ბრიტანულმა გამოცემა Guardian-მა ქართველ დიზაინერ დემნა გვასალიას, მსოფლიოს ყველაზე ცხელი დიზაინერი უწოდა.

“რომ მიხვდე რა ქმნის დემნა გვასალიას ყველაზე აქტუალურ დიზაინერად პარიზში, პირველ რიგში ყველაფერი უნდა დაივიწყო პარიზის შესახებ”, – წერს გამოცემა.

ცნობილი ქართველი დიზაინერის შემოქმედება საინტერესო და მრავალმხრივია. მის მიერ შექმნილი სამოსი პრაქტიკული და ყოფითია. მისი კოლექციები პოლიტიკასა და ისტორიაზე თამამად საუბრობენ.

პარიზში, მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში დემნა გვასალიამ 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოადგინა. ის არის Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი და VETEMENTS-ის მთავარი დიზაინერი. აღსანიშნავია, რომ ესპანელი მოდის დიზაინერის, კრისტობალ ბალენსიაგას მიერ დაარსებულმა მოდის სახლმა, ქალების სამოსის სამყაროში მაღალი მოდისთვის დამახასიათებელი ფორმები შემოიტანა. კრისტიან დიორმა ბალენსიაგას “ოსტატთა ოსტატი” უწოდა. ამჟამად Balenciaga ეკუთვნის ფრანგულ კომპანია Kering-ს.

VETEMENTS-ის ბრენდის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორ დემნა გვასალიას უყვარს პროვოკაციები. ამჯერად მისი სურვილი იყო, მსოფლიო მოდის მოყვარული საზოგადოებისთვის საქართველოს ისტორია გაეცნო. დიზაინერი XX საუკუნის მძიმე 90-იანებ გამოვლილი თაობის წარმომადგენელია. კოლექცია, რომელიც საქართველოს იმ პერიოდს ეძღვნება, გვერდს ვერ აუვლიდა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს.

1981 წელს დაბადებულმა დემნა გვასალიამ, სამშობლო 20 წლის ასაკში დატოვა. ახალგაზრდობის წლები ეთნიკური კონფლიქტების, პოლიტიკური დაძაბულობისა და უპერსპექტივობის განცდის გამომწვევ გარემოში გაატარა. ამის მიუხედავად, შეძლო ესწავლა, არ დაეკარგა მიზნისკენ სწრაფვის სურვილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ატვერპენის სამეფო აკადემიაში, ხელოვნების ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, სწორედ იქიდან დაიწყო სულ სხვა სამყარო, მაგრამ შავი 90-იანები შემოქმედის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა. ამბობს, რომ მისი ოთხმოცდაათიანები სხვა იყო. ომის შემდგომ საქართველოში მეტი მილიტარიზმი იყო, მეტი შავი ფერი და მეტი დრამატიზმი, ვიდრე სხვაგან. მან, ახალგაზრდობაში განცდილი ტრავმა გონების ბნელ კუნჭულში კი არ მიაგდო, არამედ აღიარა, შემოქმედებად აქცია და რაღაც ახალი შექმნა.

მან თავისი საქართველო პოდიუმზე ასახა, როგორც რეჟისორმა ფილმი. წლების შემდეგ დაბრუნდა წარსულში და სცადა პოლიტიკის მოდის ენაზე გადათარგმნა. შემდეგ ეს ყველაფერი პოდიუმზე აისახა. როგორც თავად ავტორი განმარტავს, მოდელები ნიღბებში, ეს არის იდენტობა დაკარგული საზოგადოების სახე, როდესაც არ იცი, ვინ არის სინამდვილეში ესა თუ ის პიროვნება. ადამიანი იმალება ნიღბის უკან. თუმცა, დემნა გვასალიას განმარტებით, შავ ნიღბებს არაფერი აქვს საერთო ტერორიზმთან.

“მაგრამ ის, იმავე დროს, ერთგვარი სექსუალური ნიღაბიც არის, რომელსაც ადამიანები როლის შესრულებისას იყენებენ. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო კონცეფცია იყო. ჩემი აზრით, საქართველოში ბევრი თამაშობს ასეთი როლს. ეს ის საქართველოა, სადაც მე გავიზარდე და სადაც, ჩემი აზრით, სწორედ ამ როლის თამაშები აძლევს ფორმას ადამიანების მენტალობას. ამიტომ მომინდა ამის სწორედ, ასეთი, ფორმით წარმოჩენა. სწორედ ასე გაჩნდა ეს ნიღბები იდენტობის არქონას წარმოადგენდა”, – აცხადებს დემნა გვასალია.

დიზაინერმა გადაწყვიტა, რომ მისი კოლექცია ექსკლუზიურად ქართველ მოდელებს უნდა წარედგინათ. ამ მხრივაც განსაკუთრებული იყო ეს ჩვენება. ქართველების ციურიხში ნახვა კი მარტივი არ არის, იქ ბევრნი არ არიან. ამიტომ კასტინგი თბილისში ჩატარდა. დემნა გვასალიამ სამი დიზაინერი გამოგზავნა თბილისში ერთი კვირით.

“​​მათ უამრავი ადამიანი ნახეს და ბევრი ნივთიც ჩამოიტანეს – ქსოვილები, ტრადიციული დეტალები. კასტინგზე ბევრი ისეთი ახალგაზრდა ვნახეთ, ვისთანაც ჩემი თავის იდენტიფიცირება მოვახდინე, მათ შორის ვიზუალურადა, თუ როგორები იყვნენ, როგორ ლაპარაკობდნენ… ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ კოლექცია სწორედ მათ წარადგინეს”, – ამბობს დემნა გვასალია და დასძენს, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა და მსგავს კასტინგს მომავალშიც ჩაატარებს.

კოლექციაში მრავლად არის ქართული ანბანი. Vetements-ის ბრენდის სამოსზე იკითხება ქართული სიტყვები: “კმარა”, “უფალო შეგვიწყალენ”, “ტანსაცმელი” და სხვა. ზოგი მოდელი იმიტირებული სვირინგებით გაფორმებულ, კანისფერ კაპრონის მაისურებში გამოაწყო. როგორც ამბობენ, ეს იდეა ახალი არ არის. 20 წლის წინათ, ანალოგიური უკვე გააკეთეს. დამაფიქრებელი იყო თავად სვირინგების შინაარსი, ისინი ძალიან ჰგავს პატიმრის სვირინგებს. ამდენად, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს დეტალი, 90-იან წლების საქართველოში კრიმინალური სამყაროს გაბატონების კიდევ ერთი გამოძახილი იყო.

დღეს უკვე მსოფლიოში ცნობილი ქართველი დიზაინერი, ომში გაიზარდა. 12 წლის იყო, როდესაც მისმა ოჯახმა ყველაფერი დაკარგა და ცხოვრება ნულიდან დაიწყეს. დემნა გვასალიას აზრით, ასეთი ტრავმა სხვა ადამიანად გაქცევს, ცხოვრებაშიც უფრო სწრაფად მოძრაობ, რისკებზეც უფრო ადვილად მიდიხარ და გადაწყვეტილებებსაც მარტივად იღებ. გარისკა, როცა სტაბილური სამსახური, სადაც თავს კომფორტულად გრძნობდა მიატოვა და ბრმად დაიწყო ახალი საქმის კეთება. შექმნა Vetements-ი. იგი თავისი პროფესიით კმაყოფილია, თუმცა მიაჩნია, რომ მოდის სფეროში ბევრს დღემდე არ მოსწონს. მიზეზი უცნობია. რაც დაზუსტებით იცის, სამოსის შექმნაა და იცის, არსებობს ხალხი, ვისაც მის მიერ შექმნილი ტანსაცმელი უნდა და მოსწონს.

დემნას ერთადერთი შთაგონების წყარო იყო მისი ბებია. მოზარდობის ასაკში იძულებული იყო ხშირად შეეცვალა საცხოვრებელი გარემო მამამისის სამუშაოს გამო, საბოლოოდ აღმოჩნდა ლონდონში, შემდეგ კი გერმანიაში. თავისი სტილის საპოვნელად დემნას საკმაო დრო დასჭირდა. ანტვერპენის სამეფო აკადემიაში სწავლისას, რექტორმა ვალტერ ვან ბეირენდონკმა დემნას მამაკაცების სამოსის დიზაინერობა შესთავაზა.

გვასალია ბეირენდოკთან წელიწადნახევრის განმავლობაში მუშაობდა, ამის შემდეგ კი შექმნა ქალის სამოსის კოლექცია. პრეზენტაციის ნახვა, როგორც პირდაპირ, ასევე შოურუმში იყო შესაძლებელი, მაგრამ ტანსაცმლის ყიდვა შეუძლებელი იყო. ამ პროექტმა დემნას პარიზში Maison Margiela-ში დაუმკვიდრა ადგილი, საიდანაც დაიწყო მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში.

როგორც უცხოეთის პრესაში წერენ, დემნა გვასალიას პარიზი განსხვავებულია.

“არ მიმაჩნია, რომ ელეგანტურობა რელევანტურია. ვეტმონში ყველაფერი ქუჩასთან არის დაკავშირებული და არ ვფიქრობ, რომ ქუჩებში ელეგანტურობა არის ის, რისკენაც ადამიანები მიისწრაფვიან. ჩემი ხედვა პრაგმატულია. მოდის სამყარო არ არის რეალური და ჩემი ესთეტიკა ჰიპერრეალიზმს ჰგავს. არ ვარ დაინტერესებული სიზმარში ცხოვრებით, სიკვდილამდე მოწყენილი ვიქნებოდი ამით”, – ამბობს გვასალია.

ქართველი დიზაინერის ახალი გატაცება გულწრფელობაა. “ნახეთ, რა ხდება ჰოლივუდში”, – ამბობს ის. “შეხედეთ, რა ხდება ჩვენ გარშემო. უფრო გამჭირვალეები უნდა ვიყოთ”.

დემნა გვასალიას აზრით, ფული მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერს ხომ მარტო ხელოვნებისთვის არ აკეთებს. ეს არის პროდუქტია რომელიც სურს გაყიდოს. დიზაინერი ტექნოლოგიებითაც არის დაინტერესებული და მისი ახალი პროექტი სწორედ თანამედროვე სამყაროზე და ტექნოლოგიურ ცვლილებებზე იქნება მორგებული.

გიორგი ქართველი