლიტიკოსები თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ზოგისთვის, NDI-სა და IRI-ის მისამართით გამოთქმული ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა მისაღებია, ზოგი კი პრობლემას ამ ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში ხედავს. ეს ციფრები კი, ხშირად, ხელისუფლების გარდა ბევრ ოპოზიციურ პარტიას აბრაზებს. მაგალითად, IRI-ის ბოლო კვლევების თანახმად, მკვეთრად დაეცა “ქართული ოცნების” რეიტინგი, რითაც იმაზე მიანიშნებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება პირველ რიგში მმართველ პარტიას დააზარალებს.

როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, თავად მას პროპორციული სისტემა არ აშინებს და თავის გუნდს არწმუნებდა, რომ ამ პირობებშიც კი “ოცნება” ყოველგვარი ძალდატანების გარეშე 50-60%-იან მხარდაჭერას მიიღებდა.

Ирма Инашвили

პოლიტიკურ გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსში” მიაჩნია, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი, IRI-ის კვლევის გარეშეც არ ბრწყინავს იმგვარად, რომ 73 მაჟორიტარის მანდატი არ სჭირდებოდეთ. მეორე მხრივ, IRI-ის მაღალჩინოსნების მიმართ პრეტენზიები პატრიოტებსაც გააჩნიათ.

გია აბაშიძე

გარდა ამისა, ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ, IRI-ს თავმჯდომარის მოადგილე რენდი შენემანი “ნაციონალურ მოძრაობის” ლობირებაში ამხილა და ამ ორგანიზაციის კეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დააყენა.

მისივე თქმით, შვედური NDI-ის თუ ბრიტანული IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს, თავისი დონორები ჰყავს, იმ დონორებს აფინანსებენ პარლამენტები, ხელისუფლებები, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები. საჭიროა ხელისუფლება გააქიუტრდეს ამ მიმართულებით, რადგან ზოგი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები, უკვე პოლიტიკურ ლიდერებად გვევლინებიან.

“უკვე ათწლეულებია გამრუდებული რეალობის შექმნა გრძელდება. IRI-ის კვლევების შედეგები არჩევნების შედეგებს აცდენილია”, – აცხადებს გია აბაშიძე.

ამირან სალუქვაძის

ექსპერტ ამირან სალუქვაძის მოსაზრებით, ენჯეოების ნაწილი ტენდენციურები არიან, ამდენად გასაკვირი არ არის, რომ ქართული საზოგადოება მათ დიდ ნაწილს პოლიტიკურ პროცესებში გარკვეული მხარის სასარგებლოდ ჩართულად აღიქვამენ. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია “ნაცმოძრაობასთან” ორკესტრირებულია ხელისუფლების საწინააღმდეგოდ განცხადებებში, მათი კვლევები კი, ხშირად, აცდენილია რეალობას.

“როცა ქვეყანაში პიკს აღწევს პოლიტიკური დაძაბულობა, ქვეყნდება ადრე ჩატარებული კვლევები, რომელმაც თითქოს უნდა ასახოს პროპორციული არჩევნებისადმი ხალხის დამოკიდებულება. მაშინ, როცა, ქუჩაში, რომ გახვიდეთ და იკითხოთ, რა არის პროპორციული სისტემა, შესაძლოა, მოქალაქეების ძალიან მცირე ნაწილმა გიპასუხოთ კვალიფიციურად, ხოლო თუ ჰკითხავთ, რა რისკები შეიძლება მოიტანოს ამ სისტემამ? კიდევ უფრო ნაკლები ადამიანი გაგცემთ კვალიფიციურ პასუხს”, – განაცხადა Dalma News-თან საუბრისას ამირან სალუქვაძემ.

მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს, კონგრესი გავლენას მოახდენს ამ ინსტიტუტებზე და ის შეაჩერებს მათ საქმიანობას, ან რაიმე კორექტივებს შეიტანს. მან თქვა, რომ გაგზავნის წერილს და დააფიქსირებს, რომ ამ ორგანიზაციების დასკვნები და შეფასებები არ შეესაბამება საქართველოში არსებულ განწყობებს. მას არ უთქვამს, რაიმე ისეთ ზომებს მივიღებთ, რაც შეზღუდავს არასამთავრობოების საქმიანობასო.

“გარკვეული კრიტიკა არასამთავრობოებმაც უნდა მიიღონ. მათ თუ აქვთ ხელისუფლების კრიტიკის უფლება და ხელისუფლებამ ეს ნორმალურად უნდა აღიქვას, რატომ არ აქვთ ისეთივე უფლება პოლიტიკოსებს, სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლებს? სრულიად საქართველოს მოსახლეობამ მოისმინა, პარლამენტარმა ნიკანორ მელიამ, როგორ მიაყენა შეურაცხყოფა საპატრულოს უფროსს ვაჟა სირაძეს და მთლიანად სირაძეების გვარს, მაგრამ მედიამ ეს გაატარა. ველოდები, რომელიმე პროფილურ ენჯეოს თუ ექნება რეაქცია. – გვარს ამართლებო…. ეს რიგით მოქალაქეს რომ ეთქვა, რომელიმე პოლიტიკოსისთვის, ვინ აპატიებდა?”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

განსხვავებული პოზიცია აქვს პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს. იგი საქართველოში არასამთავრობო სექტორის მუშაობას ძირითადად ეფექტიანს უწოდებს და ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორის სიძლიერეზეა დამოკიდებული ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი. ენჯეოები ხელს უწყობენ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას და ა.შ.

ნიკა ჩიტაძე

მისივე თქმით, ივანიშვილის გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქციას ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგი წარმოადგენს, რათა კონკრეტულ სფეროში, იქნება ეს სასამართლო სისტემა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფერო თუ სხვა, მდგომარეობა გამოსწორდეს.

როგორც Dalma News-ს ნიკა ჩიტაძემ განუცხადა, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის ობიექტი ხშირად ხდება ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, რომელიც აქვეყნებს დოკუმენტებს სახელმწიფო თანხების გაფლანგვასთან, პრემიებისა თუ დანამატების გაცემასთან და ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მტკივნეულია ხელისუფლებისთვის, მაგრამ არის სიმართლე.

“სამწუხაროა ივანიშვილის მხრიდან მსგავსი განცხადებების მოსმენა, მაგრამ ამ ყველაფრის საფუძველი არის ის, რომ სულ ცოტა ხნის წინათ ივანიშვილი ჩვენს ქვეყანაში, ლამის ბელადად აღიქმებოდა. ივანიშვილი არის პროდუქტი იმისა, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კულტურა არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს”, – აცხადებს ექსპერტი.

მისივე თქმით, IRI-ისა და NDI-ის შეფასებისას საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან. მაგალითად, NDI-მ 2012 წელს გამოაქვეყნა კვლევა, სადაც “ქართული ოცნების” რეიტინგი განისაზღვრებოდა 63%-ით, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” – 13%-ით. მაშინ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ენდობოდნენ კვლევებს, დღეს კი მათ კვლევებს არ ენდობიან და ჰგონიათ, რომ თუ “ქართულ ოცნებას” 23%-იანი მხარდაჭერა აქვს, ეს NDI-ის და IRI-ის ბრალია და არა იმ ეკონომიკური პრობლემების რაც ქვეყანაში არსებობს.

Dalma News-ის კითხვაზე, ქვეყანაში არსებული პოლარიზებული და იმავდროულად პარტიული სიჭრელის ფონზე ნეიტრალურმა ამომრჩეველმა რა აქცენტები უნდა გაითვალისწინოს, პოლიტოლოგის მოსაზრებით, პირველ რიგში, ქვეყანაში უნდა დასრულდეს ბელადომანია, არც ივანიშვილთან და არც სააკაშვილთან არ უნდა იყოს გაიგივებული ქვეყნის მომავალი. მოქალაქეებმა ის კი არ უნდა იფიქრონ, რას მისცემთ მათ სახელმწიფო, არამედ თავად რას მისცემენ საქართველოს თავიანთი საქმიანობით. თავის დროზე პრეზიდენტმა კენედიმაც, ხომ ამ სიტყვებით მიმართა ამერიკელებს, – მარტო იმას არ უნდა ელოდოთ, რას მოგცემთ ამერიკა, იმსჯელეთ იმაზე, რას მისცემთ ამერიკასო.

შორენა პაპაშვილი