შაგალის, ბრაკის, მიროს ნამუშევრებით მოხატული აბრეშუმის თავსაფრების კოლექცია ბათუმშია. ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, დღეს, 20:30 საათზე, “აბრეშუმის გზის” მხარდაჭერით, “მაგების ფონდის” გამოფენა მოეწყობა, რომელსაც ზღვისპირა ქალაქი “ჰით ბათუმი 2015”-ის ფარგლებში უმასპინძლებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება აბრეშუმის თავსაფრების კოლექცია, რომელზეც მე-20 საუკუნის ისეთი ცნობილი მხატვრების ექსკლუზიური ნამუშევრებია დატანილი, როგორებიც არიან შაგალი, ბრაკი, მირო და სხვა. უნიკალური ნამუშვრები საფრანგეთიდან შავიზღვისპირა ქალაქში ბენუა ფერომ ჩამოიტანა.- ამის შესახებ სააგენტო “პირველი” წერს.

“მაგების ფონდი” საფრანგეთში 60-იან წლებში მარგარეტ და ემე მაგების ოჯახში დაარსდა და დღემდე მათ გვარს ატარებს. ცნობილი მხატვრების ექსპოზიციების შეგროვებაც მათ დაიწყეს. მარგარეტ და ემე მაგებმა თავისდროზე მსოფლიოში აღიარებული ხელოვანები თავსაფრების ილუსტრაციების შესაქმნელად გააერთიანეს. ასე დაიწყო ამ შესანიშნავი კოლექციის ისტორია.

თავსაფრებზე დატანილი ნამუშევრები არ არის მათი უკვე არსებული ნახატების ანალოგი. ისინი თითეულ ნამუშევარს შარფისთვის ინდივიდუალურად და ექსკლუზიურად მისთვის ჰქმნიდნენ.
როგორც გამოფენის ორგანიზატორი, მხატვარი გელა წულაძე აცხადებს, მაგების კოლექციის საქართველოში ჩამოტანა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია ქართული თანამედროვე ხელოვნების სფეროში.

“ეს არის ჩემი ცხოვრების ნაწილი. 30 წლის შემდეგ მინდა ეს ყველაფერი ვანახო ბათუმელებს და მათ სტუმრებს. მეც მხატვარი და თანამედროვე ხელოვნების ამ ეპოქის ნაწილი ვარ. მაგების ფონდი მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული სახელოვნებო გააერთიანება არის, ერთ-ერთი საუკეთესო და მდიდარი კოლექციით. საფრანგეთიდან ნამუშევრები იშვიათად, თუმცა პერიოდულად მაინც გადის, ბათუმი მესამე ქალაქია, სადაც აბრეშუმის თავსაფრების სრული კოლექცია გამოიფინება,”- აცხადებს ხელოვანი.

მაგების ფონდის წარმომადგენელის ბენუა ფეროს ინფორმაციით, მაგების ოჯახმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ უამრავ ხელოვანს მისცა თავისუფალი სივრცე, როდესაც ხელოვანებს ძალიან უჭირდათ მაგები უანგაროდ აწყობნენ მათ გამოფენებს. დღეს ამ ოჯახს უკვე ყველა იცნობს. ” თავიდან მეგობარი ფერმწერები გაერთიანდნენ. ნელ-ნელა მათი რიცხვი გაიზარდა. ილუსტრაციები ორიგინალებია და რა თქმა უნდა ექსკლუზიური. ამ ნამუშევრებს ვერსად ნახავთ“, – აცხადებს ბენუა ფერო.

მისივე თქმით, მაგების ფონდი – ეს არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმი ბუნებაში, რომელშიც წარმოდგენილია, როგორც XX საუკუნის (Bonnard, Braque, Calder, Chagall, Chillida, Giacometti, Léger, Miró, Ubac…) ასევე თანამედროვე მხატვრების (Adami, Calzolari, Caro, Del Re, Dietman, Kelly, Mitchell, Monory, Oh Sufan, Takis, Tàpies…) ნამუშევრები. ყოველწლიურად ფონდს 200 000-ზე მეტი მნახველი სტუმრობს. ფონდის დაარსებიდან ასზე მეტი მონოგრაფიული და თემატური გამოფენა გაიმართა. მაგების ფონდის გამოფენა პერიოდულად საფრანგეთის გარეთ, სხვადასხვა ქვეყანაშიც ეწყობა.