არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი” პროკურატურას მოუწოდებს საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია ახალი დეპარტამენტის მუშაობასთან დაკავშირებით და გააუმჯობესოს საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების სტანდარტები, რადგან მიაჩნიათ, რომ  მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობა ბევრ კითხვის ნიშნანს აჩენს.

როგორც Dalma News -ს “ადამიანის უფლებათა ცენტრში” განუცხადეს, ახალი დეპარტამენტიდან დღემდე ვერ მიიღეს ინფორმაცია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს დეპარტამენტის გამჭვირვალე და განჭვრეტად მუშაობასთან დაკავშირებით.

მათივე თქმით, საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია, რა კრიტერიუმების საფუძველზე ანიჭებს დეპარტამენტი კონკრეტულ საქმეებს პრიორიტეტს  გამოძიების დაწყების თვალსაზრისით და არის თუ არა ეს კრიტერიუმები წერილობითი ფორმით გაწერილი. ასევე,  დღემდე უცნობია დეპარტამენტის თანამშრომელთა შერჩევის კრიტერიუმები.

ადამიანის უფლებათა ცენტრში მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი ვერ პასუხობს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მინიმალურ სტანდარტებს, რაც სერიოზულ კითხვებს ბადებს მათ ეფექტიან მუშაობასთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი მიმდინარე წლის 13 თებერვალს შეიქმნა და მას სამართალწარმოებისას შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების, მათ შორის – წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის, ქონების იძულებით დათმობისა და სხვა იძულების ფაქტების გამოძიება ევალება